Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აფასებენ კონფლიქტში მონაწილე მხარეები გაეროს უშიშროების საბჭოს 30 იანვრის დადგენილებას


თამარ ჩიქოვანი, თბილისი აფხაზეთის კონფლიქტში მონაწილე მხარეები განსხვავებულად აფასებენ 30 იანვარს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ, რიგით 27-ე, რეზოლუციას აფხაზეთის კონფლიქტის სამშვიდობო გზით მოგვარების თაობაზე.

თუ ოფიციალური თბილისი თავის იმედგაცრუებას არ მალავს, სოხუმის ხელისუფლება მიესალმება გაეროს გადაწყვეტილებას კონფლიქტის ზონაში მყოფ თავის დამკვირვებლებს 31 ივლისამდე გაუგრძელოს მანდატი.

ქართული მხარის დამოკიდებულებას 30 იანვარს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციისადმი სრულად გამოხატავს გაეროს უშიშროების საბჭოსადმი გაეროში საქართველოს წარმომადგენლის რევაზ ადამიას წერილი, სადაც ბოლო დროს აფხაზეთში განვითარებული მოვლენები და რუსეთის წვლილი ამ მოვლენებში შეფასებულია როგორც საქართველოს ანექსიის მცდელობა. მართალია, გაეროს უშიშროების საბჭო კვლავ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და კვლავ აღნიშნავს აფხაზური მხარის დესტრუქციულ ქმედებებს, რაც, კონკრეტულად, ე.წ. ბოდენის დოკუმენტის განხილვაზე უარის თქმაში გამოიხატება, მაგრამ, რევაზ ადამიას აზრით, დროა დღის წესრიგში დადგეს გაეროს მიერ ნამდვილი, ეფექტური სამშვიდობო პროცესის დაწყება, რაც აფხაზეთიდან ლტოლვილებს საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო დაბრუნების საშუალებას მისცემს.
ნიუ-იორკიდან მოსული ცნობებით, გაეროს უშიშროების საბჭო აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში თავისი მეთვალყურეების მანდატის საკითხს 15 თებერვლის სხდომაზე კვლავ მიუბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება არ გაუგრძელებს რუსეთის სამშვიდობო ნაწილებს კონფლიქტის ზონაში ყოფნის მანდატს. 1 თებერვალს საინფორმაციო სააგენტოები მიმართავდნენ ციტირებას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თედო ჯაფარიძის განცხადებისა, რომ ქართული მხარის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ცისფერჩაფხუტიანები დატოვებენ კონფლიქტის ზონას.
30 იანვარს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე სოხუმის ხელისუფლების პრემიერმა გენადი გაგულიამ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსეთის პრეზიდენტის პირად წარმომადგენელს ვალერი ლოშჩინინს განუცხადა, რომ აფხაზური მხარე მზადაა განიხილოს გალის რაიონში დევნილთა დაბრუნების საკითხი და კონფლიქტის ზონაში ეკონომიკური რეაბილიტაციის ღონისძიებები. სააგენტო "კავკაზპრესის" ცნობით, შეხვედრაზე ასევე განხილული იყო რუს ცისფერჩაფხუტიანების ყოფნასთან დაკავშირებული პრობლემები. აფხაზური მხარე გაგებით მოეკიდა იმ ფაქტს, რომ სამართლებრივ ვაკუუმში სამშვიდობო ძალები ვერ იქნებიან; ამავე დროს, შეშფოთება გამოთქვა კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების წასვლის შემდეგ მოვლენათა განვითარებასთან დაკავშირებით.
მოვლენები კი რუსეთის სამშვიდობო ნაწილების გაყვანის შემთხვევაში, მართლაც, სხვადასხვანაირად შეიძლება განვითარდეს. ფაქტია, რომ კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ნაწილების ჩაყენებამდე თითქმის ერთი წლის მანძილზე არავითარი სამხედრო შეტაკება ქართულსა და აფხაზურ მხარეებს შორის არ მომხდარა. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მაშინ აფხაზეთში, გუდაუთის სამხედრო ბაზაზე, ღიად იმყოფებოდნენ რუსეთის შეიარაღებული ძალები. დღეს არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ სამშვიდობოების გაყვანა რუსეთის სამხედრო ყოფნის დასასრული იქნება კონფლიქტის ზონაში. დღემდე გაურკვეველია, რა ბედი ეწია გუდაუთის ბაზას. შესაბამისად, მშვიდობის შესანარჩუნებლად, რუსი ცისფერჩაფხუტიანების გაყვანის პარალელურად, ქართულმა მხარემ უნდა მიაღწიოს გუდაუთის ბაზის საერთაშორისო ინსპექტირებას.
XS
SM
MD
LG