Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელმა ინსრტუქტორებმა მეორე პროფესიული ბატალიონის მომზადება დაიწყეს


კრწანისის საწვრთნელი ცენტრის ტერიტორიაზე,

რომელიც, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლთა სახელს ატარებს, 1 თებერვალს საქართველოს "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის მესამე ფაზის გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. როგორც ცნობილია, პროგრამის თანახმად, ამერიკის ევროპული ძალების საზღვაო ქვეითთა 40 სამხედრო ინსტრუქტორი სამი თვის განმავლობაში 600-მდე ქართველ პროფესიონალ სამხედრო მოსამსახურეს მოამზადებს. ამრიგად, საქართველოს სამხედრო ძალებს მოკლე ხანში 1200 კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილი პროფესიონალი ჯარისკაცი ეყოლება.

თბილისთან ახლომდებარე კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიას ქართველი და ამერიკელი სამხედროების ბაზას უწოდებენ. მეორე წელია, ყველა საზეიმო ღონისძიება აქ ქართული და ამერიკული სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით იწყება. მეორე წელია, ქართველი ჯარისკაცები, რომლებსაც არასოდეს არ აკლდათ თავგანწირვა, მაგრამ ყოველთვის უჭირდათ სხვათა ბრძანების შესრულება, უსიტყვოდ ემორჩილებიან ამერიკელი ინსტრუქტორების მითითებებს, რომლის არსიცაა:"იმუშავეთ ბევრი და ყველაფერში, რასაც გააკეთებთ, დაკმაყოფილდით მხოლოდ მაქსიმუმით, რადგან თქვენ ხართ თქვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მომავალი."

სერჟანტ გოგიტა სოფრომაძის თქმით, საქართველოს გვარდიის მე-16 სპეცდანიშნულების ბატალიონის მებრძოლებს, რომლებმაც ესტაფეტა "კომანდოს"ბატალიონისგან ჩაიბარეს, მოსამზადებელ პერიოდშივე მოუხდათ ამ მაქსიმალური გამძლეობის გამომჟღავნება:
[გოგიტა სოფრომაძის ხმა] "არ ვიცი, არა მგონია. ჩვენ ისეთი სირთულეები გამოვიარეთ, რომ ამ მაისამდე პერიოდში ისეთი სირთულე აღარ შეგვხვდება. წინასწარ ნამეტანი გავიჭირვეთ ჩვენ, რომ მერე აღარაფერი ყოფილიყო ჩვენთვის გასაკვირი და რაღაცა უცნაური. სიცივეც, სისველეც... ეხლა ამ აღჭურვილობით, ამ აღჭურვილობით, არ ვიცი... ჩვენ რაც გამოვიარეთ, ოთხ იმდენს კიდევ გავივლით." [სტილი დაცულია]


24 წლის რიგითი პეტრე სადუნიშვილი ერთ-ერთია იმ 550 მებრძოლს შორის, რომელმაც თავისი ბედი ასევე "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამას დაუკავშირა. პეტრე წარმოშობით საჩხერიდანაა. მას ადრე გავლილი ჰქონდა სამხედრო სამსახური და იცის, თუ რა რისკთან არის დაკავშირებული პროფესიონალი სამხედროს კარიერა. მაგრამ იგი ამბობს, რომ ამ არჩევანმა მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა:

[პეტრე სადუნიშვილის ხმა] "გაწონასწორებული ხდები. თითქოს აღარც არაფერი გაკვირვებს და აღარც არაფერი გაშინებს, ასე რომ ვთქვათ. მაინც უფრო დიდი სკოლაა, უფრო მეტს სწავლობ და უფრო მეტი რაღაც შეგეძლება. ცხოვრება აღარ გაუჭირდება აქედან გამოვლილ ადამიანს."[სტილი დაცულია]

როგორც ცნობილია, პირველ ქართულ ქვედანაყოფს ამერიკის მე-10 სპეცდანიშნულების ძალთა წარმომადგენლები წვრთნიდნენ. მეორე ქართული ბატალიონის მომზადებას კი, რომელშიც, თავდაცვის სამინისტროს გარდა, შინაგანი ჯარებისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თითო-თითო ოცეულიც შედის, ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული ძალების საზღვაო ქვეითები უხელმძღვანელებენ. ამერიკელი ინსტრუქტორების მეთაური, მაიორი სკოტ კემპბელი, ქართველ სამხედროებს დისციპლინირებულ და თავის პროფესიაზე უსაზღვროდ შეყვარებულ ადამიანებს უწოდებს.

[სკოტ კემპბელის ხმა] "რასაც ჩვენ აქ ვხედავთ, ეს თვალსაჩინო წესრიგზე მეტყველებს და ძალიან ჰგავს ჩვენს საზღვაო ქვეითების ტრადიციას. განსაცვიფრებელია ეს შემართება, განსაცვიფრებელია ეს შრომისმოყვარეობა. და მე ვფიქრობ, რომ ეს წარმატებული პროგრამა იქნება და ამის იმედს მაძლევს ის, რომ ქართველი სამხედროები ძალიან დისციპლინებული ჯარისკაცები არიან."

პროგრამის თანახმად, მეორე ქართული ქვედანაყოფის მომზადების პროცესი ოფიციალურად ორშაბათიდან დაიწყება და მაისამდე გასტანს. ამ პერიოდის განმავლობაში ქართველი სამხედროები მთა-გორიან პირობებში თავდაცვითი და შეტევითი საბრძოლო ოპერაციების ხელოვნებას დაეუფლებიან. თუმცა სწავლების მეთოდი უნოვერსალურია და, როგორც საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ ჩვენთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, ამგვარი მეთოდით მომზადებულ ქვედანაყოფს, შესაბამისად, არაეთგვაროვანი დანიშნულება ექნება.

[თედო ჯაფარიძის ხმა] "იცით, ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ჩვენ, ალბათ, მათ გამოვიყენებთ ანტიტერორისტულ ოპერაციებში, ქვეყნის შიგნით, თუ ეს საჭირო იქნება და, თუ ამის საჭიროება დადგება, მზადყოფნა იქნება, გამოვიყენოთ ეს შენაერთები საერთაშორისო ასპარეზზეც." [სტილი დაცულია]

ამჯერად მეორე ქართული პროფესიული ბატალიონის წვრთნის დაწყების საზეიმო ცერომონიალს საქართველოს პრეზიდენტი აღარ ესწრებოდა. თუმცა სახელმწიფო მინისტრმა, რომელიც ედუარდ შევარდნაძის სახელით მიესალმა ქართველ და ამერიკელ სამხედროებს, განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა პროგრამა წარმატებით დასრულდეს. პირველ ყოვლისა, აქ იგულისხმება პროგრამის ფინანსური მხარდაჭერა, რისთვისაც თავდაცვის ბიუჯეტი 2003 წელს 20 მილიონი ლარით გაიზარდა. ეს კი შესაძლებლობას აძლევს სამხედრო უწყების ხელმძღვანელობას თვეში 400 ლარის ოდენობის ჯამაგირი მისცეს თითოეულ პროფესიონალ ჯარისკაცს და შეუქმნას მათ ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები, რაც დღემდე ასე აკლიათ ქართველ ჯარისკაცებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG