Accessibility links

logo-print

როგორი იქნება ერაყის წინააღმდეგ ომის სცენარი


სულ უფრო მეტად იკვეთება ერაყის წინააღმდეგ ომის კონტურები. მიუხედავად იმისა, რომ ერაყის ბედი გაეროს უშიშროების საბჭოს ჯერ არ გადაუწყვეტია, შეერთებული შტატები განაგრძობს საომარი მოქმედებებისთვის მზადებას.

როგორც ამერიკელები აცხადებენ, მათი მიზანია, აქცენტი სისწრაფეზე გააკეთონ და რაც შეიძლება სწრაფად დაამხონ სადამ ჰუსეინის რეჟიმი.

ამერიკელ ექსპერტთა თანახმად, თავდაპირველი დაბომბვისას ათჯერ უფრო მეტი მართვადი იარაღი იქნება გამოყენებულიდ, ვიდრე სპარსეთის ყურეში 1991 წლის ომის პირველ ორ დღეს. მათი სამიზნეები იქნება საჰაერო თავდაცვის ობიექტები, პოლიტიკური და სამხედრო მნიშვნელობის შენობები, საკომუნიკაციო სისტემები, სავარაუდო ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის სისტემები. ომის დამგეგმავების თქმით, უპირველესი ამოცანა იქნება ერაყის არმიის დემორალიზება.

საჰაერო კამპანიაში მონაწილეობას მიიღებს 500-მდე მოიერიშე, ანტირადარული და დამხმარე თვითმფრინავი. ისინი იმოქმედებენ რეგიონის გარშემო განლაგებული ბაზებიდან, აგრეთვე ოთხი ავიამზიდიდან. დღეისთვის 300-მდე სამხედრო თვითმფრინავი უკვე განლაგებულია ერაყის გარშემო.

ამერიკის ხელისუფლება აცხადებს, რომ გადაწყვეტილი აქვს ომის შემდეგ ხელი შეუწყოს ერაყის სწრაფად აღდგენას. ამიტომ სამხედრო გეგმის თანახმად, მაქსიმალურად შეეცდებიან, არ დააზიანონ ერაყის ინფრასტრუქტურა და მინიმუმამდე დაიყვანონ მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

სახმელეთო ომს არმიის ორი დივიზია და საზღვაო მედესანტეთა შენაერთი აწარმოებენ. არმიის მესამე ქვეითი დივიზია ქუვეითიდან შეიჭრება ერაყში, არმიის მეოთხე დივიზია კი - თურქეთის ტერიტორიიდან. ჯერჯერობით არ არის მთლად ნათელი თურქეთიდან ომის წარმოების შესაძლებლობები. ანკარას არაერთგვაროვანი პოზიცია უკავია ამ საკითხში. სამაგიეროდ დღეისთვის უკვე ცნობილია, რომ საუდის არაბეთიდან არ შესრულდება მოიერიშე საჰაერო რეიდები.

საჰაერო იერიში ძირითადად უზუსტეს მართვად იარაღზე იქნება დამყარებული. სახმელეთო იერიში კი ე.წ. მანევრული ომის პრინციპს დაემყარება. ეს ტაქტიკა 1989 წელს იქნა გამოყენებული პანამაში შეჭრისას, როცა ჯარები ერთდროულად უტევდნენ რამდენიმე ათეულ სამიზნეს. ეს პრინციპი არ გამოუყენებიათ 1991 წელს, მაშინ ქუვეითიდან ერაყში შეჭრილი არმია ნელ-ნელა მიიწევდა წინ.

ელვისებურ ტემპზე აქცენტის გაკეთებას ერთი რისკი ახლავს თან. მეწინავე შენაერთები შეიძლება მოწყდნენ ზურგს და შევსებისა და საწვავის მიღება გაუჭირდეთ.

გათვალისწინებულია რიგი ექსპერიმენტული იარაღის გამოყენება. ასეთია, მაგალითად, მიკროტალღებზე დამყარებული იარაღი, რომლის მიზანია ერაყის კომპიუტერებისა და ელექტრომომარაგების სისტემის გამოთიშვა.

პენტაგონს თანამგზავრით მართული 6700 ბომბი და 3000 ლაზერით მართული ბომბი აქვს მომზადებული საიერიშოდ. აქვე შევნიშნავ, რომ 1991 წლის ომში იარაღის მხოლოდ 9 პროცენტი იყო მართული. ამჟამად ამ ტიპის იარაღი 75 პროცენტს შეადგენს.

მაგრამ ჩამოთვლილ ფაქტორებს უნდა დაემატოს კიდევ ერთი - ამინდი. როგორც 1991 წლის ომის, ისე კოსოვოს 1999 წლის კამპანიის დროს, ამინდმა სერიოზული კორექტივები შეიტანა წინასწარ დაგეგმილ და გათვლილ სცენარში.
XS
SM
MD
LG