Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაძაბულობა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში


დიდი ლიახვის ხეობის ქართული სოფლების მოსახლეობა დაძაბულობის ზღვარზე იმყოფება. ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ოსურ გარემოცვაში მოქცეული 9 ქართული სოფლის

მცხოვრებლებს ცხინვალში შესასვლელად ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის დამადასტურებელ პასპორტებს სთხოვენ. ამით კი ხელოვნურად უღობავენ არათუ სხვაგან, გორში შესასვლელ გზებსაც კი. საქმე ისაა, რომ, ამ სოფლების გეოგრაფიული მდებარეობის გამო, გორში ცხინვალის გავლის გარეშე მოხვედრა პრაქტიკულად შეუძლებელია. ოფიციალური თბილისის ვარაუდით, ოსური მხარის ამგვარი აგრესია კონფლიქტის ზონაში ქართული პოლიციის ბლოკ-პოსტების გახსნის საპასუხო რეაქციაა მხოლოდ და კონფლიქტის გამწვავება არ უდევს საფუძვლად. დიდი ლიახვის ქართველობისთვის არაოფიციალური სავიზო რეჟიმის ამოქმედების პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია ცხინვალის მილიციის რუსული საბრძოლო ტექნიკით შეიარაღების შესახებაც.


ამ ინფორმაციის სანდოობის დამტკიცება ძნელია იმ უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ცნობის გამო, რომელსაც, ოფიციალური თბილისისა და ცხინვალის გარდა, არაოფიციალური თბილისი და ცხინვალიც ავრცელებენ. მათ გარდა, დავუკავშირდით ჩვენს გორელ კორესპონდენტს, გოგა აფციაურს, რომელიც ინტერვიუს მომენტში სწორედ დიდი ლიახვის ხეობაში იმყოფებოდა.
[გოგა აფციაურის ხმა]"მე ვიმყოფებოდი ხუთშაბათის შეხვედრაზე, ქართულ მხარესაც, რუსულ მხარესაც, ოსურ მხარესაც ვესაუბრე და ისინი არ ადასტურებენ ამ ინფორმაციას. მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებდა, რომ ვლადიკავკაზიდან სადღაც ჯავის მისადგომებთან რამდენიმე ერთეული მძიმე ტექნიკის თავმოყრა შეინიშნებაო, მაგრამ ეს ქართული სოფლები უნდა გამოიაროს ამ ტექნიკამ, რომ მოხვდეს ცხინვალში. ჰოდა, ეს ქართული სოფლები ამ ტექნიკას არ გამოუვლია."
ჯავა და ჯავის რაიონი, სადაც ჩვენი კორესპონდენტის მონაცემებით, შესაძლოა, მართლაც შეჩერდა რუსული შეიარაღება, სამშვიდობო ძალების კონტროლის ზონაში არ შედის. სწორედ ეს გარემოება ართულებს მდგომარეობას, რაზეც ქართულ-ოსური შერეული საკონტროლო კომისიის ქართული მხარის წარმომადგენელი ირაკლი მაჭავარიანიც მიუთითებს.
[ირაკლი მაჭავარიანის ხმა]"ჯავაში რა ხდება, მე შეიძლება მხოლოდ, ასე ვთქვათ, აგენტურული მონაცემებიდან ვიცოდე, თორემ არა მაქვს უფლება მივიდე და შევამოწმო იქ ან გავაკონტროლო რამენაირად. აი, ცხინვალში და თვითონ კონფლიქტის ზონის შიგნით, იქ, შემიძლია დავიფიცო, რომ არაფერი ნამდვილად არ არის და, რაც შეეხება ჯავას, იქ შეიძლება. ალბათ, შესამოწმებელია."
ოთხი ტანკი, ქვეითი ჯარის 15 საბრძოლო მანქანა, ჯავშანტრანსპორტიორი - მოკლედ, საკმარისად დიდი რაოდენობის მძიმე ტექნიკა - ცხინვალში რუსეთიდან ამ ორი-სამი თვის წინ შევიდა და ეს ფაქტი ცხინვალის ხელისუფლებას მაშინ ნამდვილად არ დაუმალავს. ეს იყო დრო, როცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალური ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩასატარებლად ემზადებოდა. ცხინვალმა ეს ოპერაცია პანკისის ხეობაში დამთავრებული ოპერაციის გაგრძელებად და, შესაბამისად, მისი ეგრეთ წოდებული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ აქციად მიიჩნია და შეიარაღების გაძლიერებაც სწორედ ამით ახსნა. დღეს არსებული პოლიტიკური ვითარება, თუნდაც გასული წლის ოქტომბრისგან განსხვავებით, ცხინვალისათვის სეპარატისტული ამბიციების ჩახშობის საფრთხედ არ უნდა იკითხებოდეს. თუმცა არის, ერთი შეხედვით, არაპოლიტიკური რეალობაც, რომელიც კონფლიქტის გამწვავებას მუდმივად ხელს უწყობს.
[გოგა აფციაურის ხმა]"აქ გადმოსულან ოსი მოქალაქეები - ზაზა კახნიაშვილს საკუთარი სახლის წინიდან გასტაცეს ავტომანქანა 07. და ამ დროს გამოვიდა მთელი სოფელი გარეთ, იყო სროლებიც. ეს ახალგაზრდები ამბობენ, რომ მათი მოთმინების ფიალა უკვე ავსებულია, - ამ ვიზების მოთხოვნასთან დაკავშირებით, პასპორტებთან დაკავშირებით. - ამას ემატება ეს ინციდენტები და, ასე ვთქვათ, შესაძლოა, რაღაც შეიარაღებულ კონფლიქტამდე მივიდეს საქმე."
XS
SM
MD
LG