Accessibility links

logo-print

"საქართველოს ოპოზიციის ლიდერები ძნელად მისაღწევი თანხმობის ძიებაში" - "იურეიშა ვიუ" საქართველოს შესახებ


საქართველოს პოლიტიკური ოპოზიციის ორი ლიდერის, ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილის ამასწინანდელ განცხადებას ფართო ოპოზიციური ალიანსის შექმნის შესახებ უცხოეთის მასმედიაც გამოეხმაურა.

საინტერნეტო გამოცემა "იურეიშა ვიუმ" გამოაქვეყნა არასამთავრობო ორგანიზაციის, "საქართველოს გაეროს ასოციაციის", დირექტორის ჯაბა დევდარიანის წერილი, რომელშიც აწონ-დაწონილია ჟვანია-სააკაშვილის ალიანსის სამომავლო პერსპექტივები, განხილულია კოალიციაში სხვა ძალთა გაერთიანების შესაძლებლობა.

სტატიის ავტორის აზრით, ჟვანია-სააკაშვილის ალიანსი შეიძლება იქცეს ბირთვად მართლაც ძლიერი ოპოზიციური ბლოკისა, რომელიც ანგარიშგასაწევი ძალა გახდება არა მხოლოდ შემოდგომისთვის დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში, არამედ უფრო შორეული პერსპექტივითაც.

თუმცა, ჟვანიასა და სააკაშვილს ადრესატად სხვადასხვა ტიპის ამომრჩეველი ჰყავთ. თუ ჟვანიას გაერთიანებული დემოკრატები უფრო მეტად ინტელიგენციისა და ახლად გაჩენილი, ზომიერად განწყობილი საშუალო კლასის სიმპათიას იმსახურებენ, სააკაშვილის მხარდამჭერებს შორის ამომრჩეველთა უაღრესად ფართო სპექტრის წარმომადგენლებს შეხვდებით.

განსხვავებულია მეთოდებიც, რომლებსაც ეს ორი ლიდერი მიმართავს. ჟვანია "გუნდური მოთამაშეა", ხოლო სააკაშვილი ინდივიდუალისტად უფრო უნდა მივიჩნიოთ. როგორც ჯაბა დევდარიანი ფიქრობს, აზრთა სხვადასხვაობამ პოლიტიკური სტრატეგიის საკითხებში, შესაძლოა, ხელი შეუშალოს ალიანსს თავისი გეგმების განხორციელებაში. თუ ჟვანია საერთო შეხედულებებზე დაფუძნებულ ისეთ კოალიციას ესწრაფის, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც განაგრძობს თანამშრომლობას, სააკაშვილი მეტ პრაგმატულობას ავლენს, აცხადებს რა, რომ ახლა მთავარია საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება, ღრმა პოლიტიკური დისკუსიები კი მომავლისთვის უნდა გადაიდოს.

ამგვარი პოზიციის საილუსტრაციოდ გამოდგება სააკაშვილის დამოკიდებულება ჯუმბერ პატიაშვილთან და მის "ერთობასთან" თანამშრომლობის მიმართ. თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე სააკაშვილმა მიუკიბ-მოუკიბავად განაცხადა, რომ მისი მიზანი გამარჯვებაა და არა სულით მონათესავე ადამიანთა ძიება. "პატიაშვილი, სულ ცოტა, რამდენიმე ათეულ ათას ხმას მოგვიტანს, - თქვა 21 იანვარს სააკაშვილმა. – ამიტომ, ჩვენ უარი არ უნდა ვთქვათ ფართო საარჩევნო კოალიციებზე. ცხადია, პრინციპებზე უნდა შევთანხმდეთ, მაგრამ კოალიცია მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა წარსულზე."

"იურეიშა ვიუში" გამოქვეყნებული წერილის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ საკითხში ჟვანიას განსხვავებული პოზიცია უკავია, რამაც მომავალში პარტნიორებს, შესაძლოა, საქმე გაურთულოს. მით უმეტეს, რომ პრეზიდენტ შევარდნაძის მხარდამჭერი ძალები, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო მეტად შეეცდებიან, ჟვანია და სააკაშვილი ამომრჩეველს მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლებისთვის მებრძოლ პოლიტიკოსებად დაუხატონ.

ახალი, ფართო ოპოზიციური კოალიციის შექმნის გზაზე, როგორც ჯაბა დევდარიანი შენიშნავს, უკვე იჩინა თავი პირველმა უთანხმოებებმა: ჟვანია და სააკაშვილი ჯერჯერობით ვერ ახერხებენ ახალი მემარჯვენეებისა და ლეიბორისტული პარტიის მიმხრობას. მეტიც, ამ უკანასკნელის ლიდერმა უკვე განაცხადა, რომ კოალიციაში შესვლას არ აპირებს.
XS
SM
MD
LG