Accessibility links

logo-print

ელექტროენერგიის ტარიფის შემცირების პროექტის განხილვა


საკონსტიტუციო სასამართლომ, 2002 წლის 30 დეკემბრის დადგენილებით, ნაწილობრივ დააკმაყოფილა ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის სარჩელი და ელექტროენერგიის მოქმედი ტარიფი გააუქმა.

ამ გადაწყვეტილებით შექმნილი გაუგებრობის გამოსწორებას 6 თებერვალს საქართველოს ენერგეტიკის ეროვნული მარეგულირებელი კომისია შეეცადა. კომისიამ ელექტროენერგიის ტარიფის შემცირების პროექტის საჯარო განხილვა მოაწყო.

[ხმაური და აქციის მონაწილეთა ხმა] „... მთელი საქართველო უნდა გამოვიდეს და აღიმაღლოს ხმა ამ უმსგავსობის წინააღმდეგ. ასე არ შეიძლება. კი, ბატონო, თუ 6-მდე დაიყვანენ, კიდევ რაღაცას გავიჭირვებთ და რაღაცას გადავიხდით..."

ასეთი ხმაური ისმოდა იმ შენობის წინ, რომლის დარბაზშიც საქართველოს ენერგეტიკის ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ღია, საჯარო, სხდომა მიმდინარეობდა. ლეიბორისტული პარტიის 800-მდე აქტივისტი შენობაში შესვლას ითხოვდა და, მცირერიცხოვანი დაცვის მედგარი წინააღმდეგობის მიუხედავად, ეს მაინც მოახერხა, თუმცა მათგან მხოლოდ მცირე ნაწილმა თუ შეძლო სახელდახელოდ შევსებულ დარბაზში შეღწევა. იქ კი ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ელიზბარ ერისთავი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უსაფუძვლობას ასაბუთებდა და მისი მოთხოვნების მიმართ ასევე უსაფუძვლო პასუხებს იძლეოდა. კერძოდ, ელექტროენერგიის ტარიფის შემცირების პროექტი მარეგულირებელმა კომისიამ ასე მოამზადა:

[ელიზბარ ერისთავის ხმა] „შემცირება მოხდა ეკონომიკური გაანგარიშების გარეშე, პირდაპირ შემცირდა ტარიფი: წარმოებისათვის - 20 პროცენტით, განაწილება - გადაცემისათვის - 10 პროცენტით. უბრალოდ, ავიღეთ და დავაკელით პროცენტებით. მე მგონი, საკმარისია ეს 10 პროცენტი."

ანუ დენის ტარიფში ელექტროგენერაციის მცირე წილი, დაახლოებით, 2 თეთრი 20 პროცენტით შემცირდება, ხოლო ეი-ი-ეს თელასის გაცილებით დიდი განაკვეთი, თითქმის 8 თეთრი, მხოლოდ 10 პროცენტით მოიკლებს. ეს კი დენის საფასურის 10,15 თეთრამდე შემცირებას გამოიწვევს, ხოლო, დამატებული ღირებულების გადასახადთან ერთად, ტარიფის საერთო მოცულობა 12,3 თეთრის ფარგლებში იქნება.

განხილვაში მონაწილე ენერგეტიკოსები შეეცადნენ დაესაბუთებინათ, რომ ელექტროგენერაციის ტარიფის კომპონენტების დაუსაბუთებელი შემცირება კარგს არაფერს მოიტანს. კერძოდ, მირონ ფირცხელანის თქმით:

[მირონ ფირცხელანის ხმა] „ასე თუ გაგრძელდა, საქართველოში საკუთარი ენერგეტიკა არ იარსებებს. თუ გვინდა საქართველოში განვითარდეს ენერგეტიკა, ის ტარიფი, რაც არის წარმოების ტარიფი, - ეს არის გენერაცია- გადაცემა -დისპეტჩერიზაცია, - მთლიანობაში, არათუ უნდა შემცირდეს, არამედ იმ კომპანიებმა.... [ტაში]" [სტილი საცულია]

ალბათ, მიხვდით, რომ სიტყვის გაწყვეტა და ტაში ელექტროენერგიის გათიშვის შედეგია. დარბაზში, სადაც, მარეგულირებელი კომისიის წევრებთან ერთად, ეი-ი-ეს თელასის მენეჯერებიც იმყოფებოდნენ, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ მოხერხდა. სიბნელემ კი იქ შეკრებილი საზოგადოებისა და ლეიბორისტული პარტიის აქტივისტების დაშლას შეუწყო ხელი.

ტარიფის შემცირების განხილვის ჩაშლის მიუხედავად, მარეგულირებელი კომისია გაუანგარიშებელ ტარიფს რეგისტრაციაში გასატარებლად იუსტიციის სამინისტროს 7 თებერვალს მაინც წარუდგენს. რაც შეეხება ეი-ი-ეს თელასს, ის მხოლოდ ტარიფის დამტკიცების შემდეგ აპირებს პოზიციის ჩამოყალიბებას და შესაბამის რეაგირებას, რომელშიც საარბიტრაჟო სასამართლოში ჩივილიც იგულისხმება.
XS
SM
MD
LG