Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაცლავ ჰაველი ჩეხეთის პრეზიდენტის პოსტს ეთხოვება


ანდრო ეული, პრაღა კვირას, 2 თებერვალს, ჩეხეთის პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი უკანასკნელად გამოცხადდება თავის ოფიციალურ რეზიდენციაში, სადაც 13 წლის წინათ მისი, როგორც ცივი ომის შემდგომი

ჩეხოსლოვაკიის პირველი პრეზიდენტის, ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

როგორც დრამატურგი, მწერალი, ადამიანის უფლებათა მოძრაობის დევნილი აქტივისტი, საბჭოთა მმართველობის წინააღმდეგ მშვიდობიანი რევოლუციის ლიდერი და ორი სახელმწიფოს პრეზიდენტი, ვაცლავ ჰაველი ევროპის ინტელექტუალური და პოლიტიკური ცხოვრების ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული განვლილი 35 წლის მანძილზე.

66 წლის ჰაველი კვირას ამოწურავს ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტობის მეორე ვადას. 1989 წლის დეკემბრიდან 1992 წლის ივლისამდე იგი მაშინდელი ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტიც იყო.

როგორც მისი უახლოესი მეგობარი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ტიმოთი გარტონ ეში შენიშნავს, ვაცლავ ჰაველი არის ცოცხალი სიმბოლო იმ სრულიად უჩვეულო და მშვიდობიანი ტრანსფორმაციისა, უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე რომ მოხდა ევროპაში.

ვაცლავ ჰაველი თანაავტორი იყო 26 წლის წინათ გამოქვეყნებული პეტიციისა სახელწოდებით "ქარტია-77", რომელიც ჩეხოსლოვაკიის კომუნისტ ლიდერებს მოუწოდებდა, პატივი ეცათ ადამიანის უფლებათა სფეროში დადებული იმ საერთაშორისო შეთანხმებებისა და კონვენციებისთვის, რომლებსაც თავადაც მოაწერეს ხელი. მაგრამ ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა ვაცლავ ჰაველს ძვირად დაუჯდა. მან ხუთ წელიწადზე მეტ ხანს დაჰყო ციხეში, მათ შორის 4 თვე - 1989 წელს.

1989 წლის მაისში, ციხიდან გათავისუფლებულმა ჰაველმა პრესისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: [ვაცლავ ჰაველის ხმა] "წლების მანძილზე აპათიისა და ლეთარგიის მდგომარეობაში მყოფმა ჩვენმა საზოგადოებამ გამოიღვიძა, და მე ერთგვარი ბიძგი მივეცი ხალხს, გამოეთქვა თავისი აზრი. ამგვარი სწრაფვა სრული თავისუფლებისკენ მახარებს, ძალას მმატებს და სტიმულს მაძლევს; ვხვდები, რომ ამაოდ არ ვმჯდარვარ ციხეში, რომ ამას აზრი ჰქონდა."

მეზობელ აღმოსავლეთ გერმანიაში ორთვიანი დემონსტრაციების შემდეგ კომუნისტურმა მთავრობამ, 1989 წლის 9 ნოემბერს ბერლინის კედელი გახსნა და აღმოსავლეთგერმანელებს დასავლეთში გამგზავრების ნება დართო. საბჭოთა კავშირი საქმეში არ ჩარეულა. რვა დღეში, 17 ნოემბერს, სტუდენტური დემონსტრაცია პრაღაში ძალადობაში გადაიზარდა, როცა პოლიციის სპეცდანაყოფებმა ალყაში მოქცეულ დემონსტრანტებს ცემა დაუწყეს. მომდევნო ღამეებში, ჩეხოსლოვაკიის ქალაქებში მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციები გაიმართა.

19 ნოემბერს ვაცლავ ჰაველის ინიციატივით დაარსდა სამოქალაქო ფორუმი - მოძრაობა, რომელშიც, ისევე, როგორც 13 წლის წინათ დაარსებულ "ქარტია-77"-ში, პოლიტიკურ მიმართულებათა ფართო სპექტრი იყო წარმოდგენილი.

1989 წლის 14 ნოემბერს, 300 000-კაციან მიტინგზე, პრაღის ცენტრში მდებარე ვაცლავის მოედანზე, ვაცლავ ჰაველმა განაცხადა: [ვაცლავ ჰაველის ხმა] "ჩვენი სურვილია, ვიცხოვროთ თავისუფალ, შემოქმედებითსა და აღორძინებულ ჩეხოსლოვაკიაში. გვინდა დავუბრუნდეთ ევროპას და არასოდეს ვუღალატებთ ჩვენს იდეალებს, რაც უნდა მოხდეს ამ დღეებში."

იმ საღამოს ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის ცენტრელური კომიტეტის პოლიტბიურო სრული შემადგენლობით გადადგა.

1989 წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს, ვაცლავის მოედანზე გამართულ ხალხმრავალ დემონსტრაციაზე, ვაცლავ ჰაველმა პრეზიდენტობის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
კომუნისტების უმრავლესობით წარმოდგენილმა ფედერალურმა კრებამ არაკომუნისტები მიიწვია პარლამენტში და 1989 წლის 29 დეკემბერს ჰაველი აირჩია ჩეხოსლოვაკიის დროებით პრეზიდენტად.

1990 წელს, პირველად 50 წელიწადზე მეტი ხნის მანძილზე, ჩეხოსლოვაკიაში ჭეშმარიტად თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები გაიმართა. ახალმა ფედერალურმა კრებამ ხელმეორედ აირჩია ჰაველი პრეზიდენტად ორწლიანი დროებითი ვადით, და სწორედ ამ პერიოდში იწყებენ სლოვაკები სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნას.

ჯერ კიდევ 1991 წლის ოქტომბერში მიცემულ ინტერვიუში, ჰაველი გამოთქვამს იმედს, რომ არ მოხდება ჩეხებისა და სლოვაკების ერთიანი სახელმწიფოს დაშლა. მაგრამ 1992 წლის მაისში, როცა ქვეყანაში პარლამენტის წინასაარჩევნო კამპანია იყო გაჩაღებული, ვაცლავ ჰაველი მიხვდა, რომ ჩეხოსლოვაკიის დაშლა გარდაუვალი იყო.

სლოვაკებმა ერთხმად აირჩიეს ნაციონალისტი, პოპულისტი ლიდერები, ხოლო ჩეხებმა მემარჯვენე-ცენტრისტებს მიანიჭეს უპირატესობა. ამდენად, მწვანე შუქი მიეცა ჩეხებისა და სლოვაკების "ხავერდოვან განქორწინებას" და რამდენიმე წუთით ადრე, ვიდრე პარლამენტი ბრატისლავაში, სლოვაკეთს სუვერენულ სახელმწიფოდ გამოაცხადებდა, ვაცლავ ჰაველი გადადგა.

უკანასკნელი 6 თვე ჩეხოსლოვაკიას უპრეზიდენტოდ მართავდა დროებითი მთავრობა. მას შემდეგ, რაც 1993 წლის 1 იანვარს ჩეხოსლოვაკია ორ სახელმწიფოდ გაიყო, ჩეხეთის პარლამენტმა ხუთწლიანი ვადით აირჩია ვაცლავ ჰაველი ჩეხეთის რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტად, ხოლო 1998 მას მეორე ხუთწლიანი ვადით მიანდო ეს თანამდებობა.

როგორც ცნობილი ჩეხი პოლიტოლოგი ირჟი პეჰე აღნიშნავს, თავისი წასვლით ვაცლავ ჰაველი ჩეხეთის პოლიტიკაში ტოვებს ვაკუუმს, რომლის შევსება ადვილი არ იქნება. თავად ჰაველმა თავის მოღვაწეობას ასეთი კომენტარი გაუკეთა: "გავაკეთე მაქსიმუმი, რაც კი შემეძლო. ზოგი რამ წარმატებით განხორციელდა, ზოგი - არა. თუმცა, ჩემი ნაღვაწის შეფასება ჩემი საქმე არ არის. ეს ხალხმა, პოლიტიკოსებმა, ჟურნალისტებმა, პოლიტოლოგებმა და ისტორიკოსებმა უნდა გააკეთონ".
XS
SM
MD
LG