Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა ერაყის კრიზისი და ევროპის საბჭო მოსკოვს აკრიტიკებს ჩეჩნეთის გამო - ამ საკითხების გარშემო გვექნება საუბარი უცხოეთის პრესის დღევანდელ მიმოხილვაში.

როგორც ბრიტანეთის გაზეთი "დეილი ტელეგრაფი" მიიჩნევს, ერაყში სრულმასშტაბიანი და სისხლიანი ომის გასაჩაღებლად აუცილებელია სარწმუნო დადასტურება იმისა, რომ ბაღდადი მასობრივი განადგურების იარაღს აწარმოებს, და ამდენად, გაეროს რეზოლუციებს არღვევს. გაზეთი წერს:

"შესაძლოა მოინახოს ამგვარი სამხილი, მაგრამ ის, რაც ლონდონმა და ვაშინგტონმა წარმოადგინეს აქამდე, არაა საკმარისი. შესაძლოა სადამ ჰუსეინი მართლაც იმდენად ცრუ და უგუნურია, რომ ომის გარდა სხვა შესაძლებლობა აღარ არსებობს. თუმცა ამგვარი ომი, გაეროს პრეროგატივა უნდა იყოს. ამასობაში, აშშ და ბრიტანეთი ომის გარდაუვალობაზე ლაპარაკობენ, რითაც მასზე სხვა ქვეყნების თანხმობის პერსპექტივას ართულებენ. ერაყი არა ამერიკელებსა და ბრიტანელებს, არამედ გერთიანებული ერებით წარმოდგენილ საერთაშორისო-სამართლებრივ სისტემას უქმნის საფრთხეს".

ქალაქ ბოსტონში გამომავალი გაზეთი "ქრისჩიენ საიანს მონიტორი" ირონიით მოიხსენიებს იმ იდეას, რომ შეიქმნას დემოკრატიული ერაყი, რომელიც მისაბაძი მოდელი გახდება ახლო აღმოსავლეთის რეგიონისა და მთელი არაბული სამყაროსთვის. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში დასძენს:

"ეს სახელმწიფო, ერაყი, რომლის მოსახლეობა სამ ჯგუფადაა გაყოფილი, და რომელიც ხელოვნურად შექმნეს ბრიტანელმა კოლონიზატორებმა, შეგვიძლია მივიჩნიოთ თავისებურ ახლო აღმოსავლეთის იუგოსლავიად, სადაც დემოკრატიული ტრადიციები არაა დამკვიდრებული. ამდენად, იმისთვის, რათა აქ დემოკრატია აშენდეს, აშშ მეტის სერიოზულობით უნდა მოეკიდოს ამ საქმეს და მომავალში, საკუთარი დაპირებები შეასრულოს".

გაზეთი "ზიუდოიჩე ცაიტუნგი" ერაყთან მიმართებაში რუსეთის პოზიციას უკეთებს კომენტარს. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

"ჯერჯერობით გაურკვეველია, რა პოზიციას დაიკავებს მოსკოვი, თუ გაეროს უშიშროების საბჭოში კიდევ ერთი რეზოლუციის მისაღებად მოეწყობა კენჭისყრა. თუმცა, კრემლის აშკარა ინტერესები, ერაყში, სახეზეა. ჯერ ერთი რუსეთის მიზანია, რომ მისი ვალი გაისტუმროს ერაყმა. გარდა ამისა, მოსკოვმა ანგარიში უნდა გაუწიოს თავისი ნავთობკომპანიების ინტერესებს. დაბოლოს, ნავთობის ექსპორტია რუსეთის ეკონომიკის ძირითადი საყრდენი, და ამ ნედლეულის გაიაფება მსოფლიო ბაზარზე, მძიმე დარტყმას მიაყენებდა რუსეთის ბიუჯეტს. ამიტომაც სურს რუსეთს გარკვეული გარანტიების მიღება, რომ ბაღდადში რეჟიმის შეცვლის შემთხვევაში, მსოფლიო ბაზრები ერაყული ნავთობით არ დაიტბორება".

როგორც გაზეთ "გარდიანის" მიმომხილველი იან ბლეკი აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც ევროპის 9 ქვეყნის ლიდერებმა, ხუთშაბათს, 30 იანვარს გამოქვეყნებულ ღია წერილში აშშ-ს გამოუცხადეს თანადგომა, მაშინ როცა სხვა ქვეყნები კვლავინდებურად არ ამართლებენ ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ერაყის კრიზისის გამო ევროპა ორ ურთიერთმოქიშპე ბანაკადაა გაყოფილი. ბრიტანელი ჟურნალისტი წერს:

"ხსენებულ ღია წერილს, რომელიც ერაყის კრიზისის მოგვარების საქმეში მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდებს ევროპასა და შეერთებულ შტატებს, ევროკავშირის 15-ტ წევრიდან მხოლოდ ხუთმა: ბრიტანეთმა, ესპანეთმა, იტალიამ, დანიამ და პორტუგალიამ მოაწერა ხელი. ამ ხუთეულს ევროკავშირის მომავალი წევრები: პოლონეთი, უნრგეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა და სლოვაკეთიც შეუერთდნენ. ამდენად, უნდა ვაღიაროთ, რომ ერაყის კრიზისმა განხეთქილება გამოიწვია ევროკავშირში, ვინაიდან საფრანგეთსა და გერმანიას გაუმართლებლად მიაჩნიათ ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება."

უკეთებს რა კომენტარს ევროპის 9 ქვეყნის ლიდერების ღია წერილს, რომელშიც ერაყის კრიზისში ვაშინგტონის პოლიტიკისადმი მხარდაჭერაა გამოთქმული, ლონდონის ყოველდღიური გაზეთი "ტაიმსი" წერს, რომ ხსენებული ერთობლივი განცხადება ალბად გააქარწყლებს მითს იმის შესახებ, რომ სადამ ჰუსეინმა ტრანსატლანტიკური კავშირის გახლეჩა შესძლო. ხოლო გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი" ჩეჩნეთის პრობლემას უბრუნდება და აღშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ რუსეთის ხელისუფლება ზეწოლას ახდენს ინგუშეთში გახიზნულ ჩეჩენ ლტოლვილებზე, რათა ისინი დაბრუნდნენ სამშობლოში, სადაც ომი მძვინვარებს. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში წერს:

"როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის, "ჰიუმენ რაიტს უოჩის" წარმომადგენლები აცხადებენ, რუსეთის ხელისუფლება ზეწოლას ახდენს და აშინებს 23ი ათას ჩეჩენს, რომლებიც ათ კარვებიან ბანაკში ცხოვრობენ. ხელისუფლების წარმომადგენლები იმუქრებიან, რომ შეუწყვეტენ ამ ბანაკებს სურსათით მომარაგებას, აგრეთვე გაზისა და დენის მიწოდებას. "ჰიუმენ რაიტს უოჩის" საანგარიშო მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსეთი არღვევს მთელ რიგ საერთაშორისო შეთანხმებებს, რომლებიც კრძალავს ლტოლვილთა იძულებით გადაადგილებას იმ ტერიტორიებზე, სადაც მათ საფრთხე ემუქრებათ. რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სურს რაღა თქმა უნდა ჩეჩენი ლტოლვილების დაბრუნება თავიანთ სახლებში, მაგრამ, არავინ არ აძევებს ლტოლვილებს ინგუშეთიდან. ამასობაში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, სტრასბურგში, დელეგატებმა მძაფრად გააკრიტიკეს მოსკოვის გადაწყვეტილება - რეფერენდუმი მოაწყოს 23 მარტს ჩეჩნეთში, კავკასიის ამ პატარა რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის თაობაზე. როგორც ჩეჩნეთის საკითხზე შექმნილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის "სახელმწიფო დუმა - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის" თანათავმჯდომარემ, ლორდმა ფრენკ ჯადმა განაცხადა, დღევანდელ ვითარებაში არანაირი აზრი არა აქვს ჩეჩნეთში რეფერენდუმის მოწყობას, მაშინ როცა რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ რეფერენდუმი, ჩეჩნეთში ვითარების ნორმალიზაციის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება."

"ჰიუმენ რაიტს უოჩის" საანგარიშო მოხსენებას გაზეთი "ნიუ-იორკ ტაიმსიც" გამოეხმაურა. როგორც გაზეთი აღნიშნავს, მოხსენების ავტორები კრემლს ადანაშაულებენ იმაში, რომ მშვიდობიან მოქალაქეთა უფლებების მიუტევებელი დარღვევისთვის, ჩეჩნეთში, რუსი სამხედროები დაუსჯელი რჩებიან. მოხსენებაში ისიცაა ნათქვამი, რომ ჩეჩენი მეამბოხეები ასევე არღვევენ კონვენციებს, რომლებიც კრძალავს ადამიანის უფლებათა ხელყოფას, ხოლო სეპარატისტული მოძრაობის წარმომადგენლები არც თუ დიდის ენთუზიაზმით გმობენ ძალადობის კამპანიას.

"მეამბოხე პარტიზანებს აკისრიათ, როგორც ჩანს, ჩეჩნეთის პრომოსკოვური ადმინისტრაციის ადგილობრივ მოხელეთა მკვლელობის პასუხისმგებლობა" - ვკითხულობთ "ჰიუმენ რაიტს უოჩის" საანგარიშო მოხსენებაში. ამ 27-გვერდიან დოკუმენტში მოყვანილია ახალი ცნობები იმის შესახებ, თუ როგორ არღვევს ორივე მხარე ადამიანის უფლებებს, თუმცა კონფლიქტის საერთო სურათი ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყებიდან დიდად არ შეცვლილა: გააფრთებული მეამბოხეები, დაქირავებული მეომრებითა და ცუდად დისციპლინირებული წვევამდელებით წარმოდგენილ ფედერალურ ჯარს ეომებიან."

როგორც გაზეთი "ნოიე ციურხერ ცაიტუნგი" აღნიშნავს სარედაქციო სტატიაში, მართალია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კვლავ დაგმო ძალადობა ჩეჩენ მეამბოხეთა მხრიდან, მაგრამ სტრასბურგში მიმდინარე სესიის მონაწილეებს არც ის გამორჩენიათ მხედველობიდან, რომ მოსკოვი კვლავაც სამხედრო ძალაზე აკეთებს აქცენტს, ნაცვლად იმისა, პოლიტიკური საშუალებებით შეეცადოს ჩეჩნეთის კონფლიქტის მოგვარებას. გაზეთი განაგრძობს:

"როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ოთხშაბათს მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი, რუსეთის ხელისუფლებას, როგორც ჩანს, არ შესწევთ უნარი - აღკვეთოს ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა მიუტევებელი დარღვევის შემთხვევები. რეზოლუციას საფუძვლად დაედო საანგარიშო მოხსენება ევროპის საბჭოს დელეგაციისა, რომელმაც 20-დან 24 იანვრის ჩათვლით, ჩეჩნეთსა და მოსკოვში იმოგზაურა. დელეგაციაში ბრიტანელი ლორდი ჯადი, გერმანიის წარმომადგენელი რუდოლფ ბინდიგი და პოლონელი ტადეუშ ივინსკი შედიოდნენ."
XS
SM
MD
LG