Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროტესტის მეორე ტალღა ნავთობსადენის ბორჯომის მონაკვეთის წინააღმდეგ


ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის მშენებლობის დაწყებამდე, როგორც იტყვიან, თითებზე ჩამოსათვლელი დრო რჩება. 14 იანვარს ბათუმის პორტში "საუკუნის პროექტისთვის"

საჭირო მილების პირველი პარტია ჩამოიტვირთა. ორი დღის წინ კი ახალციხესა და ბორჯომში მიწის მესაკუთრეებისთვის ფულადი კომპენსაციების დარიგება დაიწყეს. ამ ფონზე, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავ მწვავედ აყენებენ ბორჯომის ხეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხს და ნავთობსადენის მარშრუტის ახალქალაქის რაიონში გადატანას მოითხოვენ.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გარემოსდაცვითი და სოციალური პრობლემატიკის ანალიზი დღის წესრიგში მეორედ დგება და მეორედაც ამ კამპანიის ინიციატორი საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივაა". მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტრომ 2002 წლის 30 ნოემბერს უკვე გასცა გარემოსდაცვითი ნებართვა საქართველოს ტერიტორიის გავლით ძირითადი ნავთობის საექსპორტო მილსადენის მშენებლობაზე, ასოციაციის წარმომადგენელს ქეთი გუჯარაიძეს მიაჩნია, რომ "კომპანია ბრიტიშ პეტროლიუმმა" მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საზოგადოების დაინტერესება.

[ქეთი გუჯარაიძის ხმა]"ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში არ იყო ადეკვატურად ასახული ეს საკითხები, ანუ უსაფრთხოების საკითხი გაკვრით იყო ნახსენები, არ იყო დეტალურად აღწერილი და სწორედ იმის გამო, რომ საზოგადოებას ამაზე ინფორმაცია არ ჰქონდა, დღემდე მიმდინარეობს დებატები ამ უსაფრთხოების საკითხებზე."


"ბრიტიშ პეტროლიუმის" მხრიდან ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და სოციალური შედეგების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას უჩივის ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ალექსანდრე თვალჭრელიძე, რომელიც ნავთობსადენის მშენებლობას საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობის მთავარ გარანტად მიიჩნევს:

[ალექსანდრე თვალჭრელძის ხმა] "ჩვენი მაკროეკონომიკური და ეკონომეტრიკული შეფასებებით, ნავთობსადენის მშენებლობა საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტს 8, 5 შეძენს, მაშინ როცა მთელი სხვა ეკონომიკა 4 პროცენტიან ზრდაზე მეტს არ აძლევს საქართველოს."

გარდა ამისა, ორი კვირის წინ ბაქო-სუფსის ადრეულ ნავთობსადენზე მომხდარი აფეთქება და ნავთობით დატვირთული სარკინიგზო შემადგენლობების ბოლო ხანს გახშირებული ავარიები თავისთავად კიდევ უფრო მგრძნობიარეს ხდის ნავთობსადენის ბორჯომის მონაკვეთის უსაფრთხოების საკითხს. თუმცა ნავთობსადენის მშენებლობის დარგში ამერიკის მთავრობის მრჩევლის მაიკლ კობლენქსის თქმით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, რომლის საერთო სიგრძე 1750 კილომეტრს აღწევს, უსაფრთხოების თვალსაზრისით, გაცილებით უფრო საიმედოა, ვიდრე კომპანია "ბრიტიშ პეტროლიუმის" მიერ ტეხასის შტატში აშენებული ნავთობსადენი, რომელიც წყალსაცავის სიახლოვეს გადის. რაც შეეხება იმას, თუ რატომ მიენიჭა, ახალქალაქთან შედარებით, უპირატესობა ბორჯომის მარშრუტს, მაიკლ კობლენქსის განმარტება ასეთი გახლდათ:

[მაიკლ კობლენქსის ხმა] "უსაფრთხოების რისკები, რომლის ანალიზზეც არის ლაპარაკი, დაკავშირებულია ახალქალაქში რუსეთის სამხედრო ბაზის არსებობასთან. და ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს მილსადენის კომპანიის თუ სხვადასხვა მონაწილე მხარეთაგან, იმაში მდგომარეობს, რომ ეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები არ დააფინანსებდნენ ასეთი პროექტის მშენებლობას."

თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, ერთი საფრთხის თავიდან აცილება საქართველოს სხვა საფრთხის წინაშე აყენებს: ახალქალაქის გვერდის ავლით ნავთობსადენის მშენებლობით, საქართველო კარგავს შანსს მოახდინოს სომხური მოსახლეობით მჭიდროდ დასახლებული რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო გააძლიერებს არასახელმწიფოებრივ ტენდენციებს ახალქალაქის მოსახლეობაში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG