Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეცენტრალიზაცია თბილისის სკოლებში. - განათლების სამინისტრო კომენტარისგან თავს იკავებს


მუნიციპალური სკოლების დაფუძნების შესახებ თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება ოფიციალურად ჯერ არ გამოქვეყნებულა. სწორედ ეს ვითარება აძლევს განათლების სამინისტროს საშუალებას,

თავი შეიკავოს კომენტარისგან. მიუხედავად ამისა, სამინისტროს ცალკეული საჯარო პირები ამ ფაქტით გაღიზიანებას ვერ მალავენ. სამინისტრო საკრებულოს გამოწვევას მხოლოდ დადგენილების გაცნობის შემდეგ მიიღებს. მანამდე მინისტრის მოადგილე რუსუდან გორგილაძე შენიშნავს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დეცენტრალიზაცია და თვითმმართველობა განათლების რეფორმის ძირითადი პრიორიტეტია და, ამდენად, ამ თვალსაზრისით, საკრებულო ორიგინალობით არ გამოირჩევა.

საკრებულოს გადაწყვეტილება თბილისის მუნიციპალური სკოლების დაფუძნების შესახებ სკოლების დემოკრატიზაციის პროცესს გულისხმობს და, ამდენად, მას მოსახლეობაში ოპონენტები პრაქტიკულად არ ჰყავს. სხვა საკითხია, რამდენად შეესაბამება ეს განათლების კანონს და როგორი იქნება დასკვნა, რომელსაც ამ მიმართულებით გასცემს იუსტიციის სამინისტრო. ვინაიდან გადაწყვეტილების მიხედვით, საკრებულო მუნიციპალურ სკოლებს პრაქტიკულად და ფორმალურად მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ბაზაზე აფუძნებს, არ არის გამორიცხული, გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეებმა სწორედ ეს მიიჩნიონ განათლების კანონის დარღვევად. თუმცა, როგორც “განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის” ხელმძღვანელი გია შერვაშიძე ამბობს, საკრებულოს აღნიშნული გადაწყვეტილების ერთ-ერთი დამსახურება სწორედ ისაა, რომ სკოლების სტატუსი განისაზღვრა. ამ საკითხზე სრულიად განსხვავებული მოსაზრება აქვს განათლების მინისტრის მოადგილეს რუსუდან გორგილაძეს.
[რუსუდან გორგილაძის ხმა] “საქართველოში ყველა სკოლა არის სახელმწიფო სკოლა, თუ ის არ არის დაფუძნებული როგორც კერძო სკოლა. ეს წერია კანონში და წაიკითხეთ, ჩაიკითხეთ. რა თქმა უნდა, სახელმწიფო სკოლაა, აბა, როგორი უნდა იყოს. სასაცილოა!”
მინისტრის მოადგილის გაღიზიანებული ტონი, შესაძლოა, იმის ნიშანიც იყოს, რომ მუნიციპალური სკოლების დაფუძნების შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებას უსათუოდ მოჰყვება ეგრეთ წოდებული კანონთა ომი. თვით ამ შესაძლო პერსპექტივის მიუხედავადაც კი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დეცენტრალიზაციის პროცესს ალტერნატივა არ აქვს და ეს სადავო უკვე ყველაზე კონსერვატორულ წრეებშიც კი აღარ არის. ამას ადასტურებს გია შერვაშიძე, რომელიც “განათლების დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის ფარგლებში თავადაც მუშაობდა სასკოლო საბჭოების დებულებაზე. ისიც შეიძლება ითქვას, რომ თბილისის მუნიციპალური სკოლების მოდელი, დიდწილად, სასკოლო საბჭოების მოდელს ეფუძნება და მას იმეორებს.
[გია შერვაშიძის ხმა]“მზაობა მშობლებისა, მზაობა მასწავლებლებისა, რომ ჩაერთონ მართვის პროცესებში, არის ძალიან მაღალი. ეს ყველაფერი მესმის ხოლმე, რომ არ არის სკოლები მზად, როგორ უნდა ვანდოთ მშობელს და, მით უმეტეს, როგორ უნდა ვანდოთ მასწავლებელს, რომ შეარჩიოს თავისი დირექტორი და ასე შემდეგ. თუ ბავშვს ვანდობთ იმ მასწავლებელს, სხვა რაღაცაც უნდა ვანდოთ. ალბათ, უკეთ იცის მშობელმაც და მასწავლებელმაც, თუ რომელი იქნება მისაღები კანდიდატურა.”
მუნიციპალური სკოლები მოსწავლეთა თვითმმართველობების, მშობელთა სათათბიროებისა და პედაგოგიური და სამეურნეო საბჭოების ერთობლიობას წარმოადგენს. არჩევითმა ცხრაკაციანმა სამეურვეო საბჭომ უნდა განსაზღვროს, როგორ უნდა განიკარგოს საბიუჯეტო თუ სხვა სახის თანხები. მანვე უნდა შეარჩიოს სასწავლო პროგრამა და აირჩიოს სკოლის ლიდერი, დირექტორის სახით.
XS
SM
MD
LG