Accessibility links

logo-print

საქართველოში საარსებო მინიმუმი გაიზარდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გასული წლის შედეგები შეაჯამა, რის მიხედვითაც, საქართველოში გასული წლის ბოლოს დაფიქსირებული საარსებო მინიმუმი გაიზარდა, ანუ ცხოვრება გაძვირდა,

მოსახლეობის საშუალო შემოსავალი კი არ გაზრდილა. დღეისათვის საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი ერთი საშუალო ოჯახისათვის 222 ლარს შეადგენს, შესაბამისად, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მოსახლეობის ნახევარზე მეტი ამ საარსებო მინიმუმის მიღმა რჩება.

გასული წლის ბოლოს სტატისტიკოსების მიერ დაფიქსირებული საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი საქართველოში გაიზარდა. 2002 წლის დეკემბერში ქალაქებისა და რაიონების გასაშუალებული ფასების მიხედვით გაანგარიშებულმა საარსებო მინიმუმმა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისათვის 128 ლარი შეადგინა. საშუალო მომხმარებლისათვის ეს მაჩვენებელი 112 ლარი, ხოლო საშუალო ოჯახისათვის 222 ლარია. ამ შემთხვევაში, საშუალო ოჯახში იგულისხმება 4 სულისაგან შემდგარი ოჯახი.

თავად საარსებო მინიმუმის გამოთვლა კი ხდება ერთგვარი სამომხმარებლო კალათის მიხედვით, რომელშიც შედის ადამიანისათვის საარსებოდ აუცილებელი საკვები პროდუქტების, ტრანსპორტის, სამკურნალო და ჰიგიენური საშუალებებისა და პირველადი დანიშნულების ნივთების საშუალო ღირებულება.

ამ მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 55 პროცენტი სიღარიბის ზღვარს მიღმა რჩება. თუ ოფიციალურ სტატისტიკას ვერწმუნებით, მოსახლეობის ნახევარზე მეტი, ელემენტარულად, შიმშილით უნდა იხოცებოდეს. მაგრამ ამ შემთხვევაშიც, ჩრდილოვანი ეკონომიკის ხარჯზე, მეტ-ნაკლებად ხერხდება შემოსავლების დაბალანსება. ამასთან, უმუშევრობასთან ერთად, ადგილი აქვს ფარულ დასაქმებასაც, რაც ასევე არალეგალურ სექტორზე მოდის.

2001 წელთან შედარებით, შარშან გაიზარდა ოფიციალურად დარეგისტრირებული უმუშევრების რიცხვი. დასაქმების სახელმწიფო სამსახურში ამჟამად 39 ათასი ადამიანია აღრიცხვაზე, თუმცა ეს სტატისტიკური მონაცემი, ბუნებრივია, სრულად ვერ ასახავს უმუშევართა რეალურ რაოდენობას.

სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, შარშან წლის ბოლოს დაფიქსირებული საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი 2002 წლის ნოემბრის მაჩვენებელს 4,6 პროცენტით სჭარბობს, ხოლო 2001 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 8,4 პროცენტით აღემატება. ანუ 2002 წელს ცხოვრება გაძვირდა.

საქართველოს სხვა ქალაქებთან შედარებით, დედაქალაქში ცხოვრება გაცილებით ძვირია. შესაბამისად, საარსებო მინიმუმის თბილის მაჩვენებელი საშუალო ეროვნულზე 4,1 პროცენტით მეტია.

ასევე ოფიციალური სტატისტიკით, ნორმატიულმა მინიმალურმა ხელფასმა, ანუ ანაზღაურებამ, რომელიც, ბოლო პერიოდში არსებული სტრუქტურით, ყველა სხვა შემოსავლებთან ერთად, უზრუნველყოფდა საარსებო მინიმუმის დონეზე ოთხსულიანი ოჯახის ბიუჯეტის არადეფიციტურობას, ასეთი ოჯახის ერთი დასაქმებულისათვის გასული წლის დეკემბერში 50 ლარი შეადგინა.

ხოლო თავად ოფიციალური მინიმალური ხელფასი, ანუ 20 ლარი, ნორმატიული მინიმალური ხელფასის 39,3 პროცენტია.
XS
SM
MD
LG