Accessibility links

logo-print

კოლინ პაუელი ცდილობს, გაეროს უშიშროების საბჭო ერაყის ბრალეულობაში დაარწმუნოს


ოთხშაბათს გაეროს ნიუ იორკის შტაბ-ბინაში გაიმართა უშიშროების საბჭოს სხდომა, რომლის მონაწილეებმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის მოხსენება მოისმინეს. პაუელის მიზანი იყო,

უშიშროების საბჭოს წევრები დაერწმუნებინა, რომ ერაყი განაგრძობს მასობრივი განადგურების იარაღის პროგრამებზე მუშაობას და ამით უხეშად არღვევს გაეროს რეზოლუციებს.

თავის მოხსენებას პაუელმა ზურგი გაუმაგრა აუდიო- და ვიდეომასალით, რომელიც, როგორც თავად მინისტრმა განაცხადა, ამტკიცებს, რომ ბაღდადი მასობრივი განადგურების იარაღს მალავს და, ამდენად, უნამუსოდ ატყუებს გაეროს განიარაღების ინსპექტორებს. ამ სიტყვების დასტურად პაუელმა წარმოადგინა ერაყელ ოფიცრებს შორის, 30 იანვარს გამართული სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელიც, მისივე თქმით, მოწმობს, რომ ისინი გაეროს ინსპექტორთა მოტყუებას ცდილობდნენ.

ვაშინგტონის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ერაყის ლიდერს სადამ ჰუსეინს და მის მთავრობას არც უცდიათ განიარაღება. [კოლინ პაუელის ხმა] "ამ საბჭომ ერაყს დაავალა, რომ დაემორჩილოს რეზოლუციას და განიარაღდეს; მას გაეროს ინსპექტორებისთვის არ დაუვალებია, დაადგინონ, რომ ერაყმა ტყუილის თქმა შეწყვიტა. ინსპექტორები ინსპექტორები არიან და არა დეტექტივები."

კოლინ პაუელის მტკიცებით, სადაზვერვო ინფორმაცია მოწმობს, რომ ერაყში მოქმედებს, სულ ცოტა, შვიდი მოძრავი ლაბორატორია, რომელშიც ბიოლოგიური იარაღის შექმნა შეიძლება. მან დამსწრეთ უჩვენა ამ ლაბორატორიების სურათები და სქემები და დასძინა, ჩვენთვის ცნობილია, როგორ არის მოწყობილი და როგორ მოქმედებს ეს ლაბორატორიებიო.

სახელმწიფო მდივანმა ბაღდადის მიერ ქიმიური იარაღის პროგრამაზე მუშაობის დამადასტურებელი მონაცემებიც მოიყვანა. ირანთან ომის შემდეგ ერაყში დარჩა ათიათასობით ბომბი, რომლებიც ქიმიური იარაღით შეიძლება დაიტენოსო, აღნიშნა პაუელმა. მისი ვარაუდით, გასულ თვეში ინსპექტორების მიერ ნაპოვნი 12 ცარიელი ქობინა მხოლოდ და მხოლოდ "აისბერგის მწვერვალია".

ვაშინგტონის ხელთ არსებული ინფორმაციით, ბაღდადს მოეპოვება 100-დან 500 ტონამდე ქიმიური იარაღი, რომლის გამოყენების ბრძანება (საჭიროების შემთხვევაში) უკვე გასცა კიდეც სადამ ჰუსეინმა.

შეეხო რა ბირთვული იარაღის თემას, კოლინ პაუელმა განაცხადა: [კოლინ პაუელის ხმა] "სადამ ჰუსეინი უკვე ფლობს სამიდან ორ ძირითად ელემენტს, რომლებიც აუცილებელია ატომური ბომბის შესაქმნელად. მას ჰყავს სათანადო ცოდნით აღჭურვილ მეცნიერთა ჯგუფი; მის ხელთ არის ბომბის სქემაც. 1998 წლიდან მოყოლებული, ბირთვული პროგრამის განახლებისკენ მიმართული მისი ძალისხმევა მიზნად ისახავს მესამე და უკანასკნელი კომპონენტის მოპოვებას, რომელიც საშუალებას მისცემს, მიიღოს ბირთვული აფეთქებისთვის აუცილებელი ჯაჭვური რეაქცია."

კოლინ პაუელის მტკიცებით, ერაყს მჭიდრო კავშირი აქვს ალ ყაიდის ტერორისტულ ორგანიზაციასთანაც. ამ ქსელის ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის ერთ-ერთი უახლოესი თანამოაზრე აბუ მუსაბა ზარყავი სწორედ ერაყიდან ხელმძღვანელობს თავის ქსელს; ხოლო ამ ქსელს ფართოდ აქვს გადგმული ფესვები ევროპაში, რუსეთში და საქართველოში, კერძოდ პანკისის ხეობაშიო - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ერაყი უხეშად არღვევს განიარაღების საკითხში საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს, რისთვისაც პასუხი უნდა აგოს. კოლინ პაუელის თქმით, თუ გაერომ ამ დარღვევებზე რეაქცია არ მოახდინა, მას არაფრის მაქნის ორგანიზაციად გადაქცევა ემუქრება.
XS
SM
MD
LG