Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად რეალურია საქართველოში ხელისუფლების "გადაბარების" რუსული სცენარის გამეორება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი პრეზიდენტის დავალების შესაბამისად, 6 თებერვალს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო ე.წ. სახელმწიფო შეთქმულების საქმის გამოძიება. ორი კვირის ვადაში გენერალურმა პროკურატურამ უნდა დაადგინოს,

რამდენად შეესაბამება სინამდვილეს პოლიტიკოსთა ერთი ჯგუფის განცხადებები მაღალი თანამდებობის პირების მიერ პრეზიდენტის ხელისუფლებიდან ჩამოშორების გეგმის შედგენის შესახებ. ამ განცხადებების თანახმად, მზადდებოდა შევარდნაძის გადაყენების ე.წ. რუსული ვარიანტი. რამდენად შესაძლებელია საქართველოში რუსული ვარიანტის გამეორება?

თავდაპირველად, რამდენიმე სიტყვით ე.წ. რუსულ ვარიანტზე: როგორც გახსოვთ, 1999 წლის 31 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა მსოფლიოს სიურპრიზი მოუწყო, როცა თავის საახალწლო მილოცვაში განაცხადა, რომ ტოვებს პრეზიდენტის თანამდებობას. რუსეთის კონსტიტუციის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებამდე მის მოვალეობას რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი ასრულებდა - იგი პრემიერის თანამდებობაზე 1999 წლის აგვისტოში დაინიშნა. 2000 წლის 26 მარტის არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატმა ვლადიმირ პუტინმა ხმების, დაახლოებით, 53 პროცენტით გაიმარჯვა.

რამდენად შესაძლებელია საქართველოში იმავე სცენარის გამეორება? დავიწყოთ სამართლებრივი საკითხით. რუსეთის კონსტიტუციისგან განსხვავებით, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტი ვერ ახორციელებს თავის უფლებამოსილებას ან უფლებამოსილება მას ვადამდე შეუწყდა, პრეზიდენტის მოვალეობას პარლამენტის თავმჯდომარე ასრულებს. არჩევნები პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის დროიდან 45 დღის განმავლობაში უნდა გაიმართოს და მის ჩატარებას პარლამენტი უზრუნველყოფს. ანუ, თუ პრეზიდენტი შევარდნაძე უფლებამოსილებას მოიხსნის, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება პარლამენტის თვმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს მოუწევს.

შესაბამისად, ცოტა გაუგებრად გამოიყურება "შეთქმულების გეგმის" გამომმჟღავნებელთა მტკიცება, რომ შევარდნაძის ხავერდოვანი გადადგომის შემდეგ, თუნდაც დროებით, ხელისუფლების სადავეებს ხელში სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე აიღებს. - კონსტიტუციით, ასეთი რამ დაუშვებელია.

საინტერესოა ისიც, რომ შეთქმულების შემადგენლობისა და გეგმების თაობაზე განსხვავებული მოსაზრებები ვრცელდება. მაგალითად, 5 თებერვალს გავრცელებული თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, შეთქმულებაში მონაწილეობენ: შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი, სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი სულხან პაპაშვილი და კონტროლის პალატის თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი. არ მონაწილეობენ თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე და უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია. ამავე დროს, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს: "თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ამაში მონაწილეობას ვერ გაბედავდა ვერც ჯორბენაძე, რადგან ის ძალიან არის დამოკიდებული შევარდნაძეზე."
მეორე ვერსიით, შეთქმულების ბირთვი სწორედ სახელმწიფო მინისტრი გახლავთ და შევარდნაძის გადაყენების გეგმაზე ყველა ძალოვანი მინისტრი მუშაობს, დავით თევზაძის გარდა. ამ ვერსიით, ჩაფიქრებული იყო პარლამენტში ნინო ბურჯანაძის ვიტალი ხაზარაძით ჩანაცვლება, რაც შემდგომ შეთქმულთა გეგმის შესრულებას ხელს აღარ შეუშლიდა.

გენერალურ პროკურატურას მოუწევს არა მხოლოდ შეთქმულების ფაქტის დადასტურება ან უარყოფა, არამედ უარყოფის შემთხვევაში მათი დაკითხვაც, ვინც თავისი განცხადებებით ადასტურებდა შეთქმულების არსებობას. თუ დადგინდა, რომ არავითარი შეთქმულება ბუნებაში არ არსებობდა, დასაკითხთა სია საკმაოდ სოლიდური იქნება: მიხეილ სააკაშვილის გარდა, ჩამონათვალში უსათუოდ მოხვდებიან: პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია, ახლების ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე და ა.შ.
XS
SM
MD
LG