Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მზადდება ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების ღონისძიებათა გეგმა


უახლოეს 10 დღეში საქართველოს უშიშროების საბჭოს წარედგინება ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების ღონისძიებათა გეგმა, რომელზეც ერთობლივად მუშაობენ პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი

ვახტანგ რჩეულიშვილი და შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარე ირაკლი მაჭავარიანი. ამ გეგმის ძირითად ლაიტმოტივად კონფლიქტურ მხარეთა შორის ნდობის აღდგენა სახელდება. ნდობის იდეის რეალიზებას, თავის მხრივ, უკავშირდება ქართულ-ოსური ფორუმის მოწყობაც, რომლის ინიციატორი ასევე ვახტანგ რჩეულიშვილია. 5 თებერვალს ვლადიკავკაზში ჩრდილოეთ-ოსეთ ალანიის პრეზიდენტ ალექსანდრე ძასოხოვსა და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ ვახტანგ რჩეულიშვილს შორის გამართული დიალოგის ერთ-ერთ თემას სწორედ მოსალოდნელი ფორუმი წარმოადგენს.

ვახტანგ რჩეულიშვილი ვლადიკავკაზში გამგზავრებამდე, დაახლოებით, ერთი კვირით ადრე ცხინვალში თვითმარქვია სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს ედუარდ კოკოითსაც ესტუმრა. ორი ოსეთის ორ დედაქალაქში ჩასული სოციალისტთა ლიდერის მიმდინარე გეგმაში სამხრეთ ოსეთის სტატუსზე საუბარი არ შედიოდა. სხვა მხრივ კი, მან სწორედ კოკოითთან შეხვედრის შემდეგ გაააქტიურა 2003 წლის კონფლიქტის მხარეთა შორის ნდობის წელიწადად გამოცხადების თემა. მოსალოდნელია, რომ სწორედ ამ ფორმატში აღმოჩნდეს ქართულ-ოსური ფორუმიც, რომლის ინიციატივითაც რჩეულიშვილი ვლადიკავკაზში გამოვიდა. თუმცა აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ რჩეულიშვილის განცხადებას წინ უსწრებდა ალექსანდრე ძასოხოვის ინიციატივა - მოეწყოს შეხვედრები კავკასიაში არსებული კონფლიქტების მოსაგვარებლად. რაც შეეხება უშუალოდ ქართულ-ოსურ კონფლიქტს, გარკვევით შეიძლება ითქვას, რომ ამ კონფლიქტის მოწესრიგებაში ჩრდილოეთ ოსეთი დადებით როლს თამაშობს - ალექსანდრე ძასოხოვი სამხრეთ ოსეთის ადგილს სწორედ ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში ხედავს და, ამდენად, მასთან თანამშრომლობა ქართული მხარისთვის მნიშვნელოვნად გაადვილებულია. გვესაუბრება პრეზიდენტის წარმომადგენელი კონფლიქტის ზონაში ირაკლი მაჭავარიანი.
[ირაკლი მაჭავარიანის ხმა]"პრიორიტეტები ეგაა, რაც თქვენ თქვით. ესაა ჩრდილო ოსეთის დადებითი ზეგავლენა თავიანთ სამხრეთელ ძმებზე. ისე, სამხრეთ ოსეთის პოზიცია არის აბსოლუტურად არარეალური. მათ ჩააგონეს და ვინ ჩააგონა, გასაგებია, ალბათ, ხომ. ვინც კონფლიქტის მაპროვოცირებელია, იმათ ჩააგონეს, რომ რაც მეტ ხანს გაძლებენ, მით მეტი შანსი აქვთ დამოუკიდებლობის აღიარების. რაც არის ზღაპარი, იმიტომ რომ აგერ ჩვენ შემთხვევები გვაქვს: კვიპროსის თურქული რესპუბლიკა 30 წელია არსებობს, მაგრამ არავინ არ აღიარებს მას. ამიტომ არავითარი აღიარება სამხრეთ ოსეთისა არ მოხდება - არც დღეს, არც ხვალ და არც 20 და 30 წლის შემდეგ. ჰოდა, ეს არის სრულიად არარეალური პოზიცია. ამ ფონზე პოზიცია ჩრდილოეთ ოსეთისა, რომელიც, ასე ვთქვათ, თავიანთ სამხრეთელ ძმებს ასწავლის ჭკუას და ეუბნება, რომ არ ღირს გაჯიუტება და, მოდით, დათანხმდით რაიმე სტატუსზე საქართველოს შემადგენლობაში, - ეს პოზიცია სასარგებლოა კონფლიქტის მოწესრიგების საქმისათვის და ჩრდილო ოსეთი დადებით ზეგავლენას ახდენს მთლიანად მოლაპარაკების პროცეზე." [სტილი დაცულია]
კრიმინალური სიტუაციის კონტროლი, ქართულ-ოსური მხარეების საბაჟო თანამშრომლობის პრობლემები, კონტრაბანდა და ა. შ. - ესაა იმ თემების მოკლე ჩამონათვალი, რომელზეც ამჯერად შეჩერდნენ მხარეები, რჩეულიშვილისა და ძასოხოვის სახით.
წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრას თვითმარქვია სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითიც უნდა დასწრებოდა. ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. სამაგიეროდ, ეჭვგარეშეა სამხრეთ ოსეთში რუსული საბრძოლო ტექნიკის თავმოყრის ფაქტი. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო საინფორმაციო პროგრამების ოფისმა გაავრცელა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის საბჭოს 30 იანვრის სხდომაზე შეერთებული შტატების წარმომადგენლის დაგლას დევიდსონის განცხადება, რომლის მიხედვით, მძიმე შეიარაღება - მათ შორის, საარტილერიო - ცხინვალის სამხედრო საცავში განლაგდა. საცავი შერეული სამშვიდობო ძალების ოსური ბატალიონის კუთვნილებაა.
XS
SM
MD
LG