Accessibility links

logo-print

რატომ ჩავიდა პრეზიდენტი შევარდნაძე იმერეთში


უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტი ერთდღიანი ვიზიტით ყოველ ზამთარს ჩადის იმერეთში. გამონაკლისი არც 2003 წლის ზამთარია, თუმცა ერთი თავისებურება მაინც თვალსაჩინოა:

თუ წინა წლებში ედუარდ შევარდნაძის იმერული ვოიაჟები დღესასწაულებს ემთხვეოდა - მაგალითად, ბედობა, დავითობა და ასე შემდეგ - წელს ამგვარი რამ არ მოხდა. თებერვლის ერთ ჩვეულებრივ დღეს პრეზიდენტი იმერეთში ჩაფრინდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ღონისძიებები ამოწურა და დედაქალაქში დაბრუნდა. ვიზიტს კი, საბოლოო ჯამში, საჩვენებელი უფრო შეიძლება ეწოდოს, ვიდრე საქმიანი.

საქართველოს პრეზიდენტის ერთდღიან იმერულ ესკიზზე ერთადერთი მეტყველი შტრიხი იკვეთება: მარგვეთის ეპარქიის სასულიერო ცენტრთან არსებულ უპატრონო ბავშვთა პანსიონატისთვის ზესტაფონის მებოცვრეობის სანაშენე მეურნეობისა და 42 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გადაცემა. გადაცემის აქტის განხორციელება პრეზიდენტის მონაწილეობის გარეშეც შეიძლებოდა, რასაკვირველია, მაგრამ ბავშვებმა საკუთარი თვალით ნახეს ქვეყნის პრეზიდენტი და, ამდენად, მათი შთაბეჭდილება და სიხარული თავად მოუცლელი პრეზიდენტის გარჯადაც კი ღირდა. წმინდა ბარბარეს სახელობის უპატრონო ბავშვთა პანსიონატის ბინადრების გარდა, ედუარდ შევარდნაძე ქუთაისის "ბავშვთა სოფლისა" და მის ტერიტორიაზე საგანგებოდ ქუთაისის სკოლებიდან მოკრებილმა ნიჭიერმა მოსწავლეებმაც ნახეს - პრეზიდენტის პატივსაცემად მათ ისე იმღერეს და იცეკვეს, როგორც არასდროს. ამ შეხვედრა-დახვედრას, თვითმხილველთა აზრით, კომუნისტური პრეზენტაბელურობა გამოარჩევდა, მაგრამ არც ეს უნდა იყოს გასაკვირი. გასაკვირი უფრო ისაა, როგორ უნდა დაენახა და, შესაბამისად, შეეფასებინა საქართველოს პრეზიდენტს სტიქიურ უბედურებათა შედეგები ციდან - პრეზიდენტმა ხომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში იმერეთში გამძვინვარებული სტიქიის - ქარის, მეწყრისა და წყალდიდობების შედეგად დაზიანებული სამტრედიის, ქუთაისის, ხონის და ვანის სოფლებს სწორედ ამ მიზნით გადაუქროლა შვეულმფრენით. ის, თუ როგორ შენიშნა მან სტიქიის დამანგრეველი შედეგები, მისმავე ერთმა სახასიათო რემარკამ ნათელყო: "იმერეთს აქამდეც კარგად ვიცნობდი, - ბრძანა პრეზიდენტმა, - მაგრამ ხედები ზემოდან განსაკუთრებულად ლამაზი ჩანდაო".
სტიქიით დაზარალებულ ადამიანებს კი მოგვიანებით ბაბუის დამრიგებლური ტონით მიმართა: სახელმწიფო დაგეხმარებათ, მაგრამ თქვენც უნდა დაეხმაროთ ერთმანეთსო.

ედუარდ შევარდნაძის იმერეთში ვიზიტის წლევანდელი პროგრამიდან ყოფილი სამრეწველო გიგანტების დათვალიერება ავტომატურად ამოვარდა. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მიუსვლელობა პრეზიდენტმა ფეროსა და ჭიათურმანგანუმის სამეწარმეო კომპლექსის შექმნის შესახებ ამ დღეებში მიღებული გადაწყვეტილებით ახსნა. რაც შეეხება ქუთაისის ავტოქარხანასა და ელექტროქარხანას, გასაგები მიზეზების გამო, მათზე თავად გუბერნატორმა შაშიაშვილმა არ შეაჩერა არჩევანი. ამდენად, პრეზიდენტის ვიზიტის პროგრამაში დარჩა: ზესტაფონის რკინიგზის სადგური, თერჯოლის მეფრინველეობის ფაბრიკა, რომელიც გოგი თოფაძის 230 000 დოლარის ინვესტიციით ამოქმედდა და საქარის ღვინის ქარხანა, სადაც ბატონმა შევარდნაძემ თეთრი ღვინო დააჭაშნიკა.
იმერეთში ვიზიტის გადატვირთული დღე კი ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში 800 კომპიუტერის გადაცემით, ინტერნეტ-პროექტის პრეზენტაციითა და სამხარეო თათბირით დასრულდა. თათბირზე გუბერნატორმა შაშიაშვილმა პრეზიდენტ შევარდნაძეს მაფიოზური კლანებისა და ხელისუფლების კრიმინალიზაციის წინააღმდეგ მოუწოდა და საკადრო ცვლილებების გატარება ურჩია. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირობასა და რეფორმატორულ სულისკვეთებაში მას არც ბატონი შევარდნაძე ჩამორჩა, საქმის თვალსაზრისით, ვიზიტის პროდუქტიულობაზე საუბარი მაინც შეუძლებელია. პრეზიდენტის ამჟამინდელი ვიზიტის, მართლაც, რეალური სარგებელი ქუთაისში ორდღიანი უწყვეტი ელექტრომომარაგებაა, რომელიც, ალბათ, ქვეყნის პირველი პირის დედაქალაქში დაბრუნებისთანავე შეწყდება.
XS
SM
MD
LG