Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის გაერთიანების დადებითი და უარყოფითი მხარეები


რიგითი ამომრჩევლისთვის საპარლამენტო არჩევნებამდე ჯერ კიდევ ბევრი დრო რჩება, პოლიტიკური პარტიები კი უკვე საარჩევნო სიებს ადგენენ. ბოლო წლების გამოცდილება ადასტურებს,

რომ პოლიტიკოსები ზედმეტად ჩქარობენ: საარჩევნო სუბიექტების საბოლოო სახე, როგორც წესი, უშუალოდ არჩევნების წინა პერიოდში ყალიბდება. ამიტომ არავინ იცის, შემოდგომაზე რით დასრულდება ზამთარში დაწყებული მოლაპარაკებები ოპოზიციის გაერთიანების შესახებ. თუმცა, რაკი ამგვარი პერსპექტივა არსებობს, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეების განხილვა დღესვე შესაძლებელია.

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ისეთი უცნაური საარჩევნო სუბიექტი ჯერ არ შექმნილა, როგორსაც ახლა ჰპირდებიან საზოგადოებას. ოფიციალური კონსულტაციები არ დასრულებულა და, შესაძლოა, არც დაწყებულა; მაგრამ არაოფიციალური წყაროების მეშვეობით, პრესისთვის ცნობილი ხდება, რომ საშემოდგომო არჩევნების წინ ოპოზიციის დიდი ნაწილი გაერთიანებას გეგმავს.

მიხეილ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა, დავით ბერძენიშვილის რესპუბლიკური პარტია, ზვიად გამსახურდიას მომხრეების ზვიად ძიძიგურის ფრთა, ბესო ჯუღელის ლიბერალურ-ეკონომიკური პარტია, აკაკი ასათიანის ტრადიციონალისტები, ჯუმბერ პატიაშვილისა და ალექსანდრე ჭაჭიას "ერთობა", ზურაბ ჟვანიას გაერთიანებული დემოკრატები - დღეს არსებული ინფორმაციით, ყველა ეს პარტია და მოძრაობა ერთ საარჩევნო ბლოკში აპირებს გაერთიანებას.

რა იქნება ამგვარი გაერთიანების დადებითი შედეგი? ოპოზიციურ ძალთა დაჯგუფების შემთხვევაში, შემცირდება რაოდენობა იმ საარჩევნო სუბიექტებისა, რომლებსაც 7%-იანი ბარიერის გადალახვა შეუძლიათ. მათ შორის წინასწარ შეიძლება ვიგულისხმოთ: მოქალაქეთა კავშირი, "აღორძინება", ლეიბორისტული პარტია, ახალი მემარჯვენეები და გაერთიანებული ოპოზიცია. ამომრჩეველთა ხმები კონცენტრირებულად მოიყრის თავს რეალური ძალების ირგვლივ; გაერთიანებულ ოპოზიციას კი სერიოზული შანსი გაუჩნდება, პარლამენტში 118 ხმა შემოიკრიბოს და უმრავლესობა ჩამოაყალიბოს.

თუ ერთიანი ბლოკი მართლაც შეიქმნება, სავარაუდოდ, იგი სხვა პოლიტიკურ ძალებსაც მიიზიდავს. შესაბამისად, გაერთიანებული ოპოზიციის ბლოკს, შესაძლოა, ახალი მემარჯვენეები და მრეწველებიც შეუერთდნენ. "მერწველთა" პარტია ცალკე სუბიექტად გამოსვლას, ალბათ, ვეღარ გაბედავს და ან სახელისუფლო ბანაკში დაიდებს ბინას, ან გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდება. არ არის გამორიცხული, ამ ნიადაგზე პარტიაში განხეთქილებაც მოხდეს.

ოპოზიციის გაერთიანება რეალურად შექმნის პირობას, რომ ედუარდ შევარდნაძეს საპრეზიდენტო ვადის მიწურულს საპარლამენტო ბერკეტები ერთიანად გამოეცალოს. ეს ვითარება კი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში გზას გაუხსნის რომელიმე პარტიულ ლიდერს და არა ნომენკლატურის მაღალჩინოსანს, რაც აუცილებლად მოხდება ოპოზიციის დამარცხების შემთხვევაში.

დაბოლოს, აღარაფერს ვიტყვით იმის შესახებ, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად შეიქმნება პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც რეალური შანსი ექნება, არჩევნებში დაამარცხოს სახელისუფლო პარტია. იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებას მოსახლეობა აღარ ენდობა და მოუთმენლად ელის რეალურ ცვლილებებს, ოპოზიციის გაერთიანება დადებით საზოგადოებრივ მოვლენად უნდა შეფასდეს.

მაგრამ იმგვარ გაერთიანებას, როგორიც ამჟამად იგეგმება, რამდენიმე სერიოზული ხინჯი ახლავს. ჯერ ერთი, რიგითი ამომრჩეველი, თუნდაც ხელისუფლებით უკმაყოფილო, არნახული პოლიტიკური წნეხის ქვეშ ექცევა. წარმოუდგენელია, რომ თუნდაც ერთი მოქალაქის პოლიტიკური გემოვნებისთვის აღმოჩნდეს მისაღები ლიდერთა ის შემადგენლობა, რომელიც ახალ გაერთიანებაში მოიყრის თავს. ამიტომ, სავარაუდოდ, ამომრჩეველთა ნაწილი უარს იტყვის თავისი სამოქალაქო ვალის მოხდაზე და არჩევნების დღეს შინ დარჩება. ცნობილია, რომ რაც უფრო დაშორებული ორიენტაციის პარტიები ერთიანდებიან, მით მეტი ხმა იკარგება არჩევნების დღეს.

მაგრამ მთავარი უარყოფითი შედეგი მაინც სხვაა. ახალი გაერთიანება, თუკი იგი შეიქმნება, დაადასტურებს, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი ჯერ კიდევ უმწიფარია; რომ პოლიტიკისთვის ჯერ კიდევ აქტუალურია გაერთიანება ნეგატიურის წინააღმდეგ და არა პოზიტიურის ირგვლივ. ადამიანები, რომლებიც ხმას მისცემენ გაერთიანებულ ოპოზიციას, ფაქტობრივად, ხმას მისცემენ ნგრევას და არა შენებას. რადგან სრულიად გაუგებარია, როგორი საქართველო უნდა ააშენონ ერთად მიხეილ სააკაშვილმა, ჯუმბერ პატიაშვილმა, ზურაბ ჟვანიამ, ალექსანდრე ჭაჭიამ, დავით ბერძენიშვილმა...

ბუნებრივია, რომ ამგვარი ეკლექტური გაერთიანება საზოგადოებას ვერაფერს შესთავაზებს, ძველის დანგრევის გარდა. იმ შემთხვევაში კი, თუ საარჩევნოდ მეტ-ნაკლებად თანხვედრი შეხედულებების პოლიტიკური პარტიები გაერთიანდებიან, მათ ექნებათ საშუალება, ნგრევის კი არა, შენების პროგრამა წარმოადგინონ. თუმცა საფიქრებელია, რომ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებიც საზოგადოებას კიდევ ერთხელ შესთავაზებს არჩევანს ცუდსა და უარესს შორის - მეტს ვერაფერს.
XS
SM
MD
LG