Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის ზოგიერთი შემაფერხებელი ფაქტორის შესახებ


მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კონცერნის პრეზიდენტი ნატიკ ალიევი სულ ახლახან ირწმუნებოდა, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს,

კომპანია, რომელიც პასუხს აგებს მილსადენის თურქეთის მონაკვეთის მშენებლობაზე სამართლებრივი პრობლემების წინაშე დგას. მილსადენის ეკოლოგიური მხარისა და პროექტის პოტენციური მოგების ამ ახალ ფაქტორთან შეჯამება ზრდის ეჭვს იმის თაობაზე, რომ მილსადენის მშენებლობა წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით წარიმართება.

ნატიკ ალიევის 29 იანვრის განცხადებით, 2003 წლის ბოლოსთვის მილსადენის პროექტის ნახევარი დასრულებული იქნება. ალიევის განცხადებიდან ორი დღის შემდეგ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის გენერალურმა დირექტორმა მაიკლ თაუნშენდმა, რომელიც ამავე დროს "ბრითიშ პეტროლიუმის" ვიცე-პრეზიდენტიც გახლავთ, პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ მილსადენის აზერბაიჯანის მონაკვეთზე გათხრები მარტში დაიწყება და პირველი მილი ივნისში ჩაიდება. თაუნშენდემა აგრეთვე დაადასტურა, რომ ნავთობსადენის მშენებლობა სამივე ქვეყნის ტერიტორიაზე 2004 წლის მეორე კვარტალში დასრულდება და მომავალი წლის ბოლომდე მასში ნავთობიც გაივლის. მთლიანი პროექტი სავარაუდოდ 3 მილიარდი დოლარი დაჯდება.

მიუხედავად ამ დამამშვიდებელი კომენტარებისა, ზოგიერთი მიმოხვილველი თვლის, რომ პროექტის მსვლელობა შეიძლება თურქეთში არსებულმა სამართლებრივმა ბარიერმა შეაფერხოს. კერძოდ, საუბარია თურქეთის მილსადენის კომპანია "ბოტაშზე", რომელმაც თურქეთის მონაკვეთზე მილსადენის მშენებლობაში მონაწილე კომპანიები შეარჩია და მათ კონტრაქტები გაუფორმა. საქმე იმაშია, რომ "ბოტაში" ბოლო დროს გამოაშკარავებულ კორუფციასთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვია. სკანდალი კომპანიის ერთ-ერთ მსხვილ გაზსადენის მშენებლობის პროექტს _ "ცისფერ ნაკადს" შეეხება.

22 იანვარს ანკარის პროკურატურამ "ბოტაშის" ყოფილი დირექტორისა და კომპანიის კიდევ ხუთი თანამშრომლის წინააღმდეგ საქმე აღძრა, რომელიც გაზსადენის პროექტში მონაწილე კომპანიების გამოსავლენად ტენდერის არაობიექტურად ჩატარებაში აღნიშნული ექვსი პირის პასუხისმგებლობის საკითხს შეეხება. ცნობისათვის, პროექტის - "ცისფერი ნაკადი" საბოლოო მიზანი ბუნებრივი გაზის რუსეთიდან შავი ზღვის ფსკერზე მილსადენის გავლით თურქეთში ტრანსპორტირებაა.

თურქეთის პრესაში გამოქვეყნებულმა პუბლიკაციებმა კი, რომლებიც თურქეთის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ბაქო-თბილისის-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტში მონაწილე კომპანიებთან "ბოტაშის" მიერ გაფორმებული კონტრაქტების შესწავლას შეეხებოდა, აიძულა კომპანიის გენერალური დირექტორი უარმყოფი განცხადებებით გამოსულიყო.

რაც შეეხება უშუალოდ ნავთობსადენის მშენებლობის დაწყების გაჭიანურების კიდევ ერთ მიზეზს - ეს სამშენებლო კომპანიების არასათანადოდ დაფინანსება გახლავთ. თავიდან მათ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის მონაწილეებისგან წინასწარი ხარჯების დასაფარად მთლიანი ბიუჯეტის 30%-ის მიღება სურდათ, დარჩენილი 70 პროცენტი კი საერთაშორისო ბანკებიდან, საკრედიტო სააგენტოებიდან და საერთაშორისო მსესხებლებისგან, მაგალითად მსოფლიო ბანკისგან წამოვიდოდა. დოკუმენტებში არსებულმა გარკვეულმა შეუთავსებლობებმა და წინააღმდეგობებმა პროექტში მონაწილე მხარეთა სახელწოდებებსა და ვალდებულებებში, შეაფერხა კონტრაქტების განხორციელება. კონტრაქტების გარეშე კი კონსორციუმს არ შეეძლო სამშენებლო კომპანიებისთვის საწყისი თანხის გადახდა.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის ირგვლივ არსებული მცირე გაუგებრობების მიუხედავად, მის მიმართ პოლიტიკური ინტერესი არ ნელდება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა გასულ თვეში აღნიშნა: "იმისათვის, რომ მეტი მოგება ვნახოთ, საჭიროა მოვიგოთ დრო ნავთობსადენის მშენებლობაში და რაც შეიძლება ადრე დავასრულოთ იგი".
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG