Accessibility links

რატომ აიკრძალა ე.წ. ზვიადისტების აქცია პარლამენტის შენობის წინ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ბოლო სამი დღეა, პარლამენტის შენობის მისასვლელებს პოლიციის გაძლიერებული რაზმები იცავენ. 3 თებერვალს პოლიციის ნაწილები კანცელარიის შენობასთანაც გამოჩნდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სამართალდამცავები საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ და შესაბამის ზომებს ატარებენ არასანქცირებული მიტინგებისა და მასობრივი აქციების თავიდან ასაცილებლად. შეგახსენებთ: პარლამენტის წინ მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მომხრეები რამდენიმე თვეა მჯდომარე საპროტესტო აქციას მართავენ. რით არის გამოწვეული პოლიციის დაგვიანებული აქტიურობა?

პარლამენტის წინ დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში მიმდინარე ე.წ. ზვიადისტთა საპროტესტო აქცია თბილისის პოლიციამ ერთ დღეში საკმაოდ უმტკივნეულოდ დაშალა, როცა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის წინ მისვლის საშუალება არ მისცა. მცირე შეტაკებას ჰქონდა ადგილი კვირას, როცა ქაშვეთის ეკლესიის წინ შეკრებილი მომიტინგეები სპეცრაზმის თანამშრომლებმა მუჯლუგუნებითა და ხელის კვრით გააშორეს "სტრატეგიულ" ადგილს. თბილისის პოლიციის ხელმძღვანელობა კატეგორიულად აცხადებს, რომ არავის მისცემს უფლებას დაარღვიოს საზოგადოებრივი წესრიგი.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნა წლების განმავლობაში არ შეცვლილა: აღდგეს კანონიერი ხელისუფლება, რომელიც დანიშნავს ახალ არჩევნებს. ამ რამდენიმე თვის წინათ, როცა აქციები ახლად დაწყებული იყო, პარლამენტის გადაწყვეტილების შესაბამისად, პარლამენტართა ჯგუფი, ვიტალი ხაზარაძის მეთაურობით, აქციის ხელმძღვანელებს შეხვდა, მაგრამ რაიმე კონკრეტულზე მოლაპარაკება ვერ მოხერხდა. მას შემდეგ პარლამენტარებს მუშაობა მეგაფონის ფონზე უხდებოდათ. რუსთაველის პროსპექტზე გამვლელთ კი აკვირვებდათ პრინციპულობა აქციის მონაწილეებისა, რომლებიც, როგორც სამსახურში, ისე ცხადდებოდნენ პარლამენტის შენობის წინ. თუმცა ვითარება ყოველთვის ასეთი იდილიური არ იყო. რამდენიმე დღის წინათ აქციის მონაწილეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ჟურნალისტს და ოპერატორს, დაამტვრიეს ძვირად ღირებული ვიდეოკამერა, კასეტა და დაზარალებულებს აღარ დაუბრუნეს.
გასულ კვირას პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის თემა გააქტიურდა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზეც, როცა პარლამენტარმა გურამ შარაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს აქციის მონაწილეებთან შეხვედრა შესთავაზა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მას მიზანშეწონილად არ მიაჩნია იმ ადამიანებთან შეხვედრა, ვისთანაც მოლაპარაკება შეუძლებელია. ნინო ბურჯანაძის განმარტებით, მან მშვენივრად უწყის, ვინ როგორ იყენებს ამ აქციას და როგორ ცდილობს ის წყობიდან გამოყვანოს, რათა პარლამენტის თავმჯდომარისგან წამოვიდეს მოთხოვნა აქციის დაშლისა.
ძნელი სათქმელია, ასე ოპერატიულად გამოეხმაურა თბილისის პოლიციის ხელმძღვანელობა პარლამენტის თავმჯდომარის საყვედურს თუ რაიმე სხვა მოტივებიც გაჩნდა, მაგრამ მეორე დღეს, პოლიციის აქტიურობის წყალობით, აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის წინ, დისლოკაციის ადგილზე, მისვლის საშუალება არ მიეცათ. სიტყვიერი კამათი პოლიციის მაღალჩინოსნებსა და აქციის ორგანიზატორ მანანა არჩვაძე-გამსახურდიას შორის - ამ უკანასკნელმა ეჭვი გამოთქვა შინაგან საქმეთა მინისტრის გონებრივ შესაძლებლობებთან დაკავშირებით - პოლიციელთა გამარჯვებით დასრულდა: მესამე დღეა, პარლამენტის წინ მხოლოდ პოლიციელები დგანან.
საინტერესოა, რომ ე.წ. ზვიადისტთა აქციის დაშლას საკმაოდ მშვიდად შეხვდა საქართველოს ომბუდსმენი ნანა დევდარიანი, რომლის განცხადებითაც, იგი პარლამენტის შენობის წინ მომიტინგე ექს-პრეზიდენტის მომხრეების დასაცავად არავითარი ოფიციალური განცხადების გაკეთებას არ აპირებს, რადგან ისინი თავად არღვევდნენ კანონს. მისივე ვარაუდით, მომიტინგეები გარკვეული ძალების დაკვეთას ასრულებენ და ვიღაცის მიერ იმართებიან.
აქციის ორგანიზატორის მანანა არჩვაძე-გამსახურდიას განცხადებით, ის მაინც მოაწყობს აქციებს დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG