Accessibility links

პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები


ნებისმიერ ქვეყანაში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების წესს ხელისუფლება ამკვიდრებს. იმის მიხედვით, თუ როგორ ხდება გადაწყვეტილებების შემუშავება, მიღება და განხორციელება,

ყალიბდება კიდეც ქვეყნის სახე და საზოგადოების როლი პოლიტიკურ პროცესში.

როგორია გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები თანამედროვე ქართულ რეალობაში?

როდესაც 1992 წლის 7 მარტს ედუარდ შევარდნაძე საქართველოში დაბრუნდა, საზოგადოებამ იგი თვითმფრინავის ტრაპთანვე აღიარა ქვეყნის პირველ პირად. მაშინ შევარდნაძის მმართველობას რამდენიმე მკაფიო მოლოდინი უკავშირდებოდა, რომელთაგან სოციალური და პოლიტიკური სტაბილურობა ყველა დანარჩენს სჭარბობდა. ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ კი გაჩნდა იმედი, რომ თავისი მმართველობის ბოლო ეტაპზე შევარდნაძე სახელმწიფოს მიიყვანდა სრულიად ახალ მიჯნასთან: როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოხდებოდა ინსტიტუციურ საფუძველზე და არა ერთი ან რამდენიმე პიროვნების სურვილებზე დაყრდნობით.

ასეთი სერიოზული მოლოდინი საზოგადოების მხრიდან უკავშირდებოდა შევარდნაძის მიერ დასავლური ღირებულებების უალტერნატივო აღიარებას. თუმცა, მეორე მხრივ, წარსულის გამოცდილება მას მართვის სულ სხვა სტილს უკარნახებდა. ჯაბა იოსელიანის წიგნში “სამი განზომილება” თვალსაჩინოდ არის აღწერილი ის გზა და ის ხერხები, რომლებზე დაყრდნობითაც მოქმედებდა ედუარდ შევარდნაძე საქართველოში დაბრუნების პირველ წლებში. მაგრამ საზოგადოებაც და თითქმის მთელი პოლიტიკური ელიტაც გაგებით ხვდებოდა შევარდნაძის მიერ ძალაუფლების საკუთარ ხელში მოქცევის პროცესს, რადგან დემოკრატიის მომავალი ზეიმი, თითქოს, სწორედ ამ გზაზე გადიოდა.

რაც უფრო მეტად ახლოვდება ედუარდ შევარდნაძის საპრეზიდენტო ვადის დასასრული, მით მეტად ცხადი ხდება, რომ სახელმწიფოს ინსტიტუციური მშენებლობა მომავალი თაობის პოლიტიკოსების საქმეა.

მოსახლეობას არ აქვს საშუალება, თვალყური ადევნოს საქართველოს მთავრობის სხდომებს, თუმცა პრეზიდენტისა და მისი მინისტრების ყოველკვირეული შეხვედრები სწორედ საჩვენებელი დანიშნულებისაა. ოდნავი ილუზიაც კი ვერავის შეექმნება, თითქოს, ამ სხდომებზე რამე წყდებოდეს. პირიქით, მთავრობის სხდომები პირდაპირ მიუთითებს, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიღების არანაირი ინსტიტუციური მექანიზმი არ მოქმედებს. არ მოქმედებს, რადგან არ არსებობს.

სამაგიეროდ, არსებობს რამდენიმე შეკითხვა, რომლებზე პასუხიც საზოგადოებისთვის ერთმნიშვნელოვანია; მაგალითად, პასუხი შეკითხვაზე: ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა საზოგადოებრივი სისტემის ინტერესებს ანიჭებს უპირატესობას თუ კერძო ჯგუფების, გნებავთ, ოჯახების ან პიროვნებების ინტერესებს? როდესაც მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრი იყო, მის მოადგილეს – ირაკლი ოქრუაშვილს – პირდაპირ მთავრობის სხდომაზე მოუხდა იმის მტკიცება, რომ პრეზიდენტი საკუთარი ოჯახის ინტერესებს აძლევს უპირატესობას და რომ ეს ფაქტი მკაფიოდ არის ასახული მისსავე რეზოლუციებში. ცნობილია პასუხი შემდეგ შეკითხვაზეც: გადაწყვეტილების მიღებისას ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ექსპერტთა ჯგუფების წინასწარ ანალიზს ეყრდნობა თუ ლიდერი ორიენტირებულია თავის ცოდნაზე, ინტუიციაზე, გამოცდილებაზე? დანარჩენ შეკითხვებზე პასუხიც დიდ დაფიქრებას არ მოითხოვს: განისაზღვრება თუ არა წინასწარ მმართველი წრის მიერ იმ პრობლემათა ნუსხა, რომლებიც, სავარაუდოდ, პოლიტიკურ მოწესრიგებას მოითხოვს? მუშაობს თუ არა მთავრობა პროცესების განვითარების ალტერნატიულ ვარიანტებსა და სცენარებზე? რამდენად რაციონალურად ფასდება შესაძლო სარგებელი და ზიანი ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისას? ხდება თუ არა შუალედური შედეგების კვლევა და სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯების ოპერატიული კორექტირება, თუკი შუალედური შედეგები მიუთითებს, რომ პროცესი დაგეგმილ მიზანს შორდება? შეუძლია თუ არა მმართველ წრეს, სწრაფად გადავიდეს გადაწყვეტილებების მიღების სარეზერვო სისტემაზე იმ შემთხვევისთვის, თუკი ზოგადი სიტუაცია შეიცვლება?

არა და არა. პასუხი ყველა კითხვაზე უარყოფითია - მათ შორის, ასეთ სტრატეგიულ შეკითხვაზეც: ხელისუფლებას აქვს თუ არა კომპლექსური გეგმა აფხაზეთის საკითხის მოწესრიგებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებების მიღების სისტემა მთლიანად ირაციონალურია და აღმასრულებელი ვერტიკალის ყველა საფეხურზე მხოლოდ პიროვნულ ფაქტორს ეფუძნება.

არც იმის იმედად შეიძლება ყოფნა, რომ ორიოდე წელიწადში ქვეყანას ახალი პრეზიდენტი ეყოლება და იგი მაშინვე მართვის რაციონალურ სტილზე გადააწყობს ხელისუფლებას. ყველა ექსპერტი, ვინც კი არჩევნების პერიოდში პოლიტიკურ პარტიებთან საქმიანობს, აღიარებს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერი გაცილებით მეტად ენდობა საკუთარ გამოცდილებას და ინტუიციას, ვიდრე ვინმე სხვას – თუნდაც ექსპერტების მთელ ეშელონს.

ამიტომაც შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ბოლო ათი წლის გამოცდილება გაცილებით შორსმიმავალ მავნე შედეგს გამოიღებს, ვიდრე ერთი პრეზიდენტის მმართველობის ვადა და სტილია.
XS
SM
MD
LG