Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით ვერავითარი კონკრეტული გადაწყვეტილება ვერ მიიღო


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 30 იანვარს პარლამენტი კვლავ აფხაზეთის კონფლიქტის საკითხის განხილვას დაუბრუნდა. კიევის არაფორმალური სამიტის შემდეგ პარლამენტში მისულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი

მენაღარიშვილმა პარლამენტარებს ინფორმაცია მიაწოდა, თუ რა შედეგებით დასრულდა რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა. პარლამენტარები ამ ინფორმაციით უკმაყოფილოები დარჩნენ.

წინა დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლა დახურულ კარს მიღმა უნდა გამართულიყო, მაგრამ 30 იანვარს პარლამენტმა საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალა და მინისტრის ანგარიში კიევის არაფორმალური სამიტის შედეგების თაობაზე ღია სხდომაზე გაკეთდა. რეალურად, პარლამენტარებს ახალი არაფერი მოუსმენიათ. შესაბამისი იყო მათი რეაქციაც. ტრადიციონალისტთა კავშირის წევრმა მაია ნადირაძემ საგარეო საქმეთა მინისტრს განუცხადა:
[მაია ნადირაძის ხმა] ” მიდასტურებთ, რომ მაინც არაფერს იტყოდით.”
ამ ბრალდებასთან დაკავშირებით ირაკლი მენაღარიშვილი აცხადებს:
[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] ” ამ საკითხთან დაკავშირებით - ისევე, როგორც ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით, რომლებსაც ძალიან მგრძნობიარე საერთაშორისო იმპლიკაცია აქვს - არც დახურულ სხდომებზე ითქმება ყველაფერი. თუკი დახურული იქნება, ჩვენ გვექნება საშუალება ვისაუბროთ, რა ვქნათ ხვალ, ზეგ, უფრო დეტალურად. თუკი საუბარია, რა მოხდა კიევში - კიევში მოხდა ეს.”
კიდევ ერთხელ იმაზე, თუ რა მოხდა კიევში: საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრისას განხილული იყო აფხაზეთში შექმნილი ვითარება. რუსეთის მხარემ ორკვირიანი ვადა მოითხოვა იმ პრობლემებში გასარკვევად, რომლებსაც კატეგორიულად აყენებს საქართველოს ხელისუფლება. კერძოდ, საუბარია, აფხაზეთის მოსახლეობისთვის რუსეთის პასპორტების გაცემის პროცესზე და სოხუმი-სოჭის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე. ქართული მხარის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ არ შეწყდება სარკინიგზო მიმოსვლა და არ შეწყდება აფხაზეთის მოსახლეობის, ასე ვთქვათ, პასპორტიზაცია, პლუს, თუ სამშვიდობო ნაწილები არ შეიცვლიან დისლოკაციის ადგილს და ენგურიდან ღალიძგაზე არ გადაინაცვლებენ, სამშვიდობო ნაწილებისთვის მანდატის გაგრძელების საშუალებას ოფიციალური თბილისი ვერ ხედავს. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენით თავად საქართველო უნდა იყოს დაინტერესებული. ერთადერთი, ეს პროცესი აფხაზეთში დევნილი მოსახლეობის დაბრუნების პარალელურ რეჟიმში უნდა წარიმართოს.
30 იანვრის ”ნეზავისიმაია გაზეტასთვის” მიცემულ ინტერვიუში თვითაღიარებული აფხაზეთის პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა აცხადებს, რომ არ შეცვლილა სოხუმის ხელისუფლების პოლიტიკა - რუსეთთან ასოცირებული ურთიერთობების დამყარება, რაც გულისხმობს აფხაზეთის რუსეთთან სავალუტო და საბაჟო კავშირში შესვლას, მოსკოვთან კოორდინირებული საგარეო და უშიშროების პოლიტიკის წარმართვას. მისივე განმარტებით, აფხაზეთში მცხოვრებთა 80 პროცენტმა უკვე მიიღო რუსეთის მოქალაქეობა, თუმცა ეს პროცესი სოხუმის ხელისუფლების მიერ არ ყოფილა ორგანიზებული.
იმის შესახებ, თუ რა აზრს ჩამოაყალიბებს აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, პარასკევს გესაუბრებით.
XS
SM
MD
LG