Accessibility links

logo-print

რატომ შეიძლება გასცეს რუსეთმა ქართველ პენსიონერთა პენსიები


წინასაარჩევნოდ საკუთარი ელექტორატის გაფართოებას ცდილობს ყველა პოლიტიკური ძალა, რომელთა შორის რუსეთზე ორიენტირებული პარტიებიც არიან.

ასეთი პოლიტიკური ორგანიზაციები განსაკუთრებული პოპულარობით არ გამოირჩევიან. ამიტომ მათ გაძლიერებაზე, როგორც ჩანს, თავად რუსეთი ზრუნავს. ახლად შექმნილი პარტია „დათვის" ლიდერს თემურ ხაჩიშვილს მოსკოვში ქართველი პენსიონერებისთვის რუსული პენსიების დანიშვნას დაჰპირდნენ.

საქართველოში 1 მილიონამდე პენსიონერია. მათგან, დაახლოებით, 70% საბჭოთა კავშირის დროს მოსკოვს დაქვემდებარებულ საკავშირო სტატუსის მქონე საწარმოებში მუშაობდა. თუ საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთის ფედერაციაში მინიმალური პენსია 60 ამერიკული დოლარის ფარგლებშია, საქართველოში პენსია მხოლოდ 14 ლარს შეადგენს. სწორედ ამით ისარგებლეს „დათვის" ლიდერებმა და საკუთარი ელექტორატის შექმნას შეეცადნენ. პარტიის თავმჯდომარის თემურ ხაჩიშვილის მიერ 3 თებერვალს გაკეთებული განცხადებით:

[ხაჩიშვილის ხმა] „ჩვენ გამიზნული გვაქვს ერთიანი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული სივრცის შექმნა რუსეთთან. ჩვენ ჩავატარეთ პირველადი კონსულტაციები რუსეთის მხარესთან, პირადად ბატონ ელჩთან და იმ მხრიდანაც არის მხარდაჭერა, რომ საქართველოში პირველ ეტაპზე საკავშირო დაქვემდებარების საწარმოებში მომუშავე მუშა-მოსამსახურეებს დაენიშნოთ პენსია - ის პენსია, რომელსაც ისინი იმსახურებენ..."

"დათვის" ლიდერის ინფორმაციით, რუსეთი მზადაა საქართველოში 50 - 100 დოლარის ეკვივალენტის პენსიის გასაცემად ყოველწლიურად საქართველოს საერთო ბიუჯეტზე მეტი თანხა - 600 მილიონი ამერიკული დოლარი გამოყოს. ხაჩიშვილის თქმით, ამ საკითხებზე მოსალაპარაკებლად თბილისში რუსეთის სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ჩამოვა, თუმცა როდის, ეს არ დაუკონკრეტებია.

1998 წელს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, ვალდებულებას იღებენ გასცენ ყოფილი საბჭოთა კავშირის კმაყოფაზე მყოფ პენსიონერთა პენსიებიც. საპენსიო ფონდის თავმჯდომარის ირაკლი კოპლატაძის განმარტებით:
[კოპლატაძის ხმა] „სოციალური უზრუნველყოფის სისტემა ნებისმიერ ქვეყანაში ეს არის იმ ქვეყნის მიერ დაფინანსებადი შესაბამისი საბიუჯეტო წყაროებიდან, რომელ ქვეყანაშიც ეს მოქმედებს. ანუ ყოველი ქვეყანა თავად უზრუნველყოფს თავისი ერთიანი სოციალური უზრუნველყოფის სისტემის შექმნას და მის დაფინანსებას." [სტილი დაცულია]

შესაბამისად, ნათელია, რომ თბილისი უარს იტყვის საკუთარი პენსიონერების მოსკოვიდან დაფინანსების წინადადებაზე, მით უმეტეს, რომ ეს წინადადება საკმაოდ საეჭვოდაც გამოიყურება. რუსეთს საქართველოს მოსახლეობის სოციალური და ფინანსური მდგომარეობა მაშინ არაფრად ჩაუგდია, როდესაც საქართველოს მოქალაქეთა საბჭოთა ბანკებში დარჩენილი ანაბრები გაყინა, ან თუნდაც ახლა, როდესაც სამხედრო ბაზების გაყვანის სანაცვლოდ 90 მილიონ ამერიკულ დოლარს ითხოვს. აქედანაც ცხადია, რომ პოლიტიკურ ორგანიზაცია „დათვის" ინიციატივისთვის მხარდაჭერის უკან მოსკოვის პოლიტიკური ინტერესები იმალება. თავად "დათვის" ლიდერები ამას კატეგორიულად უარყოფენ და საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსული პენსიების დანიშვნის შესაძლებლობას რუსეთის ხელისუფლების კეთილ ნებას მიაწერენ.
თუმცა ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის ჯემალ ნინუას განცხადებაში მოსკოვის კეთილი ზრახვების მიზეზიც იკვეთება.

[ნინუას ხმა] „ძალიან ბევრი ასეთი სოციალური პროგრამებია განსახორციელებელი საქართველოში. ჩვენ ეს პროგრამები გვაქვს. ბევრ მათგანზე მიმდინარეობს მუშაობა, ბევრი თავიდან კეთდება. ამის გაკეთება აბსოლუტურად შესაძლებელია, არის მხოლოდ ერთი მთავარი და არსებითი საკითხი გადასაწყვეტი. ეს არის საკითხი ჩვენი პოლიტიკურ-ეკონომიკური დამოკიდებულებისა ჩვენს მეზობლებთან და, პირველ რიგში, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან..."

ანუ "დათვის" ეს წინასაარჩევნო შეტყობინება პენსიონერების დიდ ელექტორატს აცნობებს, რომ მათი ხმების პოლიტიკური ორიენტაცია განაპირობებს მათი პენსიის მოცულობასაც.
XS
SM
MD
LG