Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია აფხაზეთთან დაკავშირებით


ხუთშაბათს, 30 იანვარს, გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო რეზოლუცია აფხაზეთის თაობაზე. რეზოლუცია მხარს უჭერს აფხაზეთის სამომავლო სტატუსის თაობაზე გაეროს მიერ

შემუშავებულ "დოკუმენტს თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის თაობაზე", რომელიც "ბოდენის დოკუმენტის" სახელითაა ცნობილი და რომელშიც აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში მოიაზრება საგანგებო ავტონომიური უფლებებით.

გაეროს თანახმად, "ბოდენის დოკუმენტი" საფუძველი უნდა იყოს მომავალი სამშვიდობო მოლაპარაკებებისა თბილისსა და სოხუმს შორის. ხუთშაბათს გაეროს უშიშროების საბჭომ თავისი მოქმედებით კიდევ ერთხელ მოუწოდა აფხაზეთის ლიდერებს, მიიღონ გაეროს ხელშეწყობით შექმნილი ეს დოკუმენტი.

რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნები მხარს უჭერენ "საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას."

მიუხედავად ამისა, გუშინვე საქართველოს მხარემ პროტესტი განაცხადა რეზოლუციასთან დაკავშირებით. გაეროში საქართველოს ელჩმა რევაზ ადამიამ უშიშროების საბჭოს გაუგზავნა წერილი, რომელშიც უკმაყოფილებაა გამოთქმული რუსეთის, როგორც თბილისსა და სოხუმს შორის კონფლიქტში შუამავლის როლის თაობაზე. წერილი შეიცავს საბჭოსადმი მოწოდებას, რომ უფრო ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას სამშვიდობო პროცესის განსაახლებლად.

ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ნიუ იორკში, რობერტ მაკმეჰონი ეცადა კომენტარისთვის დაკავშირებოდა რუსეთის მხარეს. მაგრამ გაეროში რუსეთის მისია არ გამოეხმაურა მის თხოვნას.

რევაზ ადამიამ სიტყვით გამოსვლა ითხოვა ხუთშაბათის ღია სხდომაზე, რომელზეც შედგა "ბოდენის დოკუმენტის" თაობაზე კენჭისყრა. მაგრამ როგორც უშიშროების საბჭოს ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, საფრანგეთის ელჩმა გაეროში, ჟან-მარკ დე ლა საბლიერმა განუცხადა მას, საბჭომ გადაწყვიტა არ გამართულიყო რეზოლუციის გარშემო დებატები.

უშიშროების საბჭოს დასავლელმა წევრებმა თქვეს, რომ არ სურთ რუსეთთან ურთიერთობების გამწვავება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის თაობაზე მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ. ეს შეხვედრა ჟენევაში გაიმართება 19-20 თებერვალს და მასში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის, შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ბულგარეთის მაღალი რანგის წარმომადგენლები.

როგორც ადამიამ ჩვენს რადიოს განუცხადა, იმ დროს, როცა აფხაზეთის გარშემო ვითარება უარესდება, საქართველოს მთავრობა უფრო მკაცრ მესიჯს მოელოდა გაეროს უშიშროების საბჭოსგან.

ე.წ. გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის წევრი ქვეყნების უმეტესობაც მოელოდა უფრო მკაცრ ტონს ხუთშაბას მიღებულ რეზოლუციაში, რომელიც აფხაზ სეპარატისთა ლიდერებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

დასავლელმა დიპლომატებმა განუცხადეს ჩვენს კორესპონდენტს, რომ მათ სურდათ რეზოლუციაში ასახვა ეპოვა საქართველოსა და რუსეთს შორის აფხაზეთის გამო უკანასკნელ ხანებში გაუარესებულ ურთერთობებს. მაგრამ რუსეთის წარმომადგენლებმა უარი თქვეს ამ საკითხის განხილვაზე.

დაბოლოს, უშიშროების საბჭომ ხუთშაბათის სხდომაზე ექვსი თვით გაუგრძელა მანდატი საქართველოში გაეროს მეთვალყურეთა მისიას. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ მანდატის საკითხი ხელახლა განიხილება, თუკი 15 თებერვლამდე არ გადაწყდება აფხაზეთში განთავსებული რუსეთის სამშვიდობო ძალების ბედი. რადიომსმენელებს შევახსენებ, რომ აფხაზეთში გაეროს მეთვალყურეთა უსაფრთხოებას რუსეთის სამშვიდობო ძალები უზრუნველყოფენ.

გაეროს უშიშროების საბჭოს ზემოხსენებული რეზოლუციის ინგლისურ ტექსტს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ მისამართზე:


http://www.un.org/News/Press/docs/2003/sc7651.doc.htm
XS
SM
MD
LG