Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოური დახმარება საქართველოს არმიისთვის კვლავ გადამწყვეტი ფაქტორია


საერთაშორისო თანამშრომლობის ანალიზის თანახმად, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ყოველი წლის დასაწყისში აქვეყნებს, საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის უცხოური

დახმარება კვლავაც გადამწყვეტი ფაქტორია გარდამავალი პერიოდის სიძნელეთა გადასალახავად. მაგრამ უეჭველი ფაქტია ისიც, რომ ანგარიშში ჩამოთვლილი, მართლაც, საგრძნობი დახმარების მოცულობა, ჯერჯერობით ადეკვატურად არ აისახება არმიის ბრძოლისუნარიანობასა და დისციპლინის მდგომარეობაზე. 4 თებერვალს, როდესაც თავდაცვის სამინისტროს კოლეგია პარტნიორთა ხელგაშლილობით საზოგადოების თვალში საკუთარი პოზიციების ამაღლებას ცდილობდა, ცნობილი გახდა ახალციხის გარნიზონიდან ჯარისკაცების მასიური გაქცევის ფაქტი, რაც, სამწუხაროდ, ერთ-ერთი მათგანის დაღუპვით დამთავრდა.


2003 წელი საქართველოს სამხედრო ძალებისთვის უიღბლოდ დაიწყო: ჩაშლილ საშემოდგომო გაწვევას სამხედრო ნაწილებში დისციპლინის გაუარესება, სამხედრო მოსამსახურეთა დაღუპვისა და მკვლელობათა სერიალი მოჰყვა. თავდაპირველად, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, ეროვნული გვარდიის ოფიცერმა საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანი მოკლა; შემდეგ შეიარაღებული ჯარისკაცი, რომლის ფსიქიკური ჯანმრთელობა თავიდანვე ეჭვს იწვევდა, თავდაცვის სამინისტროს დაცვის პოლკიდან გაიქცა და, როგორც გამოძიება ეჭვობს, გზაში მკვლელობა ჩაიდინა. ერთი კვირის წინ მუხროვანის ბატალიონში ჯარისკაცი საკუთარი სატაბელო იარაღის გასროლით დაიღუპა. 4 თებერვალს კი ახალციხის რაიონის სოფელ წნისში მოკლული იპოვეს 22-ე ბრიგადის რიგითი გიორგი გაგოშვილი. როგორც სააგენტო "კავკასპრესს" მთავარმა სამხედრო პროკურორმა გია ჯიქიამ განუცხადა, გარდაცვლილ ჯარისკაცს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა აქვს მიყენებული. ჯარისკაცის დაღუპვის ფაქტს სამშაბათს თავდაცვის მინისტრიც გამოეხმაურა:

[დავით თევზაძის ხმა] "იყო მცდელობა ჯარისკაცთა ჯგუფის მიერ, რომლებიც მივლინებულ იქნენ ბრიგადაში, დაეტოვებინათ სამხედრო ნაწილი. კომენდატურამ გამოდევნება მოაწყო და გამოდევნების პროცესში ერთი ჯარისკაცი დაიღუპა. პროკურატურა მუშაობს ადგილზე." [სტილი დაცულია]

ჟურნალისტებთან შეხვედრისას თევზაძემ საგანგებოდ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ სამხედრო კომენდანტი, რომლის მიერაც გაიცა ბრძანება სროლის შესახებ, შეიარაღებულ ძალებში სამხედრო კონტრდაზვერვიდან მოვიდა. ცნობილია, რომ სამხედრო კონტრდაზვერვასა და თავდაცვის სამინისტროს შორის ფარული უწყებრივი დაპირისპირება წლების განმავლობაში გრძელდება, მაგრამ რაკი ოფიცერი აღრიცხვაზე თავდაცვის სამინისტროს კადრების სამმართველოში იმყოფებოდა, მის წარსულზე აქცენტის გაკეთება პასუხისმგებლობისგან ვერ გაათავისუფლებს სამხედრო უწყების ხელმძღვანელობას. თანაც, დაარღვია თუ არა კანონი ახალციხის სამხედრო კომენდანტმა, როდესაც დევნილ ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნა, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

მანამდე კი სამხედროების გაქცევის აღკვეთის დროს ჯარიკაცის მოკვლის მცდელობამ საბოლოოდ შეარყია სამხედრო ძალების, უფრო სწორად, გაწვევის სისტემაზე დაფუძნებული სამხედრო სამსახურის პრესტიჟი. მიუხედავად მზარდი საერთაშორისო დახმარებისა, რომელზეც თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა 4 თებერვალს სასტუმრო "თორში" გამართულ პრეზენტაციაზე თავმომწონედ საუბრობდა, სამხედრო ნაწილებში ყოფნის მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად კლებულობს. და ეს მაშინ, როცა ამერიკული "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამაში ჩართვის მსურველთა რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. ეს კონტრასტი მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ჯარისკაცებისა და მათი მშობლებისთვის დიდი ხანია დამაჯერებლობა დაეკარგა ყბადაღებულ განცხადებებს სამშობლოს დამცველის მაღალ მისიაზე, რადგან სიცოცხლის რისკთან დაკავშირებული სამსახურის უკან არაფერი დგას გაყინული ყაზარმების, პატიმრული მენიუსა და დაუფასებლობის გარდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG