Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩვენი ყოველკვირეული პროგრამის, "ოქროს საუკუნის"


ჩვენი ყოველკვირეული პროგრამის, "ოქროს საუკუნის",

დღევანდელი გადაცემის პირველ ნახევარში გიამბობთ ოთარ ჭილაძის რომანზე "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა", რომლის შექმნიდან ამ დღეებში 30 წელი გავიდა. გადაცემის მეორე ნახევარში მტკივნეულ და საკამათო თემას შევეხებით - გავიხსენებთ ჩვენი ეკლესიის პოზიციას ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პირველ ეტაპზე.

"მე მაინტერესებს უსასრულო დროსა და სივრცეში მოქცეული ადამიანი" - უთქვამს ერთხელ ოთარ ჭილაძეს. რომანში "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა", რომლის დასრულებიდან ამ დღეებში 30 წელი გავიდა, პატარა აფრასიონს მძიმე ჯვრის ტარება უხდება. იგი ნათელმხილველია და იტანჯება თავისი ნიჭით, რადგან, როგორც ამბობს, "არავის სიამოვნებს წინასწარ იმის შეტყობა, რაც მომავალში ელოდება, სასიხარულო იქნება ეს თუ სამწუხარო". წინასწარმეტყველების უნარი აფრასიონს პეპლის სიცოცხლეს გაახსენებს - პეპელა ბრმაა, ამიტომ არჩევანს ვერ აკეთებს. და თუ ადამიანი ისეთივე ცოცხალი არსებაა, როგორიც პეპელა, თუ ყველაფერი წინასწარაა განსაზღვრული და დაწერილი, გამოდის, რომ ისიც პასიურია. იგი მხოლოდ "ასრულებს" თავის ბედს.

ოთარ ჭილაძის რომანში "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა" მრავალი პერსონაჟის სახე იხატება, რომელსაც ფსიქოლოგიურ თუ ფილოსოფიურ კომენტარს თავად ავტორი უკეთებს. ჭილაძე სრულიად განსხვავებული სტილის შეთავსებას ცდილობს, ამიტომაც იმხანად, როცა რომანი პირველად გამოიცა, ჭილაძის ამ ნაწარმოებს ხან ფოლკნერის, ხანაც მარკესის რომანებს ადარებდნენ, მაგრამ ბრმა პეპლის ეს სახე მაინც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს, ყოველ შემთხვევაში, იმ ეპოქის გადასახედიდან, როცა "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა" დაიწერა. პეპლისა არ იყოს, ადამიანსაც აქვს "ბრმად ცხოვრებისკენ" მიდრეკილება, ადამიანსაც ეშინია რეალობის და ცდილობს რეალობას საკუთარი "ვერსია" მოუძებნოს. ცხოვრება კი ამასობაში, ოთარ ჭილაძეს რომ დავესესხოთ, "დუღს და გადმოდუღს", "დრო თავისას მიერეკება", დრო და

სივრცე უსასრულოა. ამ უსასრულობის ეშინია ყველაზე მეტად ადამიანს, ამ უსასრულობის გამო იბრმავებს თავს, სინამდვილეს ისეთ ინტერპრეტაციას ანიჭებს, როგორიც თავად ურჩევნია და ჯიუტად აგრძელებს ილუზიებში ცხოვრებას. რომანის პერსონაჟებისთვის დრო მხოლოდ წარსულსა და მომავალს ნიშნავს. მათი ინფანტილური ბუნება აწმყოს ვერ ითვისებს - აწმყო მათთვის უფსკრულია, რადგან რეალურ ქმედებას მოითხოვს. ისინი "ოცნების ჯადოქრებიც" არიან და "წარსულის მგალობელნიც". მაგრამ სწორედ წარსულზე მიჯაჭვულობა და რომანტიკული ოცნებები ჩამოაშორებს მათ სინამდვილეს, ანუ რეალობას, სადაც ყველაფერი თავად უნდა მოიპოვო.

დღეს, როცა ახალი თაობა 30 წლის წინ დაწერილ ოთარ ჭილაძის რომანს კითხულობს, ახალგაზრდა მკითხველს შეუძლებელია არ დაებადოს აზრი: გამოდის, რომ ჩვენი საზოგადოება კვლავაც ვერ წყვეტს ადამიანის არსებობის მთავარ პრობლემას - თვალი გაუსწოროს რეალობას, ე. ი. გახდეს ზრდადასრულებული. ერთი განსხვავებით: 1972 წელს ამაზე საქართველოში არავინ ლაპარაკობდა - მხოლოდ ოთარ ჭილაძის რომანში ითქვა, რომ ზღაპარი დასრულებული "ჟანრია", რეალური ცხოვრებისგან განსხვავებით, ზღაპარი ოდესმე უნდა დასრულდეს. რეალობა კი - უსასრულოა დროსა და სივრცეში. რეალობა ადამიანისგან მოითხოვს გათავისუფლდეს შიშისგან და პიროვნებად ჩამოყალიბდეს. მოითხოვს ადამიანმა პასუხი აგოს თავის ქცევაზე და უსახური მასის ნაწილად, "ბრმა პეპელად" არ იქცეს.

მართალია, ქართული საზოგადოება ჯერ კიდევ ჰგავს 30 წლის წინ "უძრაობის ეპოქაში" ჩათრეულ მასას, ხალხმა მაინც დაიწყო საკუთარ პასუხისმგებლობაზე ფიქრი... რაც სწორედ იმას ნიშნავს, რომ "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა" თავისებური რომანი-წინასწარმეტყველება იყო. პატარა აფრასიონი ავტორის გულისტკივილს ამბობდა.

[პირველი ნაწილის დასასრული]

ჩვენი საზოგადოება დღეს ქართულ-აფხაზურ კონფლიტზეც ახლებურად ალაპარაკდა. 10 წლის წინ საქართველოში ვერ შეხვდებოდით პაციფისტებს, რომლებიც ქართულ-აფხაზურ

დაპირისპირებას "ძმათამკვლელ ომს" უწოდებდნენ და ორივე მხარეს საომარი მოქმედებების შეწყვეტას მოსთხოვდნენ. ქართველი ქალების მოძრაობა, სახელწოდებით "თეთრი მანდილი" ხომ, ფაქტობრივად, მაშინ დაიწყო, როცა აფხაზები უკვე გამარჯვებას ზეიმობდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციები კი, რომელთა მესვეურები კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას ცდილობენ, გააქტიურდნენ მხოლოდ რამდენიმე წლის წინ, როცა ხელისუფლებამ თითქმის აღიარა, რომ ვერ აგვარებს აფხაზეთის პრობლემას.

მთლიანად ქართული საზოგადოება კი ჯერჯერობით არ ცდილობს გაიხსენოს, თუ რა ხდებოდა ჩვენში საომარ მოქმედებათა დაწყების პირველ დღეებში, როგორ გაისმოდა პირდაპირ ტელევიზიიდან მილიტარისტული ხასიათის ლოზუნგები, როგორ "ამხნევებდნენ" ხალხს ჩვენი ინტელიგენციის წარმომადგენლები - ერთი ამბობდა, ახალ წელს ბიჭვინთაში ვიქეიფებთო, მეორე - არც ერთ აფხაზს ცოცხალს არ გავუშვებთო და ა .შ. ამ ლოზუნგებისა, პირველ რიგში, იმ ადამიანებს სჯეროდათ, რომლებიც ცოტა ხანში ლტოლვილებად იქცნენ. მათ სჯეროდათ ედუარდ შევარდნაძის, რომელმაც ამის მსგავსი ლოზუნგებით იმხანად პრეზიდენტის პოსტი გაინაღდა. სჯეროდათ იმ სასულიერო პირების, რომლებმაც ძმათამკვლელი ომის შესაჩერებლად არაფერი იღონეს. პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის თქმით [პაატა ზაქარეიშვილის ხმა]: "ეს არის ეკლესიის დანიშნულება - კაცთმოყვარეობით შეიფაროს ყველა, ვინც საფარველს ეძებს... ფაქტობრივად, განცხადებამ, რომ ქართველი კაცის მკვლელი დაწყევლილი იქნება, კონფლიქტს შეუწყო ხელი, რადგან არა მარტო ქართველი კაცის მკვლელი, ყველა მკვლელი, ყველა მკვლელი იქნება დასჯილი. გარდა ამისა, ეკლესიამ უარყოფითი როლი ითამაშა კონფლიქტის დაწყების წინ იქ ჩასვლით და ერთი მხარის ინტერესების გამოხატვით. მაშინ, როცა მეორე მხარესაც უნდა გასაუბრებოდა და გაეგო მისი ინტერესები. სამწუხაროდ, ქართული ეკლესია აღმოჩნდა მხოლოდ ერთი მხარის დამცველი."

რა თქმა უნდა, იყო ქრისტიანი - არ ნიშნავს იყო პაციფისტი; რა თქმა უნდა, სამშობლოს დაცვა ქრისტიანის მოვალეობაცაა და, ბუნებრივია, რომ ეკლესიამ არ უნდა გადაუღობოს გზა ჯარისკაცს, რომელიც ქვეყნის დასაცავად

იბრძვის. მაგრამ, როცა ომი შენს სახლში, შენს მიწა-წყალზე გაჩაღდა( აფხაზეთი კი - შენი მიწა-წყალია სწორედ), ვისაც არ უნდა დაბრალდეს მისი დაწყება, ვინც არ უნდა იყოს ამ პროვოკაციის ავტორი, ეკლესია ვალდებულია იტვირთოს შემრიგებლის მძიმე ტვირთი... მაგრამ 90-იანი წლების დასაწყისში ქართული ეკლესია ჯერ მხოლოდ თავისუფლდებოდა იმ მარწუხებისგან, რომელშიც, თავის დროზე, კომუნისტებმა მოაქციეს. ეკლესია ისეთივე იყო, როგორიც საზოგადოება, რომელიც ოთარ ჭილაძის პეპლისა არ იყოს, ბრმად მიჰყვებოდა პროცესებს, ადვილად ხდებოდა პროვოკაციების მსხვერპლი და არ შეეძლო იმის გააზრება, რომ ოდესმე პასუხი უნდა ეგო ისტორიის წინაშე. პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ქართულმა საზოგადოებამ, რომელიც იმხანად მხოლოდ ყალიბდებოდა როგორც საზოგადოება და ამიტომ ჯერ კიდევ ნახევრად თვლემდა ინფანტილურ ოცნებებში, ოდესმე აუცილებლად უნდა მოინანიოს ეს შეცდომა, ხელახლა უნდა "მოინათლოს", რათა გახდეს ჭეშმარიტად ქრისტიანული საზოგადოება.
[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] "დიდი შეცდომა დავუშვით, როცა ჩვენ სახელმწიფოს ჩამოყალიბების პირველ ეტაპზე წავიბორძიკეთ - არ დავიშალეთ ბოლომდე, არ დავკარგეთ სახელმწიფოებრიობა, მაგრამ პირველივე ნაბიჯში დავმარცხდით. არა აფხაზეთში, რა თქმა უნდა, არამედ ჩვენს ცნობიერებაში მივიღეთ ეს დამარცხება. ქართველები არ დამარცხებულან აფხაზეთში, არ დამარცხებულან აფხაზებთან, არც რუსებთან დამარცხებულან. ჩვენ დავმარცხდით ჩვენს წარმოსახვაში, როგორი გვინდოდა ჩვენი სახელმწიფო ყოფილიყო. ჩვენ გვინდოდა მეოცე საუკუნეში ყოფილიყო სახელმწიფო მეთორმეტე საუკუნის მოდელისა, სადაც ეკლესია იქნებოდა სახელმწიფო, სადაც ქართველები იქნებოდნენ პირველები და სადაც ყველა დანარჩენი არაქართველები ჩვენი მსახურები იქნებოდნენ, იმიტომ რომ ისინი სტუმრები იყვნენ ჩვენი. ჩვენ მასპინძლები ვიყავით. სანამ ეს ცნობიერება გაგრძელდება, ჩვენ სახელმწიფოს ვერ შევქმნით... ეს იდეოლოგია ცუდი კი არ არის, ეს იდეოლოგია დამღუპველია ჩვენთვის, ერისათვისაა დამღუპველი."

მეოცე საუკუნეში ჩვენ მეთორმეტე საუკუნე გვინდოდა, მაგრამ ვერ მოვასწარით. მოვიდა ოცდამეერთე საუკუნე.

"დრო ხომ დუღს და გადმოდუღს" და მშობიარობა მაინც გარდაუვალი ხდება.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG