Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის კრიზისმა განხეთქილება გამოიწვია უშიშროების საბჭოში


ანდრო ეული, პრაღა გაეროს უშიშროების საბჭოში კვლავაც არაა მიღწეული აზრთა ერთიანობა ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების საკითხში. ამასობაში, ევროპის 8 ქვეყნის ლიდერებმა გამოაქვეყნეს ღია წერილი,

რომელიც ევროპის დანარჩენ ქვეყნებს მოუწოდებს აშშ-ს ამოუდგნენ მხარში ერაყის წინააღმდეგ მოსალოდნელ ომში.
წერილს, რომელიც 30 იანვრის ნომერში გამოაქვეყნა გაზეთმა "უოლ სტრიტ ჯორნალმა", ესპანეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, პორტუგალიის, უნგრეთის, პოლონეთისა და დანიის პრემიერ-მინისტრებმა, აგრეთვე ჩეხეთის პრეზიდენტმა ვაცლავ ჰაველმა მოაწერეს ხელი.

უშიშროების საბჭოს ოთხშაბათის სხდომა, რომელსაც გაეროს განიარაღების კომისიის თავმჯდომარე ჰანს ბლიქსი და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი მოჰამედ ელ-ბარადეი ესწრებოდნენ, კვლავაც ერაყის განიარაღებასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვას დაეთმო. მოგვიანებით, საბჭოს წევრებმა კორესპონდენტებს უთხრეს, რომ მოუთმენლად ელიან 5 თებერვლის სხდომას, როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი სადაზვერვო ინფორმაციას წარუდგენს უშიშროების საბჭოს იმის შესახებ, რომ ერაყს მასობრივი განადგურების იარაღი აქვს.

თუმცა საბჭოს არაერთმა წევრმა მიანიშნა, რომ ვიდრე არ იქნება სარწმუნო სამხილი იმისა, რომ ბაღდადს მართლაც მოეპოვება ხსენებული იარაღი, ისინი, ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას მხარს არ დაუჭერენ.

რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვის პოზიცია ერაყის საკითხში უცვლელია.

საფრანგეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ჟან-მარკ დე ლა საბლიერმა, რომელიც უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობს მორიგეობით, თქვა, რომ საფრანგეთი მიესალმებოდა კოლინ პაუელის მიერ წარმოდგენილ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც სამუშაოს გაუადვილებდა ერაყში გაეროს განიარაღების ექსპერტებს. თუმცა საბლიერმა გაიმეორა ოფიციალური პარიზის პოზიცია, რომ ჯერჯერობით ძალზე ნაადრევია ერაყის განიარაღების მიზნით სამხედრო ძალის გამოყენებაზე ლაპარაკი: [ჟან-მარკ დე ლა საბლიერის ხმა] "ჩვენ არაერთგზის განვაცხადეთ, რომ არ გამოვრიცხავთ ძალის გამოყენებას. თუმცა ვფიქრობთ, რომ ძალის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა სხვა შესაძლებლობა ამოიწურება. და მიგვაჩნია, რომ ახლა მეტი დრო უნდა მივცეთ განიარაღების ექსპერტებს თავიანთი მისიის შესასრულებლად."

გერმანიის მუდმივმა წარმომადგენელმა გუნტერ ფლოიგერმა, რომელიც თებერვალში გადაიბარებს უშიშროების საბჭოს, გაიმეორა თავისი ქვეყნის პოზიცია, რომ განიარაღების ექსპერტებს, რომლებიც ახლა ფართო უფლებებით სარგებლობენ, მეტი დრო უნდა მიეცეთ ერაყში თავიანთი მისიის დასასრულებლად.

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს წამყვან წევრებს ესოდენ ფრთხილი პოზიცია უკავიათ, აშშ და ბრიტანეთი აძლიერებენ ერაყზე ზეწოლას.

აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ჯონ ნეგროპონტემ კორესპონდენტებს უთხრა, რომ კოლინ პაუელის გამოსვლა ჩვენებებით მომავალ კვირაში დაარწმუნებს უშიშროების საბჭოს წევრებს, რომ ერაყს აქვს მასობრივი განადგურების იარაღი და კვლავაც გააგრძელებს მის წარმოებას, თუ ქმედითი ზომა არ იქნა მიღებული.

ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ჯერემი გრინსტოკმა განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს ცალკეულ წევრებს, როგორც ჩანს, დაავიწყდათ, რაზე დათანხმდნენ ისინი, როცა 1441-ე რეზოლუციას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ამასობაში, უშიშროების საბჭოს ორმა დროებითმა წევრმა – ბულგარეთმა და ესპანეთმა – ერაყი გააკრიტიკა განიარაღების ექსპერტებთან არასათანადო თანამშრომლობის გამო. ბულგარეთის მუდმივმა წარმომადგენელმა სტეფან ტაფროვმა მოუწოდა ბაღდადს – უფრო აქტიურად ითანამშრომლოს განიარაღების ექსპერტებთან. ხოლო ესპანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ინოსენსიო არიასმა განაცხადა, რომ განვლილმა ორმა თვემ ცხადყო, რომ ერაყმა არ შეასრულა გაეროს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები.
XS
SM
MD
LG