Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 472-ე გამოშვება.

დავით კაკაბაძე:
ახლა კი, ძვირფასო რადიომსმენელებო, გთავაზობთ ყოველკვირეული რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" 472-ე გამოშვებას. მასში განვაგრძობთ მსჯელობას აფხაზეთის კონფლიქტთან და მის მოგვარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და შემოგთავაზებთ ინტერვიუს აფხაზეთიდან ერთ-ერთ დევნილთან, პროფესორ გივი ბოკერიასთან; შემდეგ ვისაუბრებთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე და იმ საფრთხეებზე, რომელიც მათ ემუქრება; შევეცდებით გავარკვიოთ, რატომ იქცა ადამიანის უფლებათა დაცვა საქართველოში მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა პრეროგატივად; რადიოჟურნალის ბოლოს კი შემოგთავაზებთ მასალას რუმინეთში, დრაკულას პარკის გაშენებასთან დაკავშირებულ უთანხმოებებზე. "მეათე სტუდიას" პრაღაში უძღვება დავით კაკაბაძე.

[მუსიკა]

აფხაზეთის დაბრუნება თუ აფხაზეთში დაბრუნება?

დავით კაკაბაძე:
აფხაზეთში მცხოვრებთათვის რუსეთის პასპორტების დარიგებასა და ადლერსა და სოხუმს შორის სარკინიგზო მიმოსვლას მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა როგორც საქართველოს ხელისუფლების, ისე საზოგადოების მხრიდან. გაღიზიანების ფონზე კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან საშუალებათა შესახებ ლაპარაკი თითქოს იმიტომ გრძელდება, რომ სამხედრო მოქმედებათა დაწყების უნარი საქართველოს არ შესწევს. სამხედრო თვალსაზრისით ასეთი უძლურება გაიძულებს მშვიდობაზე ილაპარაკო, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დარწმუნებული ხარ, რომ მშვიდობიანი გზა უპერსპექტივოა. აქამდე არსებულ მოლაპარაკებებს შედეგი არ გამოუღია, რაც აღრმავებს სკეფსისს მშვიდობიანი მოწესრიგების მიმართ. ამ ტიპური განწყობილების წინააღმდეგ გამოდის პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელსაც დავით პაიჭაძე ესაუბრა.

დავით პაიჭაძე:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] იხ. აუდიოვერსია

პაატა ზაქარეიშვილის ეს, ერთი შეხედვით, პარადოქსული აზრი, ბუნებრივად ჰბადებს შეკითხვას: თუ არა მშვიდობიანი მოგვარების მცდელობა, მაშ რა არის ის პროცესი, რაც 1994 წლიდან დღემდე მიმდინარეობს? ამ ხნის მანძილზე გასაგები გახდა, რომ აფხაზებს არ უნდათ დევნილთა დაბრუნება, რადგან ეშინიათ, რომ დაბრუნებული დევნილები დემოგრაფიულ ვითარებას ქართველების სასარგებლოდ შეცვლიან და პროცესები ქართველების კარნახით წარიმართება. ქართული მხარის უპირველესი პირობა კი სწორედ დევნილთა დაბრუნებაა. პოზიციები იმთავითვე შეურიგებელია, არავითარი ცვლილება ქართველების პოზიციებში არ მომხდარა.

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] იხ. აუდიოვერსია

წლების განმავლობაში ასეთ ფონზე ერთადერთი პოლიტიკა აფხაზებზე პრესინგი და მისი გაძლიერების მუდმივი მცდელობაა. საქართველოს ხელისუფლებაში არავინ ფიქრობს, რა მოელის აფხაზეთის დღევანდელ მოსახლეობას დევნილთა დაბრუნების შემთხვევაში, არავინ ითვალისწინებს მათ ინტერესებს. აფხაზეთში რუსეთის დღევანდელ პოლიტიკას შეუძლია საბოლოოდ მოწყვიტოს აფხაზეთი საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული რუსული პოლიტიკა ასევე ემუქრება აფხაზებს

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] იხ. აუდიოვერსია

პაატა ზაქარეიშვილის აზრით, არცევანი საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს არა აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების, არამედ აფხაზეთის საქართველოში დაბრუნების სასარგებლოდ. დევნილთა დაბრუნება შეიძლება იყოს მომდევნო ეტაპი, მანამდე კი საქართველომ

ქართველი პოლიტიკოსები ამ საკითხებს გვერდს უქცევენ. არადა, ისინი პასუხს მოითხოვენ, რაც გულისხმობს დევნილებთან მუშაობასა და კონფლიქტთან დამოკიდებულების შეცვლას.

დავით პაიჭაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

ინტერვიუ აფხაზეთიდან დევნილთან, პროფესორ გივი ბოკერიასთან

დავით კაკაბაძე:
პაატა ზაქარეიშვილის პოზიციას იმის თაობაზე, რომ აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების საკითხი სამშვიდობო პროცესში ამოსავალ წერტილად არ უნდა მოიაზრებოდეს, თავად დევნილთაგან, გასაგებ მიზეზთა გამო, ცოტა ვინმე თუ დაეთანხმება. ამაში დაგარწმუნებთ საუბარი "მეათე სტუდიის" დღევანდელ სტუმართან, სამართლის პროფესორ გივი ბოკერიასთან, რომელიც 1989 წლამდე სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის კათედრის გამგის მოადგილედ მუშაობდა, ლექციებს კითხულობდა სოხუმის უნივერსიტეტშიც, მოღვაწეობდა აფხაზეთის პროკურატურისა და სასამართლო ორგანოებში, გახლდათ ავტონომიური რესპუბლიკის ადვოკატთა კოლეგიის პრეზიდიუმის წევრი. დღეს იგი სამეცნიერო მუშაობას ეწევა ღია ჰუმანიტარულ უნივერსიტეტსა და საერთაშორისო ინსტიტუტ "თბილისში", სადაც სამართლის კათედრა აბარია. ის ხშირად სტუმრობს პრაღასაც, სადაც მისი შვილები ცხოვრობენ. დღეს ბატონი გივი, როგორც გითხარით, ჩვენი სტუმარია.

იხ. აუდიოვერსია

ჰაერში გამოკიდებული საქართველოს ეროვნული ინტერესები და საფრთხეები

დავით კაკაბაძე:
12-წლიანი დამოუკიდებლობის მიუხედავად, საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, შეემუშავებინა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, მკაფიოდ განესაზღვრა ქვეყნის ადგილი თანამედროვე მსოფლიოში, მისი სასიცოცხლო ინტერესები და მათი დაცვის მექანიზმები. თუ იმ ცნობილი ჭეშმარიტებიდან გამოვალთ, რომ ყველაფერი გონივრული უკვე ნათქვამია, ამოცანა თითქოს მარტივად შესასრულებელი ჩანს. მით უფრო, რომ 1996 წლიდან მოყოლებული საქართველოში უსაფრთხოების კონცეფციის რამდენიმე ალტერნატიული პროექტი შემუშავდა და კონსტიტუციის შემდეგ უმთავრესი სახელმწიფოებრივი დოკუმენტის მისაღებად თითქოს ყველა პირობა არსებობდა. მაგრამ მიზეზი, როგორც ირკვევა, ბანალურია და მას ისევ საქართველოს ხელისუფლების უნებისყოფობასთან მივყავართ. მოუსმინეთ კობა ლიკლიკაძეს.

კობა ლიკლიკაძე:
ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შექმნა საქართველოს უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს ერთ-ერთი უმთავრესი რეკომენდაციაა და მისი არსი მეტად მარტივი გახლავთ: საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განსაზღვროს ეროვნული ინტერესები, ქვეყნის სტრატეგიული მიზნები, შემდეგ - საფრთხეები, რაც ამ ეროვნულ ინტერესებს ემუქრება და უშიშროების უზრუნველყოფის სუბიექტებს შესაბამისი ამოცანები დაუსახოს. ყველაფერი დანარჩენი, ანუ თუ ვინ როგორ არის მზად ამ ამოცანის შესასრულებლად და რა უნდა გაკეთდეს სახელისუფლებო ინსტიტუტების გასაძლიერებლად, უკვე ამ დოკუმენტის მიღების შემდეგ უნდა განისაზღვროს. ასეთ მარტივ დებულებებზე აგებული კონცეფციის არსებობის აუცილებლობაზე რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარემ, გენერალმა სერ გარი ჯონსონმა, კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება:

[სერ გარი ჯონსონის ხმა] "საქართველოს სჭირდება ჰქონდეს ქაღალდზე დაწერილი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, სადაც განსაზღვრული იქნება საქართველოს ადგილი მსოფლიოში, მისი მიზნები და საფრთხეები, რაც ხელს უშლის ამ მიზნების განხორციელებას. სულაც არ არის საჭირო, რომ ეს იყოს ვრცელი დოკუმენტი, მაგრამ მან უნდა განსაზღვროს საქართველოს სტრატეგია და მისი განვითარება უახლოესი ათი წლის განმავლობაში. პრაღაში პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ საქართველოს სურს ევროატლანტიკურ ორგანიზაციასა და ევროკავშირში გაწევრიანება. ეს დოკუმენტი უნდა იყოს ამ სურვილის გაგრძელება და უპასუხებდეს შეკითხვას, თუ როგორ გესახებათ ამ მიზნის მიღწევა. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ყველას შეეძლოს ამის გაგება და ამ მიზნის მხარდაჭერა."

თუმცა, როგორც თბილისში მიმდინარე ორდღიან საერთაშორისო სემინარზე გაირკვა, საქართველოში ჯერ იმის განმარტებაა საჭირო, თუ როგორ უნდა იყოს სტრუქტურულად შედგენილი ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტი და როგორ იქნეს თავიდან აცილებული სადღეგრძელოების მსგავსი გრძელ-გრძელი დებულებები. ყველაფერთან ერთად, პრობლემას წარმოადგენს ტერმინთა სემანტიკური მნიშვნელობის დადგენა. ბევრი ექსპერტი ვერ თანხმდება იმაში, ნატოში გაწევრიანება ეროვნულ მიზნად ჩაითვალოს თუ ამ მიზნის მიღწევის საშუალებად. რაც შეეხება ერონული საფრთხეების ჩამონათვალს, იმდენად დიდია სურვილი მასში ჩაიწეროს ყველაფერი - მოსახლეობის დაბალი ეკოლოგიური ცნობიერებით დაწყებული და ახალგაზრდობაში ოჯახების შექმნის სუსტი მოტივაციით დამთავრებული, რომ არ არის გამორიცხული, ასეთი კონცეფციის გასაგებად ცალკე კონცეფციის დაწერაც გახდეს საჭირო. თუმცა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაზე მუშაობის გაჭიანურებაში ინტელექტის პრობლემას გამორიცხავს მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის დირექტორი გია ნოდია,რომელიც თანაორგანიზატორი გახლდათ ამ საკითხებზე თბილისში გამართული საერთაშორისო სემინარისა:

[გია ნოდიას ხმა] "მე მგონი, არანაირი ინტელექტუალური პრობლემა აქ არ არის, აქ არის წმინდად პოლიტიკური ნების პრობლემა, იმიტომ რომ შეიქმნა სახელმწიფო კომისია უკვე რამდენიმე წლის წინ, ბატონ ირაკლი მენაღარიშვილის ხელმძღვანელობით, შეიქმნა გარკვეული პროექტი. გარდა ამისა, კიდევ მრავალი სხვადასხვა ჯგუფი მუშაობდა ამ პროექტის შექმნაზე, მაგრამ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ არ უნდა ასეთი კონცეფცია ამ ეტაპზე - ჩემთვის გასაგებია, რატომ: ასეთი ეროვნული კონცეფცია ერთგვარად ზღუდავს პოლიტიკური ლიდერის თვითნებობას - და უფრო უკეთესად ჩაითვალა, არ იყოს განსაზღვრული ეს მიზნები და როგორც გინდა, ისე ცვალო ისინი."

თავის მხრივ, ასეთ მოსაზრებას არ იზიარებს ეროვნული უშიშროების აპარატში პოლიტიკური ანალიზისა და სტრატეგიული პროექტების უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ჯიმი ჯალიაშვილი, რომელიც კონცეფციის არარსებობას ობიექტური მიზეზებით ხსნის:

[ჯიმი ჯალიაშვილის ხმა] "არა, არა, ამას ვერ ვიტყოდი მე. პირველ რიგში, ვხედავ მიზეზს ერთადერთ რაღაცაში. ეს გახლავთ ის, რომ საქართველო დამოუკიდებლობის შემდგომ ვერ მიიღებდა ამგვარ დოკუმენტს, იმიტომ რომ ბევრი ტენდენციები, ჩვენი სტრატეგიული მიზნების დასახვისათვის აუცილებელი, ჯერ კიდევ გამოუკვეთავი იყო. იგივე საგარეო პოლიტიკური ორიენტაციები, ის ხომ ყალიბდებოდა სულ 1996-97 წლიდან. ჩვენ უფრო ნელ-ნელა ვკვეთავდით იმ კურსს, რომელმაც პრაღაში მოგვცა ასეთი განცხადების გაკეთების საშუალება. ასევე გამოუკვეთავი იყო სხვა მიმართულებით ჩვენი მიზნები და, რაც მთავარია, არ იყო ხელსაყრელი ტენდენციები იმავე საშინაო ცხოვრებაში. ჩვენ ანტიკორუფციული პოლიტიკა როდის შევიმუშავეთ? ეს ყველაფერი უნდა იყოს ასახული. კონცეფცია არ უნდა იყოს თეორიული და სინამდვილეს მოწყვეტილი დოკუმენტი. ის უნდა ეყრდნობოდეს ახლო ან შორვადიან მყარ ტენდენციებს. ამიტომაც გაიჭიმა." [სტილი დაცულია]

ნიშანდობლივი დეტალია ისიც, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას არ ესწრებოდნენ საქართველოს ძალოვან სამინისტროთა ხელმძღვანელები, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი ქვეყნის უსაფრთხოებაზე. თუმცა ცნობილია ერთ-ერთი მათგანის, თავდაცვის მინისტრის, დამოკიდებულება: მე სამხედრო ვარ და მხოლოდ მკაფიოდ დასმული ამოცანა მჭირდება, - 1998 წლიდან ითხოვს დავით თევზაძე. ამ ამოცანის -- უფრო ზუსტად, ამ ამოცანების - განსაზღვრაა სწორედ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის მთავარი სიძნელე და ჯერჯერობით ერთადერთი გადაულახავი დაბრკოლებაც.

კობა ლიკლიკაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა მანდილოსანთა პრეროგატივაა

დავით კაკაბაძე:
პარლამენტის გასული კვირის რიგგარეშე სხდომაზე საკმაოდ დრამატულად წარიმართა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის არჩევნები. შეგახსენებთ: 7 თვის წინათ ამ კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ელენე თევდორაძის გადადგომა პარლამენტში პოლიტიკურ ძალთა ახალმა გადანაწილებამ გამოიწვია. 7-თვიანი "ტაიმ-აუტის" შემდეგ კომიტეტს ახალი თავმჯდომარე - პარლამენტარი ნანა ბიჭიაშვილი ჩაუდგა სათავეში. იმაზე, თუ როგორ წარიმართა არჩევნების პროცესი პარლამენტში, თამარ ჩიქოვანი გესაუბრებათ.

თამარ ჩიქოვანი:
საქართველოში არსებული ტენდენციით, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის უფლებების დაცვა რატომღაც მანდილოსანთა პრეროგატივად იქცა. თუ არ ჩავთვლით საქართველოს პირველ ომბუდსმენს - დავით სალარიძეს, ადამიანის უფლებების დაცვით მხოლოდ ქალები არიან დაკავებულნი. მანდილოსანია საქართველოს დღევანდელი ომბუდსმენი ნანა დევდარიანი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში რუსუდან ბერიძე. ადამიანის უფლებების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატებად ასევე მხოლოდ ქალბატონთა - ელენე თევდორაძის, ნატო ჩხეიძისა და ნანა ბიჭიაშვილის - კანდიდატურები იყო წარმოდგენილი.

შეგახსენებთ: ადამიანის უფლებების დაცვის, მოქალაქეთა პეტიციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც საპარლამენტო უმრავლესობის საბოლოო დაშლის შემდეგ, პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების მოთხოვნით, კომიტეტის თავმჯდომარეების პოსტები დატოვეს ყოფილი უმრავლესობის წევრებმა. თუმცა ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარის არჩევნები თითქმის 7 თვემდე გაიწელა, სხვა კომიტეტებისგან განსხვავებით. სულ რაღაც ორიოდე თვის წინათ საინფორმაციო სააგენტოებმა ინფორმაციაც კი გაავრცელეს ელენე თევდორაძის მიერ გაერთიანებული დემოკრატების რიგების დატოვების შესახებ, რაც თითქოს ამ კომიტეტის თავმჯდომარეობის შენარჩუნების სურვილით იყო გამოწვეული, თუმცა მოგვიანებით თავად ელენე თევდორაძემ უარყო ეს ხმები. მაგრამ რაღაც გარიგებებს რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი, ეს პარლამენტის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემაც დაადასტურა, როცა გააპროტესტა პარლამენტართა ერთი ჯგუფის საყვედური, კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის გაჭიანურებასთან დაკავშირებით.

[ნინო ბურჯანაძის ხმა] "ნუ შევალთ ამ პოლიტიკურ დებატებში, თორემ მაშინ მეც ღიად ვიტყვი, 15 დღეში რატომ არ იქნა კანდიდატურა არჩეული. მოდით, ღიად ვილაპარაკოთ, რა გარიგებები იყო თავის დროზე, როცა გადადგომაზე იყო ლაპარაკი, მერე რა გარიგებები იყო ამ კომიტეტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით....კიდევ ერთხელ გთხოვთ - ყველამ კარგად იცით, 7 თვის განმავლობაში რატომ არ იყო არჩეული კომიტეტის თავმჯდომარე და რა მოლაპარაკებები იყო ამ კომიტეტთან დაკავშირებით."

ამ კვირაში ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის არჩევნებს ინტრიგას მატებდა არა მხოლოდ ის, რომ თბილისში არ იმყოფებოდა ელენე თევდორაძე, - იგი საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში სტრასბურგში გახლდათ, - არამედ კანტიდატთა წამოყენების ინიციატორთა ვინაობებიც. კერძოდ, თუ ნანა ბიჭიაშვილის კანდიდატურას ე.წ. თემატური უმრავლესობა უჭერდა მხარს, ელენე თევდორაძეს კი - გაერთიანებული დემოკრატები, ნატო ჩხეიძის კანდიდატურა, სხვებთან ერთად, ტრადიცონალისტმა აკაკი ასათიანმაც წამოაყენა. ეს კი ადასტურებს ვარაუდს, რომ პოლიტიკური სიმპათიები აკაკი ასათიანსა და ზურაბ ჟვანიას შორის დასრულდა და აკაკი ასათიანი უფრო მიხეილ სააკაშვილისკენ იხრება. რაც შეეხება გაცხადებულ არგუმენტს, თუ რატომ არ დაუჭირა თემატურმა უმრავლესობამ ელენე თევდორაძის კანდიდატურას მხარი, სოციალისტთა ლიდერის ვახტანგ რჩეულიშვილის განმარტებით, [ვახტანგ რჩეულიშვილის ხმა] "ქალბატონი ელენეს განხილვა, საერთოდ, ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარეობაზე არ შეიძლება... თვითონ მოიჭრა ყველანაირი გზა, როდესაც კონსტიტუცია დაარღვია და საკრებულოში მან, ბარამიძემ და ელდარ შენგელაიამ ხმა მისცეს სააკაშვილს. იმიტომ კი არა, რომ ეს სააკაშვილი იყო. იმიტომ, რომ არ შეიძლებოდა დეპუტატს მონაწილეობა მიეღო იქ. ამიტომაც კონსტიტუციის დამრღვევი დეპუტატი ვერავის უფლებებს ვერ დაიცავს და ვერც განიხილავს პარლამენტი და ვერ მივცემთ ჩვენ ხმას... კომიტეტის დასკვნა არსებობს, რომ არ უნდა იყოს პარლამენტში ეს სამი კაცი. ჩვენ შეგვეცოდა და დავტოვეთ. არასწორად დავტოვეთ... პრეტენზია გაუჩნდათ, თანამდებობაზე უნდა ვიყოთო..."

ნატო ჩხეიძის მიერ კანდიდატურის მოხსნის შემდეგ პარლამენტმა ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ ნანა ბიჭიაშვილი ისე დაამტკიცა, რომ მისი პროგრამის მოსმენაზე დრო არ დაუკარგავს.

თამარ ჩიქოვანი, რადიო "თავისუფლებისათვის", თბილისი.

გაშენდება თუ არა დრაკულას პარკი?

დავით კაკაბაძე:
"აქ გაშენდება დრაკულას პარკი" - ასეთი წარწერა ამშვენებს რუმინეთის ტურიზმის სამინისტროს მიერ გაკეთებულ სარეკლამო ფირნიშს, რომელიც ტრანსილვანიის ქალაქ სიგიშოარის მახლობლად მდებარე ტყიან პლატოზეა მოთავსებული. მაგრამ ფირნიში არაფერს ამბობს იმაზე, თუ როდის უნდა შესრულდეს დაგეგმილი სამუშაოები და, საერთოდ, ამ პროექტის გარშემო აზრთა დიდი სხვადასხვაობაა. რადიომსმენელს შევახსენებ, რომ ეს გასართობი პარკი უნდა მიეძღვნას მითს, რომელიც უკავშირდება მე-15 საუკუნეში რუმინეთში მცხოვრებ გრაფ ვლად დრაკულას. ამ მითის შექმნას ხელი შეუწყო მე-19 საუკუნის ირლანდიელი მწერლის, ბრემ სტოკერის რომანმა "დრაკულა", ხოლო შემდეგ - კინობიზნესმა. ალბათ გახსოვთ, რომ ვამპირი დრაკულას ამბავი ერთ-ერთი კოლორიტული და შემოსავლის მომტანი თემაა ჰოლივუდში და, საერთოდ, კინოში. დღევანდელ რეალობასთან დრაკულას მითის მორგების მცდელობაზე ბიძინა რამიშვილი გესაუბრებათ.

ბიძინა რამიშვილი:
რუმინეთის მთავრობა დიდ იმედებს ამყარებს დრაკულას პარკზე. საქმე ისაა, რომ ვინაიდან დრაკულას თემა საერთაშორისო პოპულარობით სარგებლობს, რუმინელები დიდი რაოდენობის ტურისტებისა და უცხოელი ინვესტორების მიზიდვას იმედოვნებენ.

როგორც რუმინეთის ტურიზმის მინისტრმა მატეი აგათონ დანმა უთხრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, ეუჯენ ტომიუკს, საკონსულტაციო ფირმა "პრაისუოტერჰაუს-კუპერსმა" დაიანგარიშა პროექტის მომგებიანობა და ურჩია მთავრობას მისი განხორციელება. მაგრამ გაურკვეველი დარჩა პარკის ადგილმდებარეობის საკითხი.

[დანის ხმა] "რენტაბელურობის თაობაზე წინასწარი გამოკვლევის შედეგები ბრწინვალეა. დრაკულას პარკის პროექტი ფინანსურად განხორციელებადი და მისაღებია. კონტრაქტის მეორე ნაწილი ითვალისწინებს იმის გარკვევას, თუ სად უნდა გაშენდეს პარკი. შესაძლებელ კანდიდატთა შორისაა სიგიშოარაც. ჩემთვის საუკეთესო ადგილმდებარეობაა ის, რომელიც მეტ ტურისტს მიიზიდავს და, რა თქმა უნდა, მეტ მოგებას მოიტანს".

ისტორიული გმირი, ვლად დრაკულა, რომლის გარშემო წარმოქმნილი მითის ექსპლოატაციასაც ეხება მთელი ეს ამბავი, თავად რუმინეთში სრულიად სხვა რეპუტაციით სარგებლობს, ვიდრე ქვეყნის გარეთ. რუმინელებისთვის იგი იყო დიდი პატრიოდი, თურქი დამპყრობლების წინააღმდეგ მებრძოლი ეროვნული გმირი. რაც შეეხება ვამპირობას, ამის თაობაზე ჭორები, ლეგენდები თუ მითები, ბევრად გვიან გაჩნდა.

კომუნიზმის დაცემის შემდეგ, საბაზრო ურთიერთობებში გარკვეული რუმინელებიც ცდილობენ, მოგების ნებისმიერი ახალი საშუალება გამოიყენონ. ამიტომაც ეროვნული გმირის იმიჯი ემსხვერპლა ჰოლივუდში შექმნილ მითს სისხლისმსმელი ვამპირის შესახებ. დისნეილენდის ტიპის პარკის შექმნა რუმინეთს საკმაოდ სოლიდურ მოგებას უქადის.

პარკში გათვალისწინებულია მრავალი სახეობის ატრაქციონების მოწყობა. გაიმართება ე.წ. ჰორორ-შოუს წარმოდგენები. აიგება თეატრი ღია ცის ქვეშ, რესტორნები, სასტუმროები, მაღაზიები, ტბები და საცხენოსნო მანეჟები. იქვე მოეწყობა ვამპიროლოგიის საერთაშორისო ცენტრი.

მაგრამ ყველაფერი ეს ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა. საქმე ისაა, რომ იოლი არ იქნება პარკის ადგილმდებარეობაზე შეთანხმება. მთავრობას სურს, პარკი გრაფ დრაკულას მშობლიურ ქალაქში მოაწყოს. საკონსულტაციო ფირმის გაანგარიშებით კი, ბევრად მეტი ტურისტის მიზიდვა მოხერხდება, თუკი პარკი ბუქარესტის მახლობლად განთავსდება.

მაგრამ პროექტის მთავარი მოწინააღმდეგეები გარემოს დამცველები არიან. სიგიშოარა უნესკოს მიერ დაცული ისტორიული ქალაქია. მათი აზრით, ამ რეგიონში პარკის გაშენება საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ უნიკალურ ბუნებას, არამედ ისტორიულ ძეგლებსაც.

დავით კაკაბაძე:
ეს გახლავთ კომპოზიტორ ვოიცეხ კილარის მუსიკა ფრენსის ფორდ კოპოლას კინოფილმისთვის "დრაკულა". დღევანდელ გადაცემას სწორედ ამ მუსიკალური ნაწყვეტით დავამთავრებთ. "მეათე სტუდია" პრაღაში მოამზადეს ბიძინა რამიშვილმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. რადიოჟურნალს დავით კაკაბაძე უძღვებოდა. მომავალ შეხვედრამდე.

[მუსიკა]
XS
SM
MD
LG