Accessibility links

logo-print

კოდორის ექსპერიმენტი ქართველებისა და აფხაზებისთვის


12 თებერვალს იწურება ორკვირიანი ვადა, რომელიც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებმა კიევში შეხვედრის დროს განსაზღვრეს რუსი მშვიდობის დამცველების სტატუსის საბოლოოდ გასარკვევად.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მხრიდან სამშვიდობო პროცესის გააქტიურებას ქართველ პოლიტიკოსთა უმრავლესობა ეჭვის თვალით უყურებს, თბილისი შეეცდება, გარკვეული პირობებით, შეინარჩუნოს "ცისფერ მუზარადიანთა" კონტინგენტი კონფლიქტის ზონაში. თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ ქართველებს და აფხაზებს, შესაძლოა, შუამავლის გარეშე, ერთმანეთის პირისპირ მაინც მოუხდეთ დარჩენა. მოვლენათა ასეთ განვითარებას რეალურს უწოდებს კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული ემზარ კვიციანი, რომელსაც აფხაზებთან პირდაპირი ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის არაფორმალურ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტის არგუმენტებმა საქართველოს ხელისუფლება სახტად დატოვა. აღმოჩნდა, რომ სანამ რუსეთის შესაბამისი უწყებები რუსეთის მოქალაქეობაზე აფხაზეთის მოსახლეობის განცხადებებს აგროვებდნენ, მანამდე, დაახლოებით, 600 ათას ქართველს უკვე მიუღია რუსეთის პასპორტები. რაც შეეხება სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენას, აქ პუტინმა კი მოიბოდიშა, ეს საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად არ უნდა მომხდარიყოო, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ეს იყო იძულებითი ანტიკორუფციული ზომა, რათა აღკვეთილიყო კონტრაბანდული საქონლის მოძრაობა.

სხვათა შორის, დღემდე გაურკვეველია, რატომ არ თანხმდება საქართველოს ხელისუფლება ზუგდიდის გავლით აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას, რაც ასევე შეუწყობდა ხელს ეკონომიკური კავშირურთიერთოებების გაღრმავებას რუსეთსა და საქართველოს, რუსეთსა და სომხეთს და სოხუმსა და თბილისს შორის? თუკი შესაძლებელია თანამშრომლობა ენგურჰესზე, თუკი საქართველო იხდის სოხუმის მიერ დახარჯული საერთაშორისო ზარების მომსახურების საფასურს, თუკი სარკინიგზო მიმოსვლა და მიმზიდველი ეკონომიკური პროგრამების განხორციელება შესაძლებელია ცხინვალის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან, მაშინ რატომ არის იგივე მიუღებელი სოხუმთან მიმართებაში? აი, როგორ უპასუხებს ამ შეკითხვას საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი მერაბ ადეიშვილი და, შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებაც:

[მერაბ ადეიშვილის ხმა] "რკინიგზა, რკინიგზა... მანქანა მაინც ერთეული შემთხვევაა, ამასთან დაკავშირებული. მეტნაკლებად მაინც, შეიძლება, უცებ ფიქსირებული იყოს, ან ვერ იყოს ფიქსირებული. რკინიგზა გაცილებით უფრო სახელმწიფოებრივი, ასე ვთქვათ, ღონისძიებაა და იგი დაკავშირებული და ასოცირებული არის გზათა მიმოსვლის სამინისტროსთან და, შესაბამისად, სახელმწიფოებრივი უწყებების პოლიტიკასთან."[სტილი დაცულია]

ძნელი სათქმელია, რამდენად შესაძლებელია ბოლომდე ჩავწვდეთ მინისტრ ადეიშვილის აზრთა მსვლელობას, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლებას სულ უფრო უჭირს საკუთარი პოზიციის დაცვა ამ საკითხთან დაკავშირებით. მით უფრო, რომ აფხაზეთის მიმართულებით რკინიგზის აღდგენაზე უარის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ბლოკავს პირდაპირ კონტაქტებს აფხაზებთან, რომლებიც კიდევ უფრო მჭიდროდ დამოკიდებულნი ხდებიან მოსკოვზე. ამგვარი მიდგომა გააპროტესტა კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულმა ემზარ კვიციანმა, რომელიც, რუსების მონაწილეობის გარეშე, ერთი თვეა მართავს მოლაპარაკებებს აფხაზურ მხარესთან. საქართველოს პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში ემზარ კვიციანმა განაცხადა, რომ მოლაპარაკების საგანს კოდორის ხეობაში ერთობლივი ქართულ-აფხაზური პოსტის შექმნა წარმოადგენს და იგი რუსების მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს. "ჩვენ ეს კოზირი უნდა გამოვიყენოთ. პირველ რიგში, შევწყვიტოთ აფხაზეთის ძალით დაბრუნების შესახებ საუბარი და ყველა ხერხს მივმართოთ, აფხაზების ბოლომდე დასარწმუნებლად, რომ ჩვენ მათი მტრები კი არა, მოყვრები ვართ".

მაგრამ, თუ რამდენად გაამართლებს კოდორის ექსპერიმენტი და იქცევა თუ არა იგი ათვლის წერტილად ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში, ამას მომავალი გვიჩვენებს.
XS
SM
MD
LG