Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის აძლევს ხელს ახალი მემარჯვენეების დაშინება?


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 3 თებერვალს, ახალი მემარჯვენეების ოფისის დარბევის შემდეგ, პოლიტიკური პარტიები კვლავ პოლიტიკაში ძალადობის გამოყენების ხერხის აკრძალვის აუცილებლობის შესახებ ალაპარაკდნენ.

3 თებერვალს მიღებულ ერთობლივ განცხადებაში ოპოზიციური პარტიების ერთი ჯგუფი მომხდარს პოლიტიკური პროცესების კრიმინალიზაციის აშკარა გამოხატულებად აფასებს. თუმცა მთაწმინდა-კრწანისის რაიონის პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტმა მომხდარ ფაქტზე საქმე ხულიგნობის მუხლით აღძრა.

ღია ტერორი თუ პარტიის შიგნით არსებული კონფლიქტი ?- რეალურად, დღეს ასე დგას საკითხი. თუ ახალი მემარჯვენეები და ოპოზიციური პარტიები ერთმნიშვნელოვნად აცხადებენ, რომ 3 თებერვლის მოვლენა მათ დასაშინებლად ჩაფიქრებული აქტი იყო, კონფლიქტის მონაწილე მეორე მხარე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბათიაშვილის სახით, 3 თებერვლის ინციდენტს პარტიის შიგნით არსებული დაძაბულობის არაცივილიზებულ გამოვლინებად აფასებს. განსხვავებულია კონფლიქტში მონაწილეთა მიერ გავრცელებული ცნობები თავდამსხმელთა შეიარაღების თაობაზეც. თუ ახალი მემარჯვენეები ამბობენ, რომ თავდამსხმელები ავტომატური იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი, ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, მას ოფისში, დაცვის გარდა, შეიარაღებული არავინ უნახავს.
დღეს ძნელი სათქმელია, რა დასკვნას გამოიტანს გამოძიება, რომელმაც ოპერატიულად უკვე დააკავა ერთ-ერთი თავდამსხმელი - იგი ახალი მემარჯვენეების წევრი აღმოჩნდა. რეალურად, არცთუ შორეული მოვლენების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე ორივე ვერსიას არსებობის უფლება აქვს.
საქართველოში პარტიათა დაშლა-დაქუცმაცება ყოველთვის მტკივნეულად ხდება. საკმარისია გავიხსენოთ ერთ დროს მმართველ პარტიად წოდებული მოქალაქეთა კავშირის ყოფილი და ახლანდელი წევრების მიერ ტელეკამერების წინ გაჩაღებული მუშტი-კრივის სცენები. ფაქტია ისიც, რომ ძალადობაც, სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკური ცხოვრების დამახასიათებელ თვისებად იქცა. კიდევ უფრო სამწუხარო კი ის გახლავთ, რომ ამისთვის არავინ დასჯილა.
მხოლოდ რამდენიმე ბოლოდროინდელ ფაქტს გაგახსენებთ: არავინ დასჯილა ადგილობრივი არჩევნების წინა დღეებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეჭრის გამო. იმ ინციდენტშიც იარაღი ფიგურირებდა. არავინ დასჯილა ვაკის არჩევნებისას საარჩევნო უბნებიდან საარჩევნო ყუთების გატაცებისთვის. არავინ დასჯილა, როცა 2001 წლის ზაფხულში, ახალი მემარჯვენეების მიერ კუს ტბაზე მოწყობილი გრანდიოზული კონცერტის ღამეს, თბილისის ცენტრში, ფალიაშვილის ქუჩაზე, დაწვეს ახლების ერთ-ერთი ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის ძმის - უცნობის მანქანა. არადა, მაშინ პარლამენტარი ირაკლი ბათიაშვილი აცხადებდა:
[ ირაკლი ბათიაშვილის ხმა] " მე მინდა გითხრათ - ეს ქმედება, რომელიც მოხდა, არის ძალიან საგანგაშო მოვლენა. ყველა თავისი შემადგენელი ნიშნის მიხედვით, ატარებს ტერორისტული აქტის ხასიათს, რომელსაც წინ უძღოდა მუქარები. ისიც მინდა მოგახსენოთ, რომ ეს მუქარები დღესაც გრძელდება. მე იმედი მაქვს, რომ, ისევ და ისევ განურჩევლად ოპოზიციისა თუ მოქალაქეთა კავშირისა, ამასთან დაკავშირებით ყველანი ჩვენ მწვავე რეაგირებას მივცემთ."[სტილი დაცულია]

ალბათ, დაახლოებით ასეთივე განცხადებები გაკეთდება ახლაც პარლამენტის საგაზაფხული სესიის პირველივე სხდომაზე. თუმცა, საეჭვოა, ბოლომე გაირკვეს, რა იყო ეს - ტერორისტული აქტი თუ შიდა პარტიული საქმის გარჩევა.
XS
SM
MD
LG