Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდული პროგრამის დღევანდელ გადაცემაში


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე, თბილისი ახალგაზრდული პროგრამის დღევანდელ გადაცემაში

წარმოგიდგენთ ახალგაზრდა კაცს, რომლის ჰობი სხვა ადამიანთა დახმარება, მათთვის სამუშაოს პოვნაში შეწევნაა. ეკა წამალაშვილისგან გაიგებთ, როგორ აკეთებს ამას ჩვენი სტუმარი ლექსო ხუბულავა. გადაცემის მეორე ნახევარში კი ვისაუბრებთ იმ ახლო და შორეულ პერსპექტივაზე, თბილისის სკოლებს რომ გაუჩნდებათ, როცა ქალაქის საკრებულოს წამოწყება რეალობად იქცევა. სასკოლო თვითმმართველობის შესახებ ჩვენს სტუდიაში პროფესორი გიგი თევზაძე ილაპარაკებს.

ეკა წამალაშვილი:

მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ახალგაზრდების დიდი ნაწილისთვის ინტერნეტი გართობასთან და თამაშთან ასოცირდება, სხვა ნაწილს ინტერნეტის მნიშვნელობა დიდი ხანია შეცნობილი აქვს, თუ მისი საშუალებით ერთხელ მაინც გადაუხედავს ვებგვერდისთვის, რომელსაც jobs. ge ჰქვია და რომელიც დაინტერესებულ პირებს სისტემატურად აწვდის ინფორმაციას სამუშაო ვაკანსიების შესახებ. ამ ინტერნეტული პროექტის ავტორი ახალგაზრდა იურისტი ლექსო ხუბულავაა. ის ამჯერად თბილისში მოქმედ ერთ-ერთ ამერიკულ ორგანიზაციაში მუშაობს, პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოების ინტერესების დაცვის ლიგის" თანადამფუძნებელია და თავისუფალ დროს Jobs.ge - ს განახლებას და ამ ვებგვერდის მომხმარებლებისთვის იურიდიული დახმარების გაწევას უთმობს. ეს ყველაფერი ენთუზიაზმის ხარჯზე ხდება. jobs. ge-ს არავინ აფინანსებს. მისი შექმნა ლექსომ კერძო ინიციატივით გადაწყვიტა.

[ლექსო ხუბულავას ხმა] " ეს იყო 98 წელი, როდესაც მე ჩამოვედი თბილისში და დავიწყე სამსახურის ძებნა. მიუხედავად იმისა, რომ მქონდა საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება, ერთი წელი ვერ ვიპოვე სამუშაო. ამის მიზეზი იყო ის, რომ ძალიან მწირი იყო ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ. მიხდებოდა ერთი ორგანიზაციიდან მეორე ორგანიზაციაში სიარული იმის გასარკვევად, ჰქონდათ თუ არა რაიმე ვაკანსია. პრესაში კი ქვეყნდებოდა გარკვეული ინფორმაცია, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. და როცა, ბოლოს და ბოლოს, ვიპოვე სამსახური, ჩვენს სამსახურში გვქონდა დაფა, რომელზეც ვაკანსიების შესახებ პარტნიორი ორგანიზაციების მიერ მოწოდებული ცნობები ქვეყნდებოდა. გადავწყვიტე შემექმნა ადგილი, სადაც ასეთი ინფორმაცია თავს მოიყრიდა და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდებოდა. "

კომპიუტერული საქმიანობა ლექსომ კარგად იცოდა. იმ პერიოდისთვის მას ვებდიზაინის მიმართულებითაც ჰქონდა გადადგმული გარკვეული ნაბიჯები. ამდენად, ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა არ გასჭირვებია. თავიდან თავად უწევდა ვაკანსიების შესახებ ცნობების შეგროვება. მერე კი, როცა jobs.ge - ს მომხმარებელი გაუჩნდა, საქმე გაცილებით გაიოლდა. ახალი კადრებით დაინტერესებული ორგანიზაციები - ძირითადად, საქართველოში მოქმედი უცხოური ორგანიზაციები - თავად აწვდიან ლექსოს საჭირო ინფორმაციას. jobs. ge ახალ-ახალ განცხადებებს სისტემატურად იღებს და ლექსოც თავის პროგრამას, შეძლებისდაგვარად, ხშირად 2 დღეში ერთხელ მაინც, აახლებს. ყველაფერ ამას არაჩვეულებრივი შედეგი აქვს. jobs.ge-ს მეშვეობით არაერთმა ადამიანმა იპოვა სამსახური. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც ამ ვებგვერდით სარგებლობის გამო, დასაქმების თვალსაზრისით, რამდენჯერმე გამართლებიათ.

[ლექსო ხუბულავას ხმა] "შემიძლია დაგისახელოთ ორგანიზაციები, რომლებმაც უშუალოდ ჩვენი დახმარებით აიყვანეს ხალხი. მაგალითად: "პროექტი ჰარმონია", "ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო" და სხვა მსხვილი ორგანიზაციები. ქართული ორგანიზაციები ნაკლებად იწუხებენ თავს ვაკანსიების შესახებ განცხადებების გამოქვეყნებით. ალბათ, იმიტომ, რომ ისინი ვერ უზრუნველყოფენ თანასწორუფლებიანობას იმგვარად, როგორც ამას საერთაშორისო ორგანიზაციები ახდენენ და ვერ გვთავაზობენ ისეთ პირობებს, როგორსაც საერთაშორისო ორგანიზაციები გვთავაზობენ."

jobs.ge - ინგლისურენოვანი გვერდია. ლექსოს ეს პრობლემა აწუხებს, მაგრამ ქართული ვარიანტის შექმნისთვის დრო არ რჩება. თანაც, ფიქრობს, რომ ვაკანსიების შესახებ ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებული განცხადებები მომხმარებლისთვის ერთგვარი ფილტრია, ადასტურებს, რომ განმცხადებელი უცხოური, ანუ დასაქმებისთვის რეალური ორგანიზაციაა. ახლო მომავალში ლექსო ვებგვერდის ტექნიკურ სრულყოფას აპირებს, რათა ის უფრო იოლად განახლებადი და უფრო საჭირო გახდეს.

ლექსო ხუბულავას ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებებს ბევრი სკეპტიკურად უყურებს, ფიქრობს, რომ ისინი ფორმალურად ქვეყნდება და მათზე გამოხმაურებას აზრი არა აქვს. ასეც რომ ხდება ხოლმე, ამას არც ლექსო უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ jobs.ge - ში ფორმალობისთვის გამოქვეყნებული განცხადება იშვიათად შეიძლება მოხვდეს. მან იცის, რომ აქ, ძირითადად, რეალური ვაკანსიების შესახებ განცხადებები იყრის თავს. ასე რომ, ვგონებ, ღირს ამ ვებგვერდით დაინტერესება. ამისთვის საკმარისია აკრიფოთ www. jobs. ge ან გამოიწეროთ ლექსოს ელექტრონული პუბლიკაცია. ორივე შემთხვევაში მომსახურება უფასოა.

როგორც საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, ლექსო პროფესიით იურისტია და არასამთავრობო ორგანიზაციის "საზოგადოების ინტერესების დაცვის ლიგის" ერთ-ერთი დამფუძნებელი. ის, როგორც იურისტი, არაერთხელ დახმარებია თავისი ვებგვერდის მომხმარებელს. როცა საქმე მომხმარებლის უფლებების შელახვას ეხება, ლექსო ზემოხსენებული არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით მოქმედებს. მას არაერთხელ უკისრია შუამავლობა jobs.ge - ს მომხმარებელსა და ამა თუ იმ ორგანიზაციას შორის, რა თქმა უნდა, მომხარებლის უფლებების დასაცავად. ყველაფერი ესეც ენთუზიაზმის ხარჯზე ხდება. jobs.ge - ს მომხმარებელს ლექსო პატარა რჩევას ჩვენი გადაცემის საშუალებითაც სთავაზობს. ვინაიდან ვაკანსიების შესახებ განცხადებებზე გამოხმაურებები ორგანიზაციებში წერილობითი სახით მიდის, დაინტერესებულ პირებს ის ურჩევს განაცხადის დაწერას დიდი ყურადღებით მოეკიდნენ.

[ლექსო ხუბულავას ხმა] " რეზიუმე არის დოკუმენტი, რომელსაც პოტენციური დამქირავებელი ნახულობს პირველად. ის ხომ ყველა კანდიდატს ვერ შეხვდება. ამიტომ, რაგინდ პროფესიონალიც არ უნდა იყოს კანდიდატი, თუ რეზიუმეს სწორად არ შეადგენს, დაკარგავს სამსახურის შოვნის შანსს. არის გარკვეული წესები. გრამატიკულად გამართული უნდა იყოს რეზიუმე და შეიცავდეს ამომწურავ ინფორმაციას ადამიანის გამოცდილებისა და მისი შესაძლებლობების შესახებ."


დამატებით უფასო კონსულტაციას მიიღებს ის, ვინც ინტერნეტში ლექსოს ელექტრონულ მისამართს
lexo@jobs.ge -ს აკრეფს და ლექსო ხუბულავას დახმარებისთვის მიმართავს.

დავით პაიჭაძე:

თბილისის საკრებულოს ინიციატივა დედაქალაქის სკოლებში თვითმმართველობის შემოღების შესახებ, ალბათ, უჩვეულოდ ეჩვენა ბევრ ჩვენგანს. ინიციატივის განხორციელებას საკრებულო უახლოეს ხანში გეგმავს, ასე რომ, უკვე ახალი სასწავლო წლიდან თბილისის რამდენიმე სკოლა მაინც მართვის ახალ პრინციპებზე გადავა. მაგრამ თავად ეს ახალი პრინციპები ჯერჯერობით არ არის განმარტებული. ცნობილია მხოლოდ, რომ თბილისის ხელისუფლების სურვილია, სკოლებში აირჩიონ სამეურვეო საბჭოები და დირექტორები. ვინც სკოლაში დიდი ან მცირე ხნის წინ სწავლობდა, ეხსომება, რომ სკოლის მართვასა და სასწავლო პროცესში მშობლები და, მით უმეტეს, სკოლის მოწაფეები, ჩაბმული არ ყოფილან. დამოუკიდებელი საქართველოს სკოლამ იმემკვიდრა საბჭოთა სკოლის მართვის მოდელი, რომელსაც ჩემი რესპონდენტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის სოციოლოგიის კათედრის გამგე, პროფესორი გიგი თევზაძე ტოტალიტარულს უწოდებს [გიგი თევზაძის ხმა]: "ვითარება ასეთია: ბავშვი შედის სკოლაში, ხვდება აბსოლუტურად ტოტალიტარულ სისტემაში, ამთავრებს ამ სისტემას, მერე კი ვიღაც, მთავრობის ან სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ნაწილის სახით, ავალებს, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ამ დროს ამის არანაირი გამოცდილება არა აქვს. ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ყველა სკოლა ტოტალიტარულია: არიან კარგი დირექტორები, კარგი მასწავლებლები, ზოგი დირექტორი ძალიან გულისხმიერია მშობელთა წუხილის მიმართ და ძალიან კარგი სასკოლო პროგრამები აქვს, მაგრამ ეს არ არის გაფორმებული საკანონმდებლო დონეზე. ანუ კანონი დირექტორს ეუბნება: შენ არავითარი კავშირი არ გაქვს მშობელთან, შენ უნდა დაემორჩილო მინისტრს. კანონი ეუბნება მასწავლებელს, რა შუაშია შენთან მშობელი, დიდი-დიდი დაიბარო და ნიშნებზე ელაპარაკო. შენ ემორჩილები დირექტორს და ა.შ.".

საკრებულოს მიერ თბილისის მთავრობისთვის შეთავაზებული რეფორმა თუ სიახლე სწორედ ამ ვითარების შეცვლას და სკოლის მართვაში ლეგალურ საფუძველზე მშობლებისა და მოწაფეების ჩართვას ითვალისწინებს. მსგავსი მოდელები ნაცადია და მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში. სასკოლო თვითმმართველობის მექანიზმი გიგი თევზაძეს ასე წარმოუდგენია [გიგი თევზაძის ხმა]: "სისტემა, ფაქტობრივად, ყველა მშობელსა და მასწავლებელს აიძულებს, მონაწილეობა მიიღოს სკოლის მართვაში; იქმნება სათათბიროები, სადაც აირჩევენ მშობლებს პრინციპით "ერთი კლასი - ერთი მშობელი." შემდეგ ეს სათათბიროებიც ირჩევენ მშობლებს სამეურვეო საბჭოში: დაწყებითი კლასების დონეზე სათათბირო ირჩევს ერთ მშობელს, საბაზო განათლების დონეზე - ორ მშობელს, საშუალო განათლებისა - ასევე ორ მშობელს. მასწავლებლები ირჩევენ ოთხ მასწავლებელს. შემდეგ ეს ხალხი ირჩევს დირექტორს, რომელიც ხდება მენეჯერი და ეზრდება ფუნქციები. ამით სკოლა ხდება საზოგადოებრივი შეკვეთისა და მოთხოვნის ადგილი. სკოლას ექნება ანგარიში, საკუთარი ბიუჯეტი. მას მისცემენ ფულს, იარსებებს დაცული, ხელშეუხებელი მუხლები, იქნება მუხლები, რომელთა შეცვლაც შეიძლება და ეს ბიუჯეტი მთლიანად იქნება სამეურვეო საბჭოს გამგებლობის ქვეშ".

სასკოლო განათლების ერთ-ერთი ძირითადი მიზანია გამოუმუშავოს ბავშვს იმ გარემოსთან შეჩვევის უნარი, რომელშიც ცხოვრობს. ამ ამოცანის გადაჭრა უკეთესია სკოლის მართვაში საზოგადოების ჩართვით. გიგი თევზაძე ფიქრობს, რომ სახელმწიფოს - ამ შემთხვევაში განათლების სამინისტროს - როლი, მართალია, იზღუდება, მაგრამ მნიშვნელობას ინარჩუნებს [გიგი თევზაძის ხმა]: "განათლების სამინისტროს ამით ფუნქციები არ ერთმევა, პირიქით: თბილისთან მიმართებით, მას მკაფიოდ ჩამოყალიბებული ფუნქციები და ამოცანები უჩნდება; ესაა განათლების სტანდარტის განსაზღვრა და ამ სტანდარტის კონტროლი. შეფასების საფუძველზე სახელმწიფო (ანუ განათლების სამინისტრო) გასცემს სერტიფიკატს. განათლების სამინისტრო რჩება ინსტანციად, რომელიც ამბობს: აი, ეს სკოლა მუშაობს ჩემ მიერ ჩამოყალიბებული სახელმწიფო მოთხოვნების შესაბამისად".

ჩვენი საუბრის დასასრულს მე ვთხოვე გიგი თევზაძეს, მოკლედ ჩამოეყალიბებინა თბილისის სკოლებში მოსალოდნელი რეფორმის პერსპექტივა და მნიშვნელობა [გიგი თევზაძის ხმა]: "მე ისევ ვიმეორებ, რომ სამოქალაქო საზოგადოების თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი რამ იწყება: სკოლაში შესული ბავშვი აბსოლუტურად არატოტალიტარულ გარემოში გაიზრდება. ანუ ის გაიზრდება გარემოში, რომელზეც მისი მშობელი აგებს პასუხს, მისი მასწავლებელია პასუხისმგებელი და თვითონ ბავშვსაც აქვს ხმა და უფლება, თქვას, რა მოსწონს და რა - არა. ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის".
XS
SM
MD
LG