Accessibility links

ევროპის 8 ქვეყნის ლიდერებმა ვაშინგტონს


ევროპის 8 ქვეყნის ლიდერებმა ვაშინგტონს მიმართეს ღია წერილით, რომელშიც გამოთქვამენ მისდამი სოლიდარობას ერაყის საკითხში.

ევროპის 8 ქვეყნის ლიდერებმა ვაშინგტონს მიმართეს ღია წერილით, რომელშიც გამოთქვამენ მისდამი სოლიდარობას ერაყის საკითხში.
მოგვიანებით ამ სახელმწიფოებიდან რამდენიმემ უარყო კრიტიკა, თითქოს მათ წერილით ევროპის ერთიანობის წინააღმდეგ გაილაშქრეს.
წერილი, რომელსაც ხელი მოაწერეს ბრიტანეთის, ჩეხეთის, დანიის, უნგრეთის, იტალიის, პოლონეთის, პორტუგალიისა და ესპანეთის ლიდერებმა, ხუთშაბათს ევროპის რამდენიმე გაზეთში დაიბეჭდა. მას ბევრი მიიჩნევს დაპირისპირებად გერმანიისა და საფრანგეთის პოზიციასთან - ერაყში სამხედრო ოპერაციისადმი კრიტიკულ დამოკიდებულებასთან. ბერლინი და პარიზი მოითხოვენ, რომ სამხედრო ოპერაციას წინ აუცილებლად უნდა უძღოდეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც დაემყარება გაეროს განიარაღების ექსპერტების საანგარიშო მოხსენებას. ღია წერილის გამოქვეყნების შემდეგ ევროკომისიის მიერ გაკეთებული განცხადებით, ხელისმომწერებმა თავიანთი პირადი შეხედულება გამოხატეს, ხოლო ევროკომისიის პოზიცია არ შეცვლილა. როგორც ევროკომისიის პრეს-მდივანმა ჯონათან ფოლიმ თქვა: [ფოლის ხმა]"ჩვენი პოზიცია ნათელია. ომი არ არის გარდაუვალი. არის პრობლემა, როელიც უნდა მოგვარდეს და ჩვენ ვემხრობით გაეროსა და მისი ინსპექტორების ძალისხმევას. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა პრობლემა სამხედრო კონფლიქტის გარეშე მოგვარდეს". ღია წერილს უკვე მოჰყვა ვაშინგტონის გამოხმაურება: პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ქებით მოიხსენია წერილზე ხელისმომწერი ქვეყნები და მათი მხარდაჭერა ვაშინგტონისადმი. ბუშმა, რომელმაც ხუთშაბათს თეთრ სახლში მიიღო იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონი, განაცხადა: [ბუშის ხმა] "დიდი მადლობა იტალიის პრემიერ-მინისტრს, ისევე როგორც ევროპის იმ დანარჩენი ქვეყნების ლიდერებს, რომლებმაც ცხადჰყვეს, რა საკითხი უნდა მოვაგვაროთ, რა საფრთხეს უქმნის სადამ ჰუსეინი მშვიდობას. ეს ძალიან შთამბეჭდავი განცხადებაა".
XS
SM
MD
LG