Accessibility links

გერმანიის ორ მხარეში სოციალ-დემოკრატებმა სასტიკი მარცხი განიცადეს


გერმანიის ორ მნიშვნელოვან მხარეში, ჰესენსა და ქვემო საქსონიაში, 2 თებერვალს მოეწყო ადგილობრივი არჩევნები. შეგახსენებთ, რომ ქვემო საქსონია ახლანდელი კანცლერის სამშობლოა.

არჩევნებში სოციალ-დემოკრატებმა სასტიკი მარცხი განიცადეს. გამარჯვებული ქრისტიან- დემოკრატიული კავშირი განსაკუთრებულ გამარჯვებას ზეიმობს ჰესენში, რადგან მის მიერ მიღწეული შედეგი - თითქმის 49 პროცენტი - მეორე მსოფლიო ომის შემდგომ საუკეთესოა და აბსოლუტური უმრავლესობის გარანტიაა მხარის პარლამენტში, რაც ჰესენის პრემიერის როლანდ კოხისთვის აბსოლუტურ უმრავლესობას და მხარის სუვერენულ მართვას ნიშნავს. დღემდე მათ ლიბერალებთან - თავისუფალ დემოკრატიულ პარტიასთან - ერთად კოალიციაში უწევდათ ყოფნა.

კოხმა ასე გამოხატა თავისი სიხარული: [კოხის ხმა] "დღეს ჰესენის ქრისტიან-დემოკრატების დიდი დღეა, უნდა გამოვტყდე, დიდი დღეა ჩემთვისაც, 60 წლის განმავლობაში ასეთი შედეგი არ გვქონია, ეს ჰესენის ქრისტიან- დემოკრატიული კავშირისთვის ახალი ეპოქის დასაწყისია".

ჰესენში, სოციალ-დემოკრატებმა, წინა არჩევნებთან შედარებით, 10-ზე მეტი პროცენტით უარესი შედეგი აჩვენეს, ხოლო ქრისტიან-დემოკრატებმა, პირიქით, 5 პროცენტით გააუმჯობესეს თავიანთი ძველი მაჩვენებელი. ქვემო საქსონიაში ქრისტიან- დემოკრატებმა ხელისუფლების შეცვლა მოახერხეს, მართალია, აბსოლუტური უმრავლესობის გარეშე. მათ მომავალ წლებში თავისუფალ დემოკრატებთან ექნებათ თანამშრომლობა. აღსანიშნავია, რომ 1998 წელს, ქვემო საქსონიაში არჩევნებში გერჰარდ შრიოდერმა, ახლა კანცლერმა და მაშინ რეგიონის პრემიერმა, მოახერხა აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება და კანცლერობის კანდიდატობაც გაინაღდა.

ახლა კანცლერს მომხრებიც და ოპოზიციაც ერთი გზისკენ მიუთითებენ, რეფორების გატარებისკენ. კაცმა რომ თქვას, გერჰარდ შრიოდერმა საგარეო საქმეთა მინისტრთან, მწვანეების ლიდერთან იოშკა ფიშერთან ერთად ქვეყნის მართვა რეფორმებით გადაწყვიტა, მაგრამ საგადასახადო სისტემის რეფორმირება საჩოთირო და არაპოპოლარული საქმეა. ამიტომაცაა, რომ მემარჯვენეებს ახლა მეტი ხალხი ემხრობა, იმედოვნებენ რა, რომ ეკონომიკური გაჯანსაღება, თუკი ასეთი რამ დაიწყო, მასასაც შეეხება, გადასახადის გაზრდა კი მას ყველა შემთხვევაში ეხება.

მთლიანად არჩევნები მთელი გერმანიის მასშტაბით მემარცხენეების მართვის დასასრულის დასაწყისად მიიჩნიეს. მემარჯვენეთა ლიდერმა, ბავარიის პრემიერ-მინისტრმა ედმუნდ შტოიბერმა ფედერალური მთავრობისთვის უნდობლობის ვოტუმად შეაფასა ჰესენის და ქვემო საქსონიის არჩევნების შედეგები. ასევე ბავარიელმა, ქრისტიან-სოციალური პარტიის სამხარეო ჯგუფების თავმჯდომარემ, მიხაელ გლოსმა თქვა, რა კარგია, რომ ალპებიდან ჩრდილოეთის ზღვამდე კვლავ მეგობარი მხარეების გავლით შეგვიძლია მგზავრობაო.
გერმანიის სოციალ-დემოკრატ კანცლერს, ჩანს, არჩევნები მხოლოდ ომის საწინააღმდეგო ლოზუნგით არ მოუგია, სამხედრო კურსს ის კვლავ უარყოფს, მაგრამ მომხრეები გარს შემოეცალა.
XS
SM
MD
LG