Accessibility links

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია და აფხაზეთში დაბრუნების ალტერნატივები


საქართველოს ხელისუფლებამ ღიად გამოთქვა უკმაყოფილება გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით მიღებული უკანასკნელი რეზოლუციის გამო.

4 თებერვალს ქართველ პოლიტოლოგთა და პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი ოფიციალური თბილისის ასეთი პოზიციის კრიტიკით გამოვიდა. ისინი აფხაზეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად ხელისუფლებას ალტერნატიულ ნაბიჯებსაც სთავაზობენ.

აფხაზეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების უსუსურობაზე ნათლად მეტყველებს ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. ოფიციალური თბილისი პროპაგანდაშიც კი მოიკოჭლებს, არათუ დიპლომატიაში. კერძოდ, რუსეთმა აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას ჰუმანიტარული აქცია უწოდა, ქართველი სახელმწიფო მოხელეები კი აფხაზეთთან ეკონომიკური ურთიერთობის კონტროლის მექანიზმს ბლოკადას არქმევენ.

არის სხვა გაუაზრებელი და მოუზომავი განცხადებებიც, როგორც მაგალითად, აფხაზეთში პარტიზანული მოძრაობის მხარაჭერისა თუ იქ ძალით შეჭრის თაობაზე. ეს საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლებიც მშვიდობის განმტკიცებას ემსახურებიან, საქართველოს აგრესორად წარმოაჩენს. ბუნებრივია, რომ ასეთ ვითარებაში გაეროს რეზოლუცია გმობს საომარ რიტორიკას და არ ეთანხმება ქართული მხარის მოსაზრებას რუსეთის სამშვიდობო ძალების კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ. ბოდენის დოკუმენტის მიმართ დამოკიდებულების გამო აფხაზ სეპარატისტთა დაუსჯელობით უკმაყოფილო საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ კი 3 თებერვალს ტრადიციულ რადიოინტერვიუში გაერო გააკრიტიკა:

[შევარდნაძის ხმა] „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების ავტორებმა ყველაფერი გაითვალისწინეს, მათ შორის, უშიშროების საბჭოს რეზოლუციათა შეუსრულებლობის დაუშვებლობის ფაქტორი და მის წინააღმდეგ ბრძოლის რეალური საშუალებანი."

ცხადია, შევარდნაძე გაეროს წესდების მეშვიდე მუხლზე მიანიშნებს. უფრო დაბალი რანგის სახელმწიფო მოხელეები და პოლიტიკოსები ბოლო დროს ინტენსიურად მსჯელობენ მეშვიდე მუხლის ამოქმედების აუცილებლობაზე. 4 თებერვალს აჭარის წარმომადგენლობაში თავი მოიყარეს აფხაზეთის კონფლიქტზე მომუშავე პოლიტოლოგებმა. პაატა ზაქარეიშვილის განმარტებით:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] „ არ არსებობს არავითარი შანსი გაეროს წესდების მეშვიდე თავის ამუშავებისა აფხაზეთში. პირდაპირ წერია მეშვიდე თავში: მოქმედებები, რომლებიც ემუქრება მშვიდობას. გაეროსთვის ის, რაც ხდება აფხაზეთში, მშვიდობაა. და თუ ვინმე ებრძვის ამ მშვიდობას, სამწუხაროდ, პარტიზანები არიან. თუ ჩვენ მივაღწიეთ მეშვიდე თავის ამუშავებას, მაშინ ეს იქნება საქართველოს წინააღმდეგ."

ასეთივე მოსაზრება გამოთქვეს პოლიტოლოგმა რამაზ კლიმიაშვილმა და აჭარის წარმომადგენელმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა. ამ უკანასკნელმა ასლან აბაშიძის ინიციატივაც გაიხსენა აფხაზეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის შესახებ, რაც, უპირველეს ყოვლისა, სარკინიგზო მიმოსვლის დაწყებას ისახავდა მიზნად. ინიციატივა, რომელსაც შეეძლო აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეების დანარჩენ საქართველოსთან ინტეგრირება მოეხდინა, ახლა მოსკოვის ხელშია.

შეგახსენებთ, რომ ასლან აბაშიძის 6 თვის წინანდელ წინადადებებს თბილისში აგრესიულად შეხვდნენ. ახლა პრეზიდენტი შევარდნაძე სარკინიგზო მიმოსვლას მიესალმება, თუ ეს ლტოლვილების დაბრუნების სინქრონულად განხორციელდება. პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის თქმით:

[ზაქარეიშვილის ხმა] „მანამ, სანამ ვიღაცა გარედან არ შემოაგდებს პროვოკაციას, გამაღიზიანებელ ფაქტორს, არა, ჩვენ მშვიდადა ვართ: არავინ არაფერს არ გააკეთებს, პასპორტიზაცია არ მოხდება, გაერო რეზოლუციას არ მიიღებს. აფხაზეთი არ არსებობს, ესე იგი? ჩვენგან არანაირი პროცესი, არანაირი ნაბიჯები, წინადადებები არ არის სამთავრობო დონეზე, ანუ იმ სტრუქტურების დონეზე, ვინც ვალდებულია ეს კონფლიქტი მოაგვაროს."[ სტილი დაცულია]

აფხაზეთის კონფლიქტზე მომუშავე პოლიტოლოგები ხელისუფლებას აფხაზეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად დათმობებზე წასვლას ურჩევენ, რადგან სხვა კონფლიქტების პრაქტიკა მოწმობს, რომ ვინც მეტს თმობს, ის უფრო მოგებული რჩება.
XS
SM
MD
LG