Accessibility links

აფხაზეთის კონფლიქტი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ჭრილში


აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტიდან ათი წელი, ხოლო რუსეთის სამხედრო ძალების სამშვიდობო მისიით მოწვევიდან 8 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ, მინიმუმ,

ორჯერ მაინც გააკეთა კატეგორიული განცხადება არსებული ფორმატით სამშვიდობო ძალისხმევის უპერსპექტივობის შესახებ, მაგრამ ორჯერვე სიტყვის უკან წაღება მოუხდა. ამჯერად საქართველოს ხელისუფლება თითქოს კვლავ განწყობილია იმისთვის, რომ, ლტოლვილთა გალის რაიონში დაბრუნებისა და უსაფრთხოების ზონის გაფართოების გარეშე, რუსეთს სამშვიდობო მისიის შეწყვეტა მოსთხოვოს. თუმცა სამხედრო ექსპერტებს, რომლებიც კარგად იცნობენ ეროვნული უსაფრთხოების ამოცანებისადმი საქართველოს ხელისუფლების ინფანტილურ დამოკიდებულებას, ასეთი განცხადების გულწრფელობაში ეჭვი ეპარებათ.

საქართველოს პრეზიდენტს ძალიან არ სიამოვნებს, როდესაც მას ეკითხებიან, თუ რა აუცილებლობით იყო ნაკარნახევი რუსეთის სამხედროების სამშვიდობო მისიით შემოყვანა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ და თანაც მათი განლაგება გალის რაიონში, სადაც აფხაზურ და ქართულ ფორმირებებს შორის სამხედრო დაპირისპირებას ომის დროსაც კი არ ჰქონია ადგილი; ან რა აუცილებლობასთან არის დაკავშირებული ქართველებით დასახლებულ გალის ტერიტორიაზე მყოფი რუსი მშვიდობის დამცველების უკანასკნელ ხარისხამდე ლანძღვა, საქართველოს მიმართ არამეგობრულად განწყობილი გენერალიტეტის კიდევ უფრო გაცოფება, თუკი შემდგომ მათ მაინც უნდა გაუგრძელდეთ სამშვიდობო მოქმედების მანდატი.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ კრიტიკა სასარგებლოდ იმოქმედებს რუს სამხედროებზე, ისინი აფხაზურ ფორმირებებს გუმისთის იქით გადარეკავენ და ლტოლვილებს გალისა და ოჩამჩირის რაიონში დააბრუნებენ, ძალიან ცდება. სამაგიეროდ, მრავლად შეიძლება ისეთი შემთხვევების ჩამოთვლა, როდესაც რუსი სამშვიდობოები აშკარად მონაწილეობდნენ მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაციებში. საკმარისია გავიხსენოთ 1998 წლის მაისის გალის მოვლენები, როდესაც ეთნიკური წმენდის მსხვერპლი ათეული ათასობით ქართველი გახდა.

ასე რომ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ შესაძლებლად მიაჩნია რუსი სამშვიდობოების გასვლა კონფლიქტის ზონიდან, მას მომზადებული უნდა ჰქონდეს მოქმედების ალტერნატიული გეგმა, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე თუნდაც სტატუს-კვოს შენარჩუნებას უზრუნველყოფდა. მაგრამ, როგორც საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბათიაშვილი აცხადებს, ისეთი ინერტულობის პირობებში, რაც ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე მუშაობას ახლავს თან, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებას საკმაოდ ბუნდოვანი პერსპექტივა აქვს.

[ირაკლი ბათიაშვილის ხმა] "არ არსებობს ამაზე არავითარი, ასე რომ ვთქვათ, გამოკვეთილი პროგრამა. და აფხაზეთი იქნება ეს, ტერორიზმი იქნება, განათლების პრობლემა თუ ეკოლოგია, ეს ყველაფერი ბაზისი უნდა იყოს კონცეფციაში უსაფრთხოების. მერე უკვე იქიდან ამოიზრდება ყველა ცალ-ცალკე. ასე ბრმად, ხელის ფათურით სიარული თუ შეიძლება, როგორც ახლა დავდივართ ამ უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ასე რომ ვთქვათ, მიმართულებით და როგორ უზრუნველვყოფთ ჩვენ უსაფრთხოებას, ვხედავთ."[სტილი დაცულია]

ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, როგორც სტრატეგიული მიზნის, ასახვის მომხრეა მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი გია ნოდია, რომლის თანამონაწილეობითაც 29-30 იანვარს თბილისში უსაფრთხოების საკითხებზე ორდღიანი საერთაშორისო სემინარი გაიმართა.

[გია ნოდიას ხმა] "ასეთი დოკუმენტი არ გულისხმობს კონკრეტულ გეგმას, ვთქვათ, აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტისა; ეს გულისხმობს მიზნის დაფიქსირებას, რომ ჩვენ გვჭირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, და რაღაც იმ პრინციპებს, იმ პრინციპების დაფიქსირებას, რითაც ჩვენ ამას ვაპირებთ. ალბათ, უფრო მტკივნეულია, უფრო რთული იქნება სწორედ სხვა საფრთხეების, რუსეთთან ურთიერთობის ასახვა ამ დოკუმენტში."

თუ კიდევ რა ხასიათის საფრთხის წინაშე დგას საქართველო და რა ობიექტური და სუბიექტური ფაქტორები უშლის ხელს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის მიღებას, ამაზე უფრო ვრცლად პარასკევს მეათე სტუდიაში გვექნება საუბარი.
XS
SM
MD
LG