Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ შევარდნაძე საქართველოში გააქტიურებული კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ


საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ანტიკრიმინალური ოპერაციის ცხინვალის რეგიონში გავრცელების შიშით, იქაური დე-ფაქტო ადმინისტრაცია კარგა ხანია კონტრზომებს იღებს,

რაც გამალებულ შეიარაღებაში გამოიხატება. მაგრამ, პრეზიდენტ შევარდნაძის თქმით, ცხინვალის აფორიაქება არცთუ საფუძვლიანია. პრეზიდენტის 3 თებერვლის განცხადებების მიხედვით, ახალი ფართომასშტაბიანი ანტიკრიმინალური შეტევა ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად სივრცეში მოქმედ კრიმინალურ ავტორიტეტებს უნდა აფიქრებდეთ. რატომ გახდა საჭირო ახალი ანტიკრიმინალური კამპანია და რას უნდა ველოდეთ მისგან?

მოსალოდნელი ახალი ფართომასშტაბიანი ანტიკრიმინალური ოპერაცია, ედუარდ შევარდნაძის თქმით, კრიმინალური სამყაროს და კრიმინალური ავტორიტეტების წინააღმდეგ მასირებული, გადამწყვეტი შეტევა უნდა იყოს. როგორც პრეზიდენტის 3 თებერვლის ტრადიციულ ბრიფინგზე ითქვა, ამ ოპერაციის ძირითად მიმართულებებზე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ უნდა იმსჯელოს. ახალი ანტიკრიმინალური ოპერაციის დაწყების წინ სამართალდამცავების ტექნიკური უზრუნველყოფისთვის, შესაძლოა, ბიუჯეტიდან სახსრებიც გამოიყოს. პრეზიდენტის თქმით ხომ, ზოგიერთ შემთხვევაში, კრიმინალები პოლიციელებზე უკეთ არიან აღჭურვილნი.

ედუარდ შევარდნაძეს არ სურს იყოს, დამნაშავეობის თვალსაზრისით, გამორჩეული ქვეყნის პრეზიდენტი და აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს კრიმინალთა თარეშის ასალაგმავად.
ახალ ანტიკრიმინალურ ოპერაციას მომავალ კვირაში უნდა ველოდოთ. პრეზიდენტის ბრიფინგზე ამ ოპერაციის ჩატარების გეგმა ერთ-ერთ შეკითხვაზე საპასუხოდ გახმაურდა. შეკითხვა თბილისში და, საერთოდ, მთელ საქართველოში მძარცველთა გააქტიურებასა და მათ წინააღმდეგ პოლიციის უუნარობას ეხებოდა და ბუნდოვანი დარჩა, ის, რაც მის პასუხად ითქვა, სპონტანურად გაჩენილი იდეა იყო, თუ მანამდე არსებული. ასეა თუ ისე, ახალი ანტიკრიმინალური ოპერაციის იდეას სიახლედ ვერ აღვიქვამთ. მსგავსი იდეები კრიმინალური თვალსაზრისით დამძიმებული ქვეყნის ხელისუფლებას არაერთხელ გასჩენია და განუხორციელებია კიდეც, მაგრამ არცთუ შედეგიანად. პანკისის ანტიტერორისტული ოპერაციის რანგში აყვანილი ღონისძიების გარდა, რომელმაც პანკისის პრობლემა, უდავოდ, შეამსუბუქა, ძნელია გავიხსენოთ სხვა წარმატებული ოპერაცია. არადა, ისინი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და რეგიონებში, ერთმანეთის მიყოლებით, ლამის სისტემატურად ტარდება. შეგახსენებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამასწინანდელ, ასევე ფართომასშტაბიან ღონისძიებად მონათლულ, ოპერაციას, რომელიც დასავლეთ საქართველოში განხორციელდა. რა შეცვალა და რა ვერ შეცვალა ამ ოპერაციამ? ამ შეკითხავზე საპასუხოდ ისევ ედუარდ შევარდნაძის 3 თებერვლის განცხადებას მოვიყვანთ: " ისევ უმძიმესი მდგომარეობაა ქუთაისსა და ზუგდიდში." პრეზიდენტის აზრით, კრიმინალური ვითარება საქართველოში დაამძიმა რუსეთსა და უკრაინაში კრიმინალური ავტორიტეტების წინააღმდეგ შეტევამ, რადგან ჩვენმა სამართალდამცავებმა ვერ გათვალეს, რომ ამ ქვეყნებიდან გამოდევნილი ქართველი, ეგრეთ წოდებული, კანონიერი ქურდები საქართველოს მოაშურებდნენ. დღეს საქართველოს პრეზიდენტს ახალგაზრდებში კრიმინალური ავტორიტეტების რომანტიზირება ადარდებს. 4 თებერვალს ის კრიმინალური ავტოროტეტებით სახელგანთქმულ ქალაქში, ქუთაისში, ჩავა. კრიმინალთა წინააღმდეგ მასირებული შეტევა კი მომავალი კვირიდან დაიწყება, მაგრამ რას მოიტანს ის, მაინც ძნელი სათქმელია.

სიახლე არავისთვისაა, რომ კრიმინალური ავტორიტეტები საქართველოში ბევრ რამეს წყვეტენ და რომ ზოგიერთ მათგანთან ახლო ურთიერთობა არც ხელისუფლების ცალკეულ მაღალჩინოსნებს ეჩოთირებათ. როგორც უკვე ვთქვით, 3 თებერვალს ედუარდ შევარდნაძემ კრიმინალური თვალსაზრისით ყველაზე რთულ ქალაქებად ქუთაისი და ზუგდიდი დაასახელა, თბილისი კი რატომღაც ნაკლებად პრობლემატურად მიიჩნია. თუმცა 3 თებერვალს, დღისით, "ახალი მემარჯვენეების" ოფისზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.
XS
SM
MD
LG