Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო


საკონსტიტუციო სასამართლოს 29 იანვრის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” თავმჯდომარემ ლია მუხაშავრიამ. შეიძლება ითქვას,

რომ ადვოკატ მუხაშავრიას შეფასებას სიამოვნებით დაეთანხმა სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი, რომელიც, თავის მხრივ, სარჩელის ავტორს წარმოადგენდა, ლია მუხაშავრიასა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად. სარჩელი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არაკონსტიტუციურად მიჩნეულ 5 პრინციპს ასაჩივრებდა. ზემოთ აღნიშნული აღმატებული შეფასება კი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილს ესადაგება, რომელიც დაკავებულის დაცვის უფლებებს შეეხება.

საკონსტიტუციო სასამართლომ 29 იანვრის გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რამდენიმე მნიშვნელოვანი დებულება ცნო არაკონსტიტუციურად. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მან, ფაქტობრივად, გააუქმა დაკავებულისათვის ყველაზე მძიმე პირველი 12 საათიანი ვადა, რომლის განმავლობაში, საქართველოს უპირველესი კანონის საწინააღმდეგოდ, მას დაცვის არანაირი უფლება არ ჰქონდა. იგულისხმება დუმილის, სამედიცინო შემოწმების, ადვოკატის და ა. შ. უფლებები. ამ ხელოვნური შეზღუდვებით კი, დაკავებულის ინტერესების საწინააღმდეგოდ, პოლიცია სარგებლობდა.შესაბამისად, პოლიციის მხრიდან დაკავებულზე მორალური თუ ფიზიკური ზემოქმედება ყველაზე მძიმე და თვითნებური სწორედ პირველი 12 საათის განმავლობაში იყო.
[ლია მუხაშავრიას ხმა]“ის, რაც დღეს არის მიღწეული, არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ვინაიდან ეს შექმნის სულ სხვა პრაქტიკას პოლიციაში დაკავებულის მიმართ. ანუ ამოიძირკვება ის პრაქტიკა, როდესაც ადამიანს აკავებდნენ, 12 საათი მასთან შეხვედრა ადვოკატს არ შეეძლო და მას ყველა უფლება ჰქონდა მომსპარი იმისათვის, რომ განეხორციელებინა თავის დაცვა.”
ადვოკატ ლია მუხაშავრიას ნათქვამს დავძენთ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დაკავებულის დაცვის უფლებას სხვა მხრივაც აშკარად ლახავდა. მისი ერთ-ერთი, აწ უკვე გაუქმებული, დებულების მიხედვით, საპროცესო კოდექსი ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს ადვოკატთან ურთიერთობის დროს დღეში მხოლოდ ერთი საათით განუსაზღვრავდა მაშინ, როცა ბრალდების მხარეს, პროკურორს, ამგვარი დროითი შეზღუდვები არ ჰქონდა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაცვა და ბრალდება დღეიდან უკვე უფლებრივად თანაბარ პირობებში შეეცდებიან თავიანთი სიმართლის დამტკიცებას.
[ნანა დევდარიანის ხმა]“დაკმაყოფილდა, რაც შეეხება დამცველის დაუყოვნებლივ მოწვევის უფლებას. დაკმაყოფილდა ისიც, რომ არ შეიძლება, თუ ობიექტური მიზეზის გამო დამცველი ვერ გამოცხადდა პირველი მოთხოვნისთანავე, მაშინვე შეუცვალო და დაუნიშნო შენი ნებით ადვოკატი. და ძალიან ბევრი - შვიდი თუ რვა - მოთხოვნა დაკმაყოფილდა. რაც არ დაკმაყოფილდა, იქაც არის, ჯერ ერთი, მოსამართლის განსაკუთრებული აზრი, ეს არის ქალბატონი ლამარა ჩორგოლაშვილი. და გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლო უთითებს, რომ პარლამენტმა უნდა იმსჯელოს ამაზე. შეიძლება მე ვერ მივიღო გადაწყვეტილება იმიტომ, რომ პირდაპირ კონსტიტუციაში ასე ცალსახად არ არის ნათქვამი ამაზე, მაგრამ პარლამენტს შეუძლია, კანონის შინაარსიდან, კონსტიტუციის არსიდან გამომდინარე, იმსჯელოს ამ საკითხებზე.” [სტილი დაცულია]
საქართველოს სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი გულისხმობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ დებულებებს, რომელიც წინასწარი პატიმრობის ვადას შეეხება. კონსტიტუცია ამგვარ ვადად 9 თვეს განსაზღვრავს მაშინ, როცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ზოგ შემთხვევაში, 2 წელსაც ნებადართულად მიიჩნევს. სამართალდამცავთა კატეგორიული წინააღმდეგობის მიუხედავად, ნანა დევდარიანი იმედოვნებს, რომ დროთა განმავლობაში კონსტიტუციასთან წინააღმდეგობრივი ეს დებულებაც გაუქმდება. საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიაში აღძრულია სახალხო დამცველის კიდევ ერთი სარჩელი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის დანამატის იმ ნაწილის ანტიკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს, რომლის მიხედვით, საქმეების გაცნობის ვადა წინასწარი პატიმრობის 9 თვიან ვადაში არ შედის.
XS
SM
MD
LG