Accessibility links

logo-print

რა ზეგავლენას იქონიებს ერაყთან ომი მსოფლიო ეკონომიკაზე?


ანდრო ეული, პრაღა ბრიტანეთში მოქმედმა დირექტორთა ინსტიტუტმა ამ კვირაში გამოაქვეყნა საანგარიშო მოხსენება, რომლის თანახმად, ხანმოკლე და წარმატებული ომი ერაყში მომგებიანი იქნებოდა გლობალური ეკონომიკისთვის.

არასამთავრობო კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მოხსენების ავტორები სულაც არ არიან ომის მომხრენი, მაგრამ აცხადებენ, რომ სწრაფი და შედარებით უსისხლო კონფლიქტი ბოლოს მოუღებდა იმ გაუგებრობას, რაც ერაყის კრიზისმა გამოიწვია, უმალვე დასცემდა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასს, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკის ზრდას შეუწყობდა ხელს. დირექტორთა ინსტიტუტში 50 000-მდე თვალსაჩინო ბიზნესმენი თანამშრომლობს.

საანგარიშო მოხსენების ერთ-ერთი ავტორის, გრემ ლიჩის აზრით, გაუგებრობამ იმის თაობაზე, თუ რა მოხდება ერაყში, ხელოვნურად გაზარდა ნავთობის ფასი, რითაც მომხმარებელთან ერთად მიმწოდებელიც დაზარალდა: [გრემ ლიჩის ხმა] "ამ საანგარიშო მოხსენების მთელი არსი შეგვიძლია ერთი სიტყვით გამოვხატოთ – "გაუგებრობა". ამიტომაც გამოვაქვეყნეთ ეს საანგარიშო მოხსენება, რათა წარმოგვეჩინა ის ფაქტი, რომ ამდენი სამხედრო და პოლიტიკური შესაძლებლობის სცენარების გამო ისედაც საკმაოდ ჩავარდნილ მსოფლიო ეკონომიკას
წელს შესაძლებლობათა ფართო სპექტრიც გამოუჩნდა."

დღეს თითქმის აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ერაყის კრიზისი მძიმე ტვირთად დააწვა გლობალურ ეკონომიკას. ასეთი აზრი გამოთქვა დეკემბრის დამლევს ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში მაინის ფრანკფურტის "დოიჩე ბანკის" თანამშრომელმა, ცნობილმა გერმანელმა ეკონომისტმა შტეფან შნაიდერმა: [შტეფან შნაიდერის ხმა] "მთავარი ფაქტორი აქ ის არის, რა ბედი ეწევა ერაყს. ვფიქრობ, სწორედ ეს დააწვა დღეს მძიმე ტვირთად მხრებზე მსოფლიო ეკონომიკას. და ვიდრე ეს პრობლემა არ მოგვარდება ამა თუ იმ გზით, ერთობ უმნიშვნელო იქნება ეკონომიკის გამოჯანსაღება."

გრემ ლიჩი დარწმუნებულია, რომ თუ ერაყთან ომი სწრაფად დამთავრდა, მაშინ კვლავ დაეცემა ნავთობის ფასი, აქციების ფასი ამერიკის ბირჟებზე მყისვე აიწევს, აშშ-ის პრეზიდენტი ალბათ ეკონომიკის გამოჯანსაღების პროგრამას წარუდგენს კონგრესს დასამტკიცებლად და გლობალურ ეკონომიკას წინსვლა დაეტყობა.

მეორე მხრივ ლიჩი შიშობს, რომ თუ ომი გადაიდო, ხოლო გაეროს განიარაღების ექსპერტებს ერაყში მისია გაუგრძელეს, ეს კიდევ უფრო დააზარალებს მსოფლიო ეკონომიკას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არც ისე იოლია იწინასწარმეტყველო, რა ზეგავლენას იქონიებს ომი ეკონომიკაზე. ბევრს, მაგალითად, მიაჩნია, რომ მეორე მსოფლიო ომმა "დიდი დეპრესიიდან" გამოიყვანა აშშ-ის ეკონომიკა. ვიეტნამის ომმა თავდაპირველად სტიმული მისცა ამერიკის ეკონომიკას და გლობალური ეკონომიკის ზრდასაც შეუწყო ხელი, მაგრამ ის უზარმაზარი ვალი, ომის დაფინანსებამ რომ გამოიწვია, მძიმე ტვირთად დააწვა მოგვიანებით გლობალური ეკონომიკის შემდგომ გაფართოებას.
XS
SM
MD
LG