Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში ბოლო არ უჩანს უთანხმოებას აბორტის საკითხზე


დღეს ვისაუბრებთ საკითხზე, რომელიც მწვავე დისკუსიებს

იწვევს აშშ-ში. საქმე არ ეხება ერაყის კრიზისს, რომლის სამხედრო ძალით გადაჭრას, როგორც ჩვენი რადიოს სამშაბათის გადაცემაში ითქვა, სულ უფრო ნაკლები ამერიკელი ემხრობა - საუბარი გვექნება ამერიკელების დამოკიდებულებაზე ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის, ანუ აბორტის მიმართ.

დღევანდელ თემად ამ საკითხის შერჩევის მიზეზი ერთი საიუბილეო თარიღი გახდა – გასულ კვირაში 30 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც აშშ-ში კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებად იქნა აღიარებული ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა: ქვეყნის უზენაესი სასამართლოს მიერ 1973 წლის 22 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით, აბორტის ამკრძალავი კანონები ხელყოფს ქალის, როგორც კერძო პირის უფლებას, თავად, ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე გამოიტანოს დასკვნა, მიზანშეწონილია თუ არა ორსულობის შეწყვეტა.

მას შემდეგ კანონში რამდენიმე ცვლილება შეიტანეს: გაუქმდა არაერთი შეზღუდვა, მათ შორის მოთხოვნა, რომ აბორტზე თანახმა უნდა ყოფილიყვნენ ქალის ოჯახის წევრებიც – მშობლები თუ ქმარი. მეორე მხრივ, ძალაში დარჩა აბორტის ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსების შეზღუდვა და ზოგიერთ შტატში დამკვიდრდა აკრძალვა, რომელიც ეხება ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტას სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საავადმყოფოებში, ან ასეთი საავადმყოფოების მედ-პერსონალის მონაწილეობით.

მოკლედ, გასული 30 წლის მანძილზე, სასამართლოების გადაწყვეტილებები ხან განამტკიცებდა, ხან კი პირიქით, ასუსტებდა აბორტის გაკეთების უფლებას და ეს შემთხვევითი არ არის: შეერთებულ შტატებში ძნელად თუ მოიძებნება საკითხი, რომლისადმი დამოკიდებულება ისეთი მწვავე უთანხმოების საგანი იყოს, როგორც ეს აბორტის შემთხვევაში შეინიშნება.

საზოგადოების არც თუ უმნიშვნელო ნაწილი გადაჭრით გმობს ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტას. მათი რწმენით, აბორტი, უბრალოდ, მკვლელობაა, რომლის აღსაკვეთად ყველა ზომას უნდა მიმართო – იქნება ეს დემონსტრაციები ლოზუნგებით “შეწყვიტეთ უმანკოთა ჟლეტა!”, თუ პიკეტები, რათა საავადმყოფოებში ორსული ქალები არ შეუშვან. აბორტის რადიკალურმა მოწინააღმდეგეებმა რამდენჯერმე კინაღამ თვითონ ჩაიდინეს მკვლელობა, როცა თავს დაესხნენ გინეკოლოგებსა და მედდებს და მათ სამუშაო ადგილზე აფეთქების მოწყობა სცადეს...

ფრონტის მეორე მხარეს აბორტის ასევე კატეგორიული მომხრეები დგანან: ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლებას არა აქვს უფლება, ქალს აართვას თავისივე სხეულის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება, რომ აბორტის გაუქმება ქალთა საუკუნოვანი ჩაგვრის სამარცხვინო ეტაპზე დაბრუნება იქნებოდა.

ასე რომ, ორივე მხარე მეტად ემოციურად ასაბუთებს თავისი პოზიციის სისწორეს და, როგორც ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ალან ლიხტმენი განმარტავს, ორივე მხარე არგუმენტად იშველიებს ამერიკული საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანეს პრინციპებს: [ლიხტმენის ხმა] “აბორტის საკითხში ერთმანეთს უპირისპირდება ფუნდამენტური მნიშვნელობის ორი ტრადიცია. ერთი მხრივ, ამერიკა არის მრავალფეროვანი ქვეყანა, რომელიც ტოლერანტულად ეკიდება ნებისმიერი ტრადიციის მიმდევარ ადამიანებს, ყველას უზრუნველყოფს საკუთარი შეხედულებისამებრ ცხოვრების უფლებით. მაგრამ არის საკვანძო მნიშვნელობის კიდევ ერთი ტრადიცია: ამერიკა, როგორც ქრისტიანული სახელმწიფო, დაფუძნებულ იქნა ქრისტიანულ ფასეულობებსა და ცხოვრების წესზე.”

ამ შეფასებას იზიარებს ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი ლერი საბატოც. აი, რა თქვა მან ჩვენს კოლეგა ენდრიუ ტალისთან საუბარში:[საბატოს ხმა] “ამერიკა უაღრესად რელიგიური ქვეყანაა, გაცილებით უფრო რელიგიური, ვიდრე ევროპისა და აზიის ბევრი სახელმწიფო. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამერიკული ცხოვრების წესის რელიგიურობა განაპირობებს აბორტისადმი განუზომელ ყურადღებას და მასთან დაკავშირებული დებატების ხანგრძლივობას”.

დებატები არც ქვეყნის ორ წამყვან პოლიტიკურ პარტიაში წყდება – რესპუბლიკელები, რომელთაც ამჟამად, როგორც ცნობილია, პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ხელმძღვანელობს, აბორტის მოწინააღმდეგეებად ითვლებიან, მაშინ როცა ოპოზიციონერი დემოკრატები აუცილებლად მიიჩნევენ აბორტის უფლების ძალაში დატოვებას. [საბატოს ხმა] “თითქმის ყველა დიდი საკითხი, რომელიც მოსახლეობის ემოციურ გამოხმაურებას იწვევს, პოლიტიკურ საკითხად იქცევა ხოლმე და პარტიათა შორის დაპირისპირებას იწვევს – აბორტი ასეთი საკითხია და მასთან დაკავშირებით რესპუბლიკელები და დემოკრატები ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციებზე დგანან”. ამბობს პოლიტოლოგი ლერი საბატო, რომელსაც პროფესორი ლიხტმენიც ეთანხმება: [ლიხტმენის ხმა] “აბორტის საკითხში ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიცია ბოლო 15-20 წლის მანძილზე შეერთებული შტატების ორ პოლიტიკურ პარტიას დაუკავშირდა, რაც დამატებით ამწვავებს უთანხმოებას. დღეს რომ მოისურვოთ ერთი რომელიმე საკითხის შერჩევა, რომლისადმი დამოკიდებულება ერთმანეთისაგან განასხვავებს რესპუბლიკელსა და დემოკრატს – აბორტის საკითხი უნდა შეარჩიოთ.”

მაგრამ ის, რაც პოლიტიკურ პარტიებზე ითქმის, აუცილებელი არ არის, მათ ამომრჩევლებს ეხებოდეს. რესპუბლიკელების ზოგი მომხრე არ იზიარებს პარტიის პოზიციას აბორტის საკითხში და ლიბერალური კანონის მომხრეა. იგივე ხდება დემოკრატების ბანაკში – ამ პარტიის მომხრეთა ნაწილი კატეგიორიულად ეწინააღმდეგება აბორტს!

მაინც რატომ? რა განაპირობებს პოზიციათა ასეთ არაერთგვაროვნებას რესპუბლიკელებისა და დემოკრატების ამომრჩეველთა შორის? ყოფილი კონგრესმენი, რესპუბლიკელი ბილ ფრენზელი ამ შეკითხვაზე მარტივ პასუხს იძლევა: თითოეული ამერიკელისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შეკითხვას - რა არის აბორტი, ადამიანის ფუნდამენტური უფლება, თუ მკვლელობა? მოქალაქის პოზიცია დამოკიდებულია ამ შეკითხვის პასუხზე, რომელიც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე პარტიისადმი დამოკიდებულება.

ასეა არა მარტო აშშ-ში - ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა მწვავე დისკუსიების საგანია, ფაქტობრივად, ყველა ქვეყანაში, სადაც დემოკრატიულ სისტემას მეტ-ნაკლებად მყარი საფუძველი აქვს. აბორტს რადიკალური მოწინააღმდეგეებიც ჰყავს და თავგამოდებული მომხრეებიც და, შესაბამისად, მისი ლეგალიზებისა თუ აკრძალვის ინიციატივებს საზოგადოების მხრივ ფართო გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე. ჩვენს ერთ-ერთ შარშანდელ გადაცემაში ამ საკითხის შესახებ ირლანდიის მაგალითზე ვისაუბრეთ. მომავალ კვირაში კი პოლონეთსა და ევროპის ზოგიერთ სხვა ქვეყანაზე გიამბობთ.
XS
SM
MD
LG