Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''კოლამბიის'' დაღუპვამ ყველანაირი რისკის ზღვარს გადააჭარბა


ამერიკული კოსმოსური ხომალდის - "კოლამბიის" ტრაგიკული დასასრულის მიზეზები ჯერ კიდევ ზუსტდება. თუმცა, ექსპერტები და მიმომხილველები უკვე საუბრობენ იმ მორალურ, ფინანსურ და,

გნებავთ, სტრატეგიულ ზიანზე, რომელიც "კოლამბიის" კატასტროფამ შეერთებულ შტატებს მიაყენა. ტრაგედიიდან, რომელმაც 7 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რამდენიმე დღის შემდეგ ბუნდოვანია რა გავლენას მოახდენს 1 თებერვლის ტრაგედია შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევების მომავალზე.

1 თებერვალს ამერიკული კოსმოსური ხომალდის "კოლამბიის" კატასტროფას შვიდი ადამიანი: რიკ დუგლას ჰაზბენდი, კაპლანა ჩოულა, ილან რამონი, ლორელ ბლერ სალტონ კლარკი, უილიამ მაქ ქული, მაიკლ ანდერსონი და დევიდ ბრაუნი შეეწირა.

პირველი, რაც კოსმოსურ ხომალდ "კოლამბიის" ტრაგედიის შემდეგ ადამიანთა გონებაში წამოტივტივდა, "ჩელენჯერი" იყო, რომელიც 1986 წლის 28 იანვარს აფეთქდა და ასევე 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ზოგიერთს, ალბათ, გაახსენდა 1967 წლის 27 იანვარს ასევე ამერიკული კოსმოსური ხომალდის "აპოლოს" გაშვებისას გაჩენილი ხანძრის გამო სამი ასტრონავტის გაუჩინარება.

"კოლამბიის" კატასტროფის ტექნიკურ მიზეზებს ექსპერტებიმოგვიანებით კიდევ დააზუსტებენ. ამის პარალელურად კი ჩნდება უფრო ზოგადი ხასიათის კითხვები, რომელთა შორის უმთავრესია - რა კურსს აირჩევს შეერთებული შტატების მთავრობა კოსმოსურ კვლევებში ადამიანების მონაწილეობისა და საერთოდ აერონავტიკისა და კოსმოსის სფეროს დაფინანსების თვალსაზრისით.

შეერთებული შტატების მთავრობას მოუწევს კოსმოსურ კვლევებში ადამიანების უშუალო მონაწილეობის უსაფრთხოების ასპექტის გადახედვა, რადგან დღემდე განხორციელებული 113 გაფრენის შედეგად ორი ეკიპაჟის დაღუპვა სცილდება ყოველგვარ პროგნოზს, როგორსაც კი უსაფრთხოების ექსპერტთა დიდი ნაწილი დღემდე აკეთებდა. წლების განმავლობაში "ნასა"-ს წარმომადგენლები არაოფიციალურ საუბრებში მოსალოდნელ რისკზე მსჯელობისას ასიდან ერთი, ან 250 ხომალდის გაშვებიდან ერთის დაღუპვას ვარაუდობდნენ.

ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად დღეისთვის საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბედი რჩება, რომელიც 60 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული პროექტი გახლავთ, დღესაც რეკონსტრუქციის პროცესშია და რომელზეც ამჟამად 3 ასტრონავტი იმყოფება. ზუსტად არავინ იცის რამდენი ხნით დააყოვნებს ამერიკული ხომალდის მორიგ გაშვებას კოსმოსში "კოლამბიის" ტრაგედია. კენ ბაუერსოქსს, დონ პეტისა და ნიკოლაი ბუდარინს - ასტრონავტებს, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გასული წლის ნოემბრიდან იმყოფებიან, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, კოსმოსში დარჩენა ივნისამდე შეუძლიათ. აუცილებლობის შემთხვევაში მათი დედამიწაზე დაბრუნება შეიძლება სადგურზე მიბმული "სოიუზის" კაფსულით მოხდეს. "ფაინენშელ ტაიმსის" მიმოხილველის აზრით, მორიგი საკითხი კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების ყოლასა და საერთოდ სადგურის შენარჩუნებას შეეხება. ეს უკანასკნელი კი ყველაზე რთულად გადასაწყვეტი იქნება, რადგან სადგური ნახევრად აშენებულია და მასზე გამოსაცდელი პროგრამების შექმნაში 16 სახელმწიფოს პროგრამისტები მონაწილეობდნენ. თუმცა, თუკი ექსპერტებმა ამერიკული კოსმოსური ფლოტის მოძველება და უვარგისობა დაადასტურეს, კოსმოსური სადგურის გაუქმება შეიძლება გარდაუვალი გახდეს.

"კოლამბიისა" და "ჩელენჯერის" ტიპის ხომალდების, ანუ ე.წ. "შატლების" დაწუნებამ შესაძლებელია ბიძგი მისცეს ნასას მიერ 2001 წელს წამოყენებული ორბიტული კოსმოსური თვითმფრინავის იდეის ხორცშესხმას, რომლის გაშვებასაც ნასა 2010 წლისთვის გეგმავდა.

"ფაინენშელ ტაიმსი"-ს მიმოხმილველი ქლაივ ქუქსონი შენიშნავს, რომ შეერთებული შტატების მთავრობისა და "ნასასთვის" - აერონავტიკისა და კოსმოსის სახელმწიფო ადმინისტრაციისთვის - "ჩელენჯერის"' შემდეგ გონს მოგება და საქმის გაგრძელება გაცილებით იოლი იყო, ვიდრე ახლა, რადგან 17 წლის წინ შეერთებულ შტატებს არსებული სამი ხომალდის მოდიფიკაციისა და ახლის - "ენდევუარის" აწყობისთვის მეტი პოტენციალი ჰქონდა, ვიდრე ახლა, როცა კოსმოსური კვლევებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხები ყოველწლიურად მცირდება. ამას გარდა, 70-იან წლებში დაპროექტებული კოსმოსური ხომალდის ასაგებად მილიარდობით დოლარის დახარჯვა დღეს აბსურდულად ჟღერს.

"ქრისჩიან საიენს მონიტორის" მიმოხილველი რობერტ სი ქაუენის აზრით, კოსმოსი აღარ წარმოადგენს შეერთებული შტატებისა და რუსეთის შეჯიბრის ასპარეზს, არამედ ის ჭეშმარიტად იქცა ზოგადსაკაცობრიო მიზნად. თუმცა, ამ აზრს არ ეთანხმებიან ამერიკელი სენატორები: ტეხასელი - ქეი ნაილი ჰათჩისონი და ფლორიდელი - ბილ ნელსონი, რომლებიც თვლიან, რომ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის გაუქმების შემდეგ შეერთებული შტატები ვეღარ დაიჩემებს უძლიერესი ქვეყნის, ამერიკელები კი აღმომჩენი და თავგადასავლების მოყვარული ხალხის სტატუსს.

ამასთან დაკავშირებით საინტერესოდ ჟღერს ერთ-ერთი მიმოხილველის შენიშვნა, რომ კოსმოსში ადამიანების გაგზავნის მოტივაცია არა სამეცნიერო აუცილებლობა, არამედ ადამიანის კოლონიზატორული ინსტიქტითა და თავგადასავლებისადმი ლტოლვით არის გაპირობებული.

ამერიკის ფიზიკის საზოგადოების წარმომადგენელმა რობერტ პარკსმა კი "კოლამბიის" ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე განაცხადა, რომ "კოსმოსში განხორციელებულ არც ერთ გამოკვლევას არ ჰქონია რაიმე გავლენა მეცნიერებაზე, როგორც ასეთზე".
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG