Accessibility links

logo-print

პოლონეთში მიმდინარეობს დისკუსია აბორტის შესახებ კანონზე


დღეს, დაპირებისამებრ, განვაგრძობთ გასულ

კვირაში დაწყებულ საუბარს ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის, ანუ აბორტისადმი დამოკიდებულების შესახებ და თუ წინა გადაცემაში აშშ-ზე მოგითხრობდათ, ამჯერად თქვენს ყურადღებას პოლონეთზე შევაჩერებთ.

საერთოდ, რომელ ქვეყანაზეც უნდა იყოს ლაპარაკი, პრობლემა ერთია: ქალმა იცის, რომ ორსულად არის, მაგრამ ამა თუ იმ მიზეზის გამო (ეს შეიძლება სოციალური ვითარება, ჯანმრთელობის მდგომარეობა ან პირადი პრობლემები იყოს), არ შეუძლია შვილის ყოლა. უნდა ჰქონდეს თუ არა მას ასეთი ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის უფლება? თუ უნდა ჰქონდეს, რა შემთხვევაში, რა გარემოებების გათვალისწინებით, ან ორსულობის რომელ ეტაპზე?

ასეთია ყველა საზოგადოებასა და ყველა ეპოქაში ცნობილი შეკითხვები, რომელთაც - თუ სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობას გადავხედავთ - სხვადასხვაგვარად პასუხობენ. რამდენად დიდი შეიძლება იყოს სხვაობა ევროპაშიც კი, ორი ქვეყნის მაგალითი ცხადჰყოფს: ირლანდიაში აბორტი, ფაქტობრივად, აკრძალულია, მაშინ, როცა ნიდერლანდში სრულიად ადვილად ხელმისაწვდომ გამოსავლად რჩება. ამასთან, როგორც გასულ კვირაში ითქვა, ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა დისკუსიების საგანია, ფაქტობრივად, ყველა ქვეყანაში, სადაც დემოკრატიულ სისტემას მეტ-ნაკლებად მყარი საფუძველი აქვს: აზრთა სხვადასხვაობას იწვევს აბორტის ეთიკური მხარე. აბორტის მოწინააღმდეგეები ირწმუნებიან, რომ ჩანასახის მოსპობა, უბრალოდ, მკვლელობაა, მაშინ, როცა აბორტის მომხრეები კატეგორიულად მოითხოვენ ქალის უზრუნველყოფას არჩევანის გაკეთების უფლებით.

ამ ორ ბანაკს, ე.წ. "სიცოცხლის მომხრეებსა" და "არჩევანის მომხრეებს" შორის უთანხმოება, ყველაზე მკვეთრად, შესაძლოა, აშშ-ში იყოს გამოკვეთილი, მაგრამ პერიოდულად ის ევროპის ქვეყნებსაც მოედება ხოლმე. ასეა ამჟამად პოლონეთში - ქვეყანაში, სადაც აბორტის შესახებ მეტად მკაცრი, ევროპაში ერთ-ერთი უმკაცრესი კანონი მოქმედებს.

პოლონეთი ერთგვარ გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს, თუ გავითვალისწინებთ, რომ კომუნისტური რეჟიმის დროს მოქმედი ლიბერალური კანონი აბორტის შესახებ, რეჟიმის დამხობის შემდეგ მკვეთრად შეიზღუდა. მეზობელ, ასევე ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში ასე არ მომხდარა, ყოველ შემთხვევაში, რაც შეეხება შეზღუდვის მასშტაბს. მათ უმეტესობაში აბორტის გაკეთება ორსულობის მე-12 კვირამდე არის შესაძლებელი, ჯანმრთელობის ან სოციალური პრობლემების შემთხვევაში, ვადა 22 კვირამდე იზრდება. პოლონეთში კი ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ ორსულობა გაუპატიურების შედეგია, თუ ქალის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ან თუ ნაყოფი მძიმედ არის დაზიანებული. 90-ანი წლების შუა რიცხვებში კანონის გარკვეული ლიბერალიზაცია მოხდა, მაგრამ ცვლილება მალე გააუქმა სასამართლოს გადაწყვეტილებამ. მმართველი მემარცხენეების წარმომადგენლების ბოლოდროინდელი განცხადებები კი ცხადჰყოფს, რომ პოლონეთში არ მივიწყებიათ აბორტის შესახებ კანონით უკმაყოფილება: მემარცხენე დემოკრატიული ალიანსის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე მარეკ ბოროვსკი ამ ორიოდე კვირის წინ გამოვიდა მოწოდებით, ამ საკითხზე რეფერენდუმის გამართვის შესახებ; მანამდე კი მემარცხენეთა გენერალურ მდივანს, მარეკ დუდიხს გამოცხადებული ჰქონდა, რომ პარტია შეეცდება აბორტის საკითხში კანონის ლიბერალიზაციის მიღწევას.

მემარცხენეებს თანამოაზრეები ეგულებათ "პოლონეთის ქალთა და საოჯახო დაგეგმვის ფედერაციაში", რომლის დირექტორის, ვანდა ნოვიცკას თქმით: [ვანდა ნოვიცკას ხმა] "საერთოდ, ვფიქრობთ, რომ ქალებს პოლონეთში უნდა ჰქონდეთ რეპროდუქციისა და სქესობრივი ცხოვრების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების უფლება. კანონმა კი უნდა ასახოს გადაწყვეტილების თავისუფლების პრინციპი."

ამ კონტექსტში მინდა, გაგახსენოთ ჩვენი ერთ-ერთი შარშანდელი გადაცემა, რომელიც საქართველოში აბორტისადმი დამოკიდებულებას დაეთმო. მაშინ ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში ქართველმა ექსპერტმა, შრომის ჯანმთრელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნიკა ნუცუბიძემ დაადასტურა, რომ აბორტის აკრძალვა, როგორც წესი, არათუ არ აგვარებს პრობლემას, არამედ ზოგჯერ სახიფათო ტენდენციას იწვევს: მაგალითად, საბჭოთა ეპოქაში იყო აბორტის აკრძალვის პერიოდები, რომელთაც თან ახლდა დედათა სიკვდილიანობის მატება აბორტების არალეგალურად გაკეთების გამო.

დედათა სიკვდილიანობის მატების შესახებ პოლონეთიდან, მართალია, არაფერს იუწყებიან, მაგრამ არალეგალური აბორტები იქაც საკმაოდ გავრცელებულია. ზოგი ქალი კი მეზობელ ჩეხეთში ჩამოდის, რათა აქ, ჩვენი რადიოს შტაბბინის მასპინძელ ქვეყანაში მოქმედი ლიბერალური კანონით ისარგებლოს - სხვათა შორის იგივე ხდება დიდ ბრიტანეთში, სადაც ირლანდიიდან ყოველწლიურად ათასობით ქალი ჩადის ორსულობის ხელოვნურად შესაწყვეტად.

ზოგად ტენდენციად ევროპაში ლიბერალიზაცია უნდა მივიჩნიოთ: როგორც ჩვენი რადიოს თანამშრომელმა კეტლინ ნოქსმა შეიტყო, საფრანგეთში 2 წლის წინ კიდევ უფრო გაადვილდა ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა, ხოლო შვეიცარიაში შარშან მიღებული გადაწყვეტილებით, აბორტი კანონდარღვევად აღარ ითვლება. მაგრამ, როგორც ოჯახის დაგეგმარების საერთაშორისო ფედერაციის ევროპს განყოფილების პრეს-მდივანი, მონიკა პინი შენიშნავს, აშკარაა კიდევ ერთი ტენდენცია: [მონიკა პინის ხმა] "თუ გავითვალისწინებთ ზოგიერთ სიახლეს საფრანგეთსა თუ შვეიცარიაში, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქალს არჩევანის სულ უფრო მეტი თავისუფლება ეძლევა. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ აბორტის მიმართ ოპოზიცია, პირველ რიგში რელიგიურ წრეებში, სულ უფრო მატულობს და დღეს ძალიან ძლიერია. ამჟამად ევროპის მრავალ ქვეყანას ხელმძღვანელობს კონსერვატიული მთავრობა, როგორც,მაგალითად, იტალიაში, და ისინი წარსულში მოპოვებული ზოგიერთი გამარჯვების წინაშე ილაშქრებენ."

აბორტის შესახებ ლიბერალური კანონების "გამარჯვებად" მოხსენიებას, ცხადია, ცინიზმად თუ ჩათვლიან აბორტის მოწინააღმდეგეები, რომელთა ყველაზე დაუღალავი და გავლენიანი წარმომადგენელი პოლონეთში კათოლიკური ეკლესიაა. ზოგი მოღვაწე კი, უბრალოდ, სახიფათოდ მიიჩნევს აბორტის საკითხზე საჯარო დისკუსიის გაჩაღებას დღევანდელ პოლონეთში, რომლის მოსახლეობას ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის გადასაჭრელად ამზადებენ. ამ საკითხზე ივნისში გაიმართება ქვეყნისათვის საკვანძო მნიშვნელობის რეფერენდუმი. აი, რას ამბობს ოპოზიციური "კანონიერებისა და სამართლიანობის პარტიის" წევრი, პარლამენტარი მიხალ კამინსკი: [მიხალ კამინსკის ხმა] "აბორტის შესახებ კანონი სახიფათო თემაა, რადგან რომ დანიშნო რეფერენდუმი აბორტის შესახებ, გაააქტიურებ მთელ მემარჯვენეებს, ყველა კონსერვატიულ მოძრაობას, რომლებიც, შესაძლოა, ევროპის მოწინააღმდეგეებიც იყვნენ. ასე რომ, თუ გინდა გამარჯვება ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში, არ უნდა ჩაატარო რეფერენდუმი აბორტის შესახებ".

თუმცა, სიფრთხილე, შესაძლოა, დაგვიანებული იყოს, ვინაიდან აბორტისა და ევროკავშირის საკითხები უკვე მჭიდროდ დაუკავშირდა ერთმანეთს - პოლონეთში კათოლიკური ეკლესიის თავკაცები, მათ შორის მეტად ავტორიტეტიანი კარდინალი იოზეფ გლემპი, მოითხოვენ გარანტიას, ერთგვარ დანართს, რომელიც ევროკავშირში პოლონეთის გაწევრიანების შესახებ ხელშეკრულებაში შევა. დანართმა, ირლანდიის მაგალითით, უნდა უზრუნველყოს ქვეყნის დამოუკიდებლობა აბორტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში.

თუ პოლონეთში კათოლიკური ეკლესიის გავლენას გავითვალისწინებთ, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მის მოთხოვნას დააკმაყოფილებენ.
XS
SM
MD
LG