Accessibility links

logo-print

ოპოზიციური პარტიები საკოორდინაციო საბჭოს ქმნიან


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 5 თებერვალს ახალი მემარჯვენეების ოფისში შეკრებილმა ოპოზიციურმა პარტიებმა საკოორდინაციო საბჭოს შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს. ჩანაფიქრით, საკოორდინაციო საბჭომ,

პოლიტიკის კრიმინალიზაციის მცდელობების თავიდან აცილების გარდა, ღია და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობების შექმნასაც უნდა შეუწყოს ხელი. რამდენი ხანი იარსებებს საკოორდინაციო საბჭო და რამდენად ეფექტური იქნება მისი საქმიანობა?

3 თებერვალს ახალი მემარჯვენეების ოფისის დარბევის შემდეგ, კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიათა შორის კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. 5 თებერვალს მემარჯვენეების ოფისში შეკრებილმა 14 პარტიის ლიდერმა გადაწყვეტილება მიიღო შეიქმნას ერთიანი ზეპარტიული მოძრაობა "სამოქალაქო ინიციატივა თავისუფალი არჩევნებისთვის".
საკოორდინაციო საბჭოს პირველივე სხდომაზე დღის წესრიგში დადგა საპარლამენტო არჩევნებამდე საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის საკითხი. როგორც ცნობილია, პარტიათა უმრავლესობა კატეგორიულად მოითხოვს საარჩევნო კოდექსის რადიკალურ გადახალისებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, არჩევნების გაყალბების შესაძლებლობებს მინიმუმამდე დაიყვანს. ამ შემთხვევაში, პარტიათა აზრით, პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების პრინციპზე შეთანხმებას. ჯერჯერობით ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის რამდენიმე ვარიანტი ოფიციალურად მხოლოდ მოქალაქეთა კავშირმა წარმოადგინა. ეს ვარიანტები ოპოზიციისთვის მიუღებელია, რადგან ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ დაკომპლექტებას ითვალისწინებს.
საარჩევნო თემატიკაში აქტიურადაა ჩართული სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძეც, რომელმაც გასულ კვირას საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთნ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცდება შექმნას პირობები 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების ღიად და დემოკრატიულად ჩატარებისათვის. ექსპერტთა განმარტებით, ამ პირობის შესრულებას ყველაზე დიდ პრობლემას უქმნის ისევ და ისევ მოუწესრიგებელი საარჩევნო სიები, რომელთა ხელახლა შედგენა საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ყოველ შემთხვევაში, უკვე შეიქმნა ჯგუფი, - შინაგან საქმეთა მინისტრის კობა ნარჩემაშვილის ხელმძღვანელობით, - რომელმაც საარჩევნო სიების რთული პრობლემის მოგვარებაზე უნდა იზრუნოს.
არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანება "დემოკრატიული კოალიცია" არჩევნებთან დაკავშირებით კიდევ ერთ საფრთხეზე საუბრობს: იგი არ გამორიცხავს, რომ არჩევნების მუდმივი გაყალბებით იმედგაცრუებული ამომრჩეველი საერთოდ არ მივიდეს საარჩევნო უბნებზე. შესაბამისად, არასამთავრობო სექტორს ზედმეტად არ მიაჩნია ფართო წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება ამომრჩევლის დასარწმუნებლად, რომ საქართველოშიც შესაძლებელია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა.
ახლად დაფუძნებული ზეპარტიული მოძრაობის "სამოქალაქო ინიციატივა თავისუფალი არჩევნებისთვის" ლიდერების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი დარწმუნდებიან, რომ ხელისუფლება უარს ამბობს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაზე, მათ, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამართვის გარდა, სხვა გზა აღარ დარჩებათ.
XS
SM
MD
LG