Accessibility links

logo-print

ძალადობა პოლიტიკაში - მორიგი ინციდენტი


დავით პაიჭაძე, თბილისი ორშაბათს, 3 თებერვალს, რამდენიმე ათეული შეიარაღებული პირი თავს დაესხა პოლიტიკურ გაერთიანება "ახალი მემარჯვენეების" ცენტრალურ ოფისს. პარტიის ხელმძღვანელთა განცხადებით,

თავდამსხმელები შეიარაღებულნი იყვნენ ავტომატური იარაღით, ზოგიერთი - ყუმბარსატყორცნითაც. სროლა არ ყოფილა. ფიზიკურად შეურაცხყვეს პარტიის წევრები, მათ შორის - ქალები, ემუქრებოდნენ განადგურებით. როგორც "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ განაცხადა, თავდასხმის ერთი მიზანი ისიც იყო, რომ პარტიისათვის მას აღარ ეხელმძღვანელა. შეიარაღებული თავდასხმა დაუკავშირდა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბათიაშვილის სახელს. ბათიაშვილი კარგა ხანს "ახალი მემარჯვენეების" თანათავმჯდომარე იყო, გასულ კვირაში კი პარტია დატოვა.

[დავით გამყრელიძის ხმა]: "ეს იყო შეიარაღებული თავდასხმა. ეს იყო, შეიძლება ითქვას, ტერორისტული აქტი ჩვენი პარტიის წინააღმდეგ. ესაა გაგრძელება ძალადობისა, ბოლო პერიოდში რომ დაიწყო ქვეყანაში. ეს იყო დაშინების მცდელობა, რათა ოპოზიციურმა პარტიამ არ იბრძოლოს ქვეყანაში წესრიგისა და დემოკრატიისათვის. ეს ფაქტი არის დაუშვებელი და პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომელმაც უფლება მისცა ცალკეულ ადამიანებს, შეიარაღებულებმა იარონ და დღისით-მზისით თავდასხმა და ძალადობა განახორციელონ პოლიტიკურ პარტიებსა და ადამიანებზე".

ამ შეფასებას "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ დასძინა, რომ თავდამსხმელთაგან ვერავინ იცნო, თუმცა ისინი ახსენებდნენ ირაკლი ბათიაშვილს და გაიძახოდნენ, რომ მათი მოსვლის მიზეზი ბათიაშვილის პარტიიდან წასვლაა. შეგახსენებთ, "ახალი მემარჯვენეები" ირაკლი ბათიაშვილმა საბოლოოდ მაშინ დატოვა, ბიუჯეტს რომ მისცა ხმა. ბათიაშვილს, როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ალბათ, არ შეეძლო ბიუჯეტისთვის ხმა არ მიეცა, რადგან თავდაცვის სამინისტროსათვის შარშანდელთან შედარებით გაზრდილ დაფინანსებაში მისი წვლილიც ერია. ბათიაშვილი, ბიუჯეტს რომ ხმას აძლევდა, სახელმწიფო ინტერესით ხელმძღვანელობდა - ესაა თვითონ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოტივაცია. "ახალ მემარჯვენეებს" მიაჩნიათ, რომ ბათიაშვილმა თავად გააკეთა არჩევანი კომიტეტის თავმჯდომარეობის სასარგებლოდ და თავი განაყენა პარტიისგან; "ახლები" დაუშვებლად მიიჩნევენ ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის მიერ ხელისუფლებისთვის რეგულარულ მხარდაჭერას.

"ახალი მემარჯვენეები" კატეგორიულად არ აცხადებენ, რომ ორშაბათის დარბევაში ბათიაშვილის ხელი ურევია. ჩემს კითხვას, რატომ არ მიმართეს ინციდენტის შემდეგ სამართალდამცავ ორგანოებს, დავით გამყრელიძემ ასე უპასუხა [გამყრელიძის ხმა]: "აღარ მიგვიმართავს, რადგან ამასობაში ყველა პარტიის ლიდერი მოვიდა ჩვენთან და ვმსჯელობდით, რა ქმედებაა საჭირო, რათა, ჯერ ერთი, პარტია იყოს დაცული და, მეორე, საზოგადოებაც დაცული იყოს ანალოგიური თავდასხმებისაგან".

ირაკლი ბათიაშვილი, ბუნებრივია, უარყოფს თავდასხმასთან რაიმე კავშირს და ამბობს, რომ, როგორც კი შეიტყო ინციდენტის შესახებ, "ახალი მემარჯვენეების" ოფისში მივიდა დასაშოშმინებლად. ჩანს, არც ის აპირებს, მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს სიმართლის გასარკვევად. არაოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელებში ერია "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი რეგიონალური ორგანიზაციის ლიდერი. ყველა შემთხვევაში, ძიებას კვალზე გასვლა არ უნდა გაუჭირდეს. მით უმეტეს, "ახალი მემარჯვენეების" ცენტრალური ოფისი ორთაჭალაში მდებარეობს, იქით მიმავალ გზას ყოველდღე გაივლის პრეზიდენტი შევარდნაძე, ესკორტითურთ. გამოდის, შევარდნაძის დაცვისთვის გამიზნული მილიონების ხარჯვის მიუხედავად, პრეზიდენტის ტრასაზე დღესაც, როგორც ხუთი წლის წინათ, თავისუფლად მოძრაობს პისტოლეტებით, ავტომატებითა და ყუმბარსატყორცნებით შეიარაღებული ხალხი.
XS
SM
MD
LG