Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ჯერ კიდევ სუსტია ჩეჩნეთის ომის მოწინააღმდეგეთა მოძრაობა


სანამ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები ცდილობენ, შეთანხმდნენ ზომებზე, რომელიც შესაძლებელს გახდის ერაყის კრიზისის მოგვარებას, სამხედრო ოპერაციის მოწინააღმდეგეები დროს არ

კარგავენ და ხმამაღლა გამოთქვამენ თავიანთ პოზიციას: ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ნიუ-იორკში, გერმანიის სხვადასხვა ქალაქში, შვეიცარიაში, ბულგარეთში გაიმართა დემონსტრაციები ერაყთან ომზე უარის მოთხოვნით. ერაყის თემას შეეხნენ შაბათს მოსკოვში გამართულ დემონსტრაციაზეც. თუმცა, ამ საპროტესტო გამოსვლის მთავარი თემა ჩეჩნეთის ომი იყო...

[ხმა: დემონსტრანტების შეძახილები] "უარი ომს ერაყსა და ჩეჩნეთშიო!" - გაიძახდნენ მოსკოვის ცენტრში, პუშკინის მოედანზე გამართულ დემონსტრაციაზე. მასზე, მართალია, სულ რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რუსეთის საზოგადოების პასიურობას ჩეჩნეთის ომისადმი დამოკიდებულების გამოხატვის მხრივ, შაბათს გამართული საპროტესტო გამოსვლა საყურადღებო მოვლენად უნდა ჩაითვალოს. მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო დაჯგუფების "ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარე ლევ პონომარიოვი - კაცი, რომლის ლამის ერთპიროვნულ დამსახურებად ითვლება რუსეთში ჩეჩნეთის ომის მოწინააღმდეგეთა თუნდაც სუსტი მოძრაობის არსებობა.

პონომარიოვის თქმით, რუსების უმრავლესობას ომი არ მიაჩნია კონფლიქტის მოგვარების ერთადერთ გზად. ამ შეფასების დასასაბუთებლად პონომარიოვი, რომელსაც ჩვენი რადიოს მოსკოველი კორესპონდენტი, გრიგორი ფეიფერი ესაუბრა, იშველიებს საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვას. გამოკითხვამ, კერძოდ, აჩვენა, რომ მეამბოხეებთან სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვას ემხრობა მოსახლეობის 63 პროცენტი, ანუ ორი მესამედი, რომელსაც პონომარიოვი "ჩუმ უმრავლესობას" უწოდებს: [ლევ პონომარიოვის ხმა] "ჩვენ მათ მოვუწოდებთ, მოედანზე გამოვიდნენ, რადგან გლობალური გამოცდილებიდან ვიცით, რომ ომს ბოლო ეღება სწორედ მაშინ, როცა ქუჩებში ასიათასობით ადამიანი გამოდის. ასე იყო საფრანგეთში, როცა ის ალჟირიდან გავიდა, ასე იყო შეერთებულ შტატებშიც, როცა მან ბოლო მოუღო ომს ვიეტნამში. სხვა გამოსავალი, როგორც ჩანს, არ არსებობს".

პონომარიოვი საპროტესტო გამოსვლების ყოველ ორ თვეში ერთხელ გამართვას აპირებს, თუმცა იცის, რომ დემონსტრანტების რიცხვი ახლო მომავალში დიდად არ იმატებს. ცნობილია მოსახლეობის პასიურობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც: რუსეთის წამყვანი საინფორმაციო საშუალებები თითქმის არ აშუქებენ ჩეჩნეთის კონფლიქტს, თავს იკავებენ მთავრობის გაკრიტიკებისაგან. მაგალითად, ინფორმაცია მოსკოვში შაბათის დემონსტრაციის შესახებ გავრცელდა ორგანიზატორების მიერ დაბეჭდილი პლაკატებისა და თითო-ოროლა საინფორმაციო საშუალების მიერ.

მაგრამ, ასეა თუ ისე, დემონსტრაციაზე ასობით ადამიანი შეიკრიბა და ხმამაღლა მოითხოვა ის, რასაც რუსეთში "ჩუმი უმრავლესობა" ემხრობა: შეწყდეს ომი ჩეჩნეთში და მეამბოხეებთან სამშვიდობო მოლაპარაკება გაიმართოს. ერთ-ერთი დემონსტრანტის თქმით: [დემონსტრანტი მამაკაცის ხმა] "ამ ომს რაიმე გამართლებული მიზანი არ გააჩნია. მისი მიზანი ის არის, რომ მმართველმა ელიტამ კიდევ უფრო გაისქელოს ჯიბეები. და კიდევ: ეროვნულ საკითხს ომით ვერ მოაგვარებ".
XS
SM
MD
LG