Accessibility links

ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ მოსკოვი ხელს არ შეუშლის ერაყის წინააღმდეგ გალაშქრებაში


ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ რუსეთი ხელს არ შეუშლის შეერთებულ შტატებს, თუკი ვაშინგტონი სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ სამხედრო აქციას წამოიწყებს. მართალია,

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ერაყის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას არჩევს, მაგრამ ექსპერტების ვარაუდით, რუსეთი არ გააპროტესტებს ერაყის წინააღმდეგ გალაშქრებას ან გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს არ დაადებს რეზოლუციას ამის თაობაზე.

რუსეთს მნიშვნელოვანი საქმიანი კავშირები აქვს ერაყის მთავრობასთან. პირველ რიგში ეს ნავთობის მრეწველობას ეხება. ბუნებრივია, ბაღდადში მთავრობის შეცვლის მიმართ კრემლი გულგრილი ვერ იქნება. ამიტომაც ცდილობს რუსეთის ხელმძღვანელობა გარკვეული გარანტიების მოპოვებას, რომ ომის შემთხვევაში სპარსეთის ყურეში მისი ინტერესები არ დაზარალდება.

აქამდე რუსეთი ეწინააღმდეგებოდა ერაყის მიმართ იარაღის გამოყენებას. მაგრამ თავად პუტინმა საჯაროდ განაცხადა ერაყისადმი პოლიტიკაში ცვლილების შესახებ. გასულ კვირაში კიევში მან თქვა, რომ თუკი ერაყი პრობლემებს შეუქმნის გაეროს ინსპექტორებს, რუსეთმა შესაძლოა შეთანხმებას მიაღწიოს შეერთებულ შტატებთან უფრო მკაცრი ზომების თაობაზე. თუ რა ზომებზეა ლაპარაკი, პუტინს არ დაუზუსტებია.

რუსეთის პოზიცია პრაგმატიზმით არის ნაკარნახევი და დიდად არ არის დამოკიდებული სადამ ჰუსეინსა და მის იარაღზე. ანალიტიკოსების აზრით, პუტინი ცდილობს სოლიდური ურთიერთობები შეინარჩუნოს ამერიკის პრეზიდენტთან და, საერთოდ, დასავლეთთან.

ამიტომაც მოსალოდენლია, რომ იგი თვალს დახუჭავს ერაყის საკითხში ამერიკელთა შემტევ პოლიტიკაზე, ისევე, როგორც მან ეს გააკეთა ბალისტიკური რაკეტების ხელშეკრულებიდან ამერიკის გასვლისა და ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შემთხვევაში.

როგორც სამშაბათის "ვაშინგტონ პოსტი" წერს ამერიკის მაღალი რანგის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, შეერთებული შტატები პუტინისთვის ამზადებს იმის სამხილს, რომ პანკისის ხეობაში მოქმედ ჩეჩენ მეამბოხეებსა და ერაყს შორის კავშირები არსებობს. ამან შესაძლოა უფრო დაარწმუნოს პუტინი ერაყის წინააღმდეგ ძალის გამოყენების აუცილებლობაშიო, დაასკვნის გაზეთი.

გასული წლის მანძილზე გამართულ მოლაპარაკებებში რუსეთის ხელისუფლებისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლებმა არაორაზროვნად მიანიშნეს ბუშის ადმინისტრაციას, რომ ერაყთან დაკავშირებით პუტინის მთავარი შეშფოთება ფინანსური ხასიათისაა.

შეეთებულმა შტატებმა რუსეთს უთხრა, რომ სადამის რეჟიმის დამხობის შემდეგ ვერ დაჰპირდება საგანგებო პირობებს, ვინაიდან სხვა ქვეყნებს მსგავსი ინტერესები და ამბიციები აქვთ ერაყთან დაკავშირებით. "მაგრამ ვაშინგტონი გაითვალისწინებს მათ მოთხოვნებს. ჩვენ არ ვაპირებთ მათ განრისხებას და ისინი ამის მადლიერი არიანო," განუცხადა "ვაშინგტონ პოსტს" სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენელმა.

ოთხშაბათს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგენს ვაშინგტონის ბრალდებას სადამ ჰუსეინის მიმართ. შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ამჟამად განიხილავს, ერაყის წინააღმდეგ რა ფორმის აქცია მოითხოვოს გაეროსგან.
XS
SM
MD
LG