Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაპირებული და გაკეთებული


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი ზოგადად, ფეხბურთსა და პოლიტიკას საერთო

ბევრი არაფერი აქვს, მაგრამ ერთი მსგავსება მაინც თვალში საცემია: პოლიტიკოსებიც და ფეხბურთის ჩინოვნიკებიც დაპირებებს უხვად არიგებენ, გაკეთებული კი ცოტა გვინახავს. მაგალითად, ჩვენი მთავრობა, უკვე მერამდენე წელიწადია, აფხაზეთის დაბრუნებას გვპირდება, მაგრამ არაფერი გამოდის. მეტიც, საქმე უარესობისკენ მიდის და ამ დაპირებებისა თითქმის აღარავის სჯერა. რამდენი ხანია, ჩვენი ფეხბურთის უფროსობა აღმავლობას და დიდ ფეხბურთში ადგილის დაბრუნებას გვპირდება, მაგრამ რეალური შედეგი დღემდე არ ჩანს. მეტიც, ევროპულ ფეხბურთს უსაშველოდ ჩამოვრჩით და რაკი ასეა, ქართული ფეხბურთის ჩინოსანთა სიტყვებს გამოუსწორებელი ოპტიმისტი თუ ენდობა. ამის მიუხედავად, სიტყვები უხვად ითქმის და დაპირებებიც უკან მოჰყვება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია გვპირდება, რომ ფედერაციისა და ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობა ყველაფერს იღონებს, რათა მომავალი საპასუხისმგებლო მატჩები წარმატებული გამოდგეს. ჟორდანიას თქმით, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის უახლოესი სამი შეხვედრა გარდამტეხი იქნება საქართველოს ნაკრებისთვის და მთლიანად ქართული ფეხბურთისათვის. იმასვე ამბობს ეროვნული გუნდის უფროსი მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე, რომელმაც ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე უხმო და სანაკრებო ამბებზე ესაუბრა.
შეგახსენებთ, რომ ჩვენს ნაკრებს 29 მარტიდან 30 აპრილამდე სამი ოფიციალური საშინაო თამაში უწევს: თბილისში ჯერ ირლანდიელები გვესტუმრებიან, მერე - შვეიცარიელები და რუსები. "ჩვენ სამივე საშინაო მატჩის მოგებას ვგეგმავთ და ამას არც ვმალავთ, - აცხადებს ჩივაძე, - მძიმე ბრძოლები მოგველის, მაგრამ საამისოდ მზად ვიქნებით. ამოცანა რეალურია. თბილისში ქულათა მაქსიმუმი თუ ვერ ავიღეთ, მერე ძალიან გაგვიჭირდება". ჩივაძე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს 29 მარტის მატჩს ირლანდიელებთან, რომელთაც ახალი უფროსი მწვრთნელი ბრაიან კერი ჩამოუძღვება. შეგახსენებთ, რომ ირლანდიამ შესარჩევი ტურნირის ორივე თამაში წააგო და უკან დასახევი გზა ასევე მოჭრილი აქვს.
ოფიციალურ ევროპულ მატჩებს, ტრადიციისამებრ, წინ უძღვის ამხანაგური შეხვედრები. ჩვენი ჯგუფის გუნდებისთვის ამგვარი შეხვედრების დღედ 12 თებერვალი გამოცხადდა: საქართველო მოლდოვას გაეჯიბრება, ირლანდია - შოტლანდიას, შვეიცარია - სლოვენიას, ალბანეთი - ვიეტნამს, რუსეთი კი კვიპროსის ოთხთა ტურნირში ჩაებმება. ზემოთ ნახსენებ პრესკონფერენციაზე ჩივაძემ დაასახელა ის 19 ფეხბურთელი, ვისაც სამოლდოვო შეკრებაზე გამოიძახებს. ახალწვეულთა შორის ახალგაზრდები ჭარბობენ, საშუალო ასაკი 23 წელია. "ეს ბიჭები საქართველოს ნაკრების უახლოეს რეზერვად გვესახება," - აცხადებს ალექსანდრე ჩივაძე და თაობათა ცვლის გარდუვალობაზე საუბრობს.
(ალექსანდრე ჩივაძის ხმა): "უკვე დაიწყო თაობათა ცვლის პროცესი, მაგრამ ეს ძალიან ფაქიზი მომენტია. კლუბში უფრო უმტკივნეულოდ ხდება თაობათა ცვლა. ნაკრებში ძალიან ფაქიზი პროცესია. აქ განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო და შეცდომის უფლება არა გვაქვს. ამ ბიჭებს ძალიან დიდ შესაძლებლობებს ვაძლევთ, რომ თავიანთი თავი აჩვენონ როგორც ნაკრების ხელმძღვანელობას, ისე საზოგადოებას".
ჩივაძემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა შვეიცარიელებთან შარშანდელი მარცხის წინ ნათქვამი სიტყვები: "ნაკრებში დაჯავშნული ადგილი არ არსებობს. გადაწყვეტილების მიღებისას უწინარესად გავითვალისწინებთ ფეხბურთელის მომზადების დონეს და არა ადრინდელ დამსახურებას. მოედანზე ის გავა, ვინც საუკეთესო სპორტულ ფორმაში იქნება."
უფროსი მწვრთნელის პოზიციას მერაბ ჟორდანიაც იზიარებს და აუცილებელ სანაკრებო რეფორმებზე საუბრობს. ამ ბოლო დროს ჟორდანია ჟურნალისტებს იშვიათად ხვდება - თბილისში ორი-სამი დღით თუ ჩამოდის და მერე კვლავ ევროპას მიაშურებს. არადა, სატელეფონო მმართველობის რეჟიმზე გადასულ ფეხბურთის ფედერაციას, გარდა ევროპული საფეხბურთო მატჩების მასპინძლობისა, რიგგარეშე ყრილობის მომზადებაც უწევს. გაზაფხულზე კი თბილისში ფიფას პრეზიდენტს იოზეფ ბლატერს ელოდებიან. საქართველოში ჩამოსვლის სურვილი, თურმე, მიშელ პლატინისაც გამოუთქვამს და, თუ ბლატერს დაუწყვილდება, ეროვნული ნაკრების საწვრთნელი ბაზის გახსნის ცერემონიალს მეტი ფასი დაედება. ამ ბაზის მშენებლობას ფიფა აფინანსებს, უეფას სახსრებით კი აუცილებელ ინვენტარ-მოწყობილობას შეიძენენ.
ფიფა - უეფას სახით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებს შეძლებული და გავლენიანი მფარველი ჰყავთ. ამათთან სხვა საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციები ახლოსაც ვერ მოვლენ. ამიტომაც ადგილობრივი სპორტული ფედერაციების უმეტესობა იძულებულია დაფინანსების წყარო სხვაგან ეძებოს. მათ რიგებშია საქართველოს კალათბურთის ფედერაცია, რომელსაც შარშან სახელმწიფომაც უგანა და ბიუჯეტიდან ერთი ლარიც არ შეახვედრა. ფედერაციის პრეზიდენტის ბესიკ ლიპარტელიანის თქმით, წლეულს ბიუჯეტიდან 200 ათას ლარს ელოდებიან და იმედი აქვთ, რომ ამჯერად კალათბურთს უყურადღებოდ არ დატოვებენ. მით უმეტეს, ეროვნულ ნაკრებს შემოდგომაზე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის სამი მატჩი უწევს. სხვათა შორის, წელიწადზე მეტია ჩვენს ნაკრებს უფროსი მწვრთნელი არა ჰყავს. როგორც ფედერაციაში გვითხრეს, ამ პოსტზე მხოლოდ უცხოელთა კანდიდატურა განიხილება და საბოლოო არჩევანს ერთ თვეში გააკეთებენ. კალათბურთის ფედერაციამ ახალი წელი ცვლილებებით დაიწყო: გენერალური მდივნის პოსტზე პაატა გურასპაული შეცვალა მერაბ რატიშვილმა, რომელმაც ჟურნალისტებს ახალი შეჯიბრების - საქართველოს თასის პირველი გათამაშების - დებულება წარუდგინა. სათასო მატჩები 3-8 თებერვალს რუსთავში გაიმართება და 8 გუნდი ითამაშებს. ბესიკ ლიპარტელიანი დარწმუნებულია, რომ ეს სიახლე კალათბურთის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
(ბესიკ ლიპარტელიანის ხმა): "დიდი ხანია მინდოდა ჩატარებულიყო ეს თასი, მაგრამ აქამდე ვერ მოხერხდა. თასი ყველა ნორმალურ ქვეყანაში თამაშდება და ჩვენ რატომ უნდა ჩამოვრჩეთ. ამიტომაც გადავწყვიტეთ ამ დროს, როცა შესვენების პერიოდია, პირველად ჩავატაროთ საცდელი შეჯიბრება, შემდეგ კი მიმოსვლითი სისტემა იქნება"
ამასობაში, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კლოდ სორელმა გამოაცხადა იმ 23 ლეგიონერისა და საქართველოში მოთამაშე 8 მორაგბის ვინაობა, ვისაც ევროპის ერთა თასის სასტარტო მატჩისთვის მოამზადებს. ქართველთა გუნდი ხუთდღიან საწვრთნელ შეკრებას საფრანგეთში მოაწყობს, 15 თებერვალს კი ლისაბონში პორტუგალიას ეთამაშება.
XS
SM
MD
LG