Accessibility links

logo-print

საქართველო ბალკანეთში სამშვიდო მისიას აფართოებს


2003 წელს საქართველოს ხელისუფლება რამდენიმე მნიშვნელოვანი სამხედრო პროექტის განხორციელებას აპირებს. სახელმწიფო საზღვრის ჩრდილოეთით, კერძოდ, ხევსურეთში,

ეროვნული გვარდიის ნაწილის ფორმირებისა და სამხედრო ძალების ბაზურ პრინციპზე გადაწყობის გარდა, ივნისიდან იგეგმება სამშვიდობო მისიის გაფართოება ბალკანეთში, სადაც ქართული ოცეული უკვე მეოთხე წელია ასრულებს საბრძოლო დავალებას. საქართველოს სამხედრო უწყების ინფორმაციით, კოსოვოში გაგზავნა ქართული ასეულისა, რომელიც ამჯერად გერმანული ბრიგადის შემადგენლობაში იქნება ინტეგრირებული, მნიშვნელოვანი საერთაშორისო ვალდებულებაა და იგი ნატოსთან თანამშრომლობაში საქართველოს მიერ არჩეულ ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

1999 წელს საქართველო ნატოს დაგეგმვისა და ანალიზის პროცესში(PARP) მონაწილეობს და ამზადებს ყოველწლიურ "პარტნიორობის მიზნებს", რომელმაც შეიარაღებული ძალების დასავლურ სტანდარტებთან თავსებადობის მიღწევა უნდა უზრუნველყოს. საქართველომ ასეთი 29 პარტნიორობის მიზანი აირჩია, რომელთა მიღწევის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას მართლა ექნება შანსი უმთავრეს მიზანზე - ნატოში გაწევრიანებაზეც იფიქროს. ჯერჯერობით კი მიღწეული ცოტაა. ამ მცირე მიღწევებს დაწვრილებით კვირის სამხედრო გადაცემაში მიმოვიხილავთ, ამჯერად კი მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ წელს საქართველო კიდევ ერთ პარტნიორობის მიზანს განახორციელებს. ლაპარაკია სამშვიდობო ასეულის გაგზავნაზე კოსოვოს მრავალეროვნული სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში, სადაც თურქეთის ბატალიონის შემადგენლობაში ერთი ქართული ოცეული 1999 წლიდან მოქმედებს.

აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტრომ ქვეითთა სამშვიდობო ასეულის ფორმირება, კონკურსის წესით, ორი წლის წინ დაიწყო, მაგრამ ვინაიდან ასორმოცკაციანი ქვედანაყოფის გამგზავრება და მისი შენახვა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, პროცესი დროში საკმაოდ გაიწელა. საბოლოოდ, ქართული ასეულის განთავსება გადაწყდა გერმანული ბრიგადის ბაზაზე, რომელიც კოსოვოში ერთ სექტორს აკონტროლებს და რომლის შემადგენლობაში, თავის მხრივ, ინტეგრირებულია თურქეთის ბატალიონიც.

[დავით თევზაძის ხმა]"გაზრდა განხორციელებულია და გაძლერებული ასეული, 140 კაცის შემადგენლობით, მაისიდან გადაინაცვლებს კოსოვოს მიმართულებით. ეს იქნება პარალელური პროგრამა იმისა, რასაც ჩვენ თურქეთის მხარესთან ვაკეთებთ. ასე რომ, ჩვენი წარმომადგენლობა, სამხედრო, კოსოვოში მაისიდან, დაახლოებით, ორას კაცამდე იქნება."

სამშაბათს, როდესაც გენერალი დავით თევზაძე ამ განცხადებას აკეთებდა, პარალელურად გერმანიაში შესაბამისი შეთანხმება გაფორმდა საქართველოს ელჩსა და ბუნდესვერის წარმომადგენელს შორის. კერძოდ, გადაწყდა, რომ ქართული ასეული კოსოვოში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში(KFOR) 140 მებრძოლის რაოდენობით მიიღებს მონაწილეობას და ოპერატიულად დაექვემდებარება გერმანული ბრიგადის მეთაურის მოადგილეს. მაგრამ მანამდე, მაისში, ქართული ასეული 4 კვირიან გადამზადებას გაივლის ბუნდესვერის სახმელეთო ჯარების სკოლაში და აღიჭურვება ბუნდესვერის შეიარაღებით, ტექნიკით, სამოსითა და სამხედრო მოსამსახურის პირადი ნივთებით.
მაგრამ ვიდრე ფორმით გერმანული და შინაარსით ქართული ასეული კოსოვოში სამშვიდობო მისიას შეუდგებოდეს, მოსაგვარებელია კიდევ ერთი ფორმალური მხარე - საქართველოს პარლამენტის მიერ ამ შეთანხმების რატიფიკაცია, რასაც,მოტივირებული "თემატური უმრავლესობის" პირობებში, იმედია, არავითარი საფრთხე არ დაემუქრება.
XS
SM
MD
LG