Accessibility links

logo-print

ცვლილებები კანონში "თეატრის შესახებ"


საქართველოში სახელმწიფო თეატრები საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ცხადდება. ამიერიდან სახელმწიფო თეატრებს დამატებითი სახსრების მოზიდვის შესაძლებლობა ეძლევათ.

ცვლილებები კანონში "თეატრის შესახებ" მნიშვნელოვნად იმოქმედებს დედაქალაქის თეატრალურ ცხოვრებაზე.

კანონი ქვეყანაში მოქმედ ყველა თეატრს შეეხება, თუმცა, საეჭვოა, რომ რეფორმამ გააუმჯობესოს რაიონული თეატრების მდგომარეობა. იქ, სადაც არც გათბობაა და არც შუქი, ცვლილება კანონში არაფერს მოიტანს. საჯარო სამსახურის პირებს შესაძლებლობა აქვთ დამატებითი სახსრები მოიზიდონ, იარსებონ შემოწირულობით, მაგრამ პროვინციული თეატრების ნახევრად დანგრეული შენობების აღდგენას უზარმაზარი თანხა სჭირდება. ამიტომ ცვლილებები თეატრის კანონში, ფაქტობრივად, მხოლოდ დედაქალაქის თეატრალურ კოლექტივებს თუ დაეხმარება. ისიც იმ შემთხვევაში, თუ თეატრალები მეცენატებს გამონახავენ - საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ხომ საბანკო ანგარიში ეხსნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი შემოწირულობა ამიერიდან არა სახელმწიფო ხაზინაში, არამედ თეატრის ანგარიშზე ირიცხება. თავდაპირველად გაჩნდა ეჭვი, რომ კულტურის სამინისტროს ამ პროექტით სახელმწიფო, ფაქტობრივად, უარს ამბობს თეატრალური დასების "შენახვაზე", მაგრამ სამინისტროს მესვეურები ირწმუნებიან, რომ თეატრები კვლავაც სახელმწიფო ბალანსზე დარჩებიან, ე.ი. თეატრის დასი ხელფასს მაინც მიიღებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში აღრიცხული 57 თეატრის დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან მაინც შემცირდება, ადრე თუ გვიან, ხელისუფლება იტყვის: "თქვენ უკვე "საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ითვლებით", ამიტომ კეთილი ინებეთ და ეძებეთ დაფინანსების წყარო თქვენივე სპექტაკლების დასადგმელად". ცვლილება კანონში, რომლის თანახმად, მსახიობებთან ხელშეკრულება ამიერიდან შრომის კანონის შესაბამისად დაიდება, ერთი მხრივ, უთუოდ შეუწყობს ხელს კონკურენციას: ბიზნესმენები პოპულარულ თეატრებს მიხედავენ. მეორე მხრივ, საქართველოში დღესდღეობით გაჭირდება თუნდაც საბავშვო თეატრების ბედით შეწუხებული მეცენატების გამონახვა, რაიონულ თეატრებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

ცოტა ხნის წინ სახელმწიფო ტელევიზიის ჟურნალისტთან საუბარში თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარემ გიგა ლორთქიფანიძემ აღნიშნა:

[გიგა ლორთქიფანიძის ხმა] "ქალაქის სახეს, პირველ რიგში, თეატრი წარმოადგენს...ადამიანი რომ ჩამოდის ქალაქში, ინტელიგენტი ადამიანი, იგი, პირველ რიგში, კითხულობს: "თეატრი არის აქ?"

"ინტელიგენტ ადამიანს" ამ კითხვაზე ჯერჯერობით დადებითად უპასუხებენ: "თეატრი - ბევრია". თუმცა არავინ იცის, რას დადგამენ ქართული თეატრები, ახლა უკვე "იურიდიული პირები", იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით სახსრებს აღარ მიიღებენ. მოგეხსენებათ, ეგრეთ წოდებულ "ახალ ქართველებს", იმავე "მეცენატებს", რბილად რომ ვთქვათ, "სპეციფიკური გემოვნება" აქვთ.
XS
SM
MD
LG