Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო ორგანიზაციების მორიგი პროტესტი


დავით პაიჭაძე, თბილისი სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი საქართველოში ყოველთვის ეხმაურება პოლიტიკური პროცესების ნეგატიურ ტენდენციებს. დაკვირვებული თვალი შეამჩნევს, რომ ასეთ რეაქციას პოლიტიკური კლასი,

წესისამებრ, უყრუებს და უპასუხოდ ტოვებს. როგორ აღიქვამს საზოგადოება თავისი, მოქალაქეობრივად აქტიური, ნაწილის პათოსს - ჯერჯერობით უცნობია. ბოლო დროის მოვლენებს - ახალი მემარჯვენეების დარბევას, პარლამენტის წინ მომიტინგეების ძალით აყრას, მკალავიშვილის გამოხტომებს, ჟურნალისტის ცემას, არადემოკრატიულ საკანონმდებლო ინიციატივებს - მესამე სექტორის წარმომადგენლები ხუთშაბათს, 6 თებერვალს, გამორჩეულად მძაფრად გამოეხმაურნენ. არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება "საქართველოს კოალიცია დემოკრატიისათვის" მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასთან პოზიტიური თანამშრომლობის რესურსი ამოწურულია.

"კმარა" - ასე უწოდეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ახალ მოძრაობას, რომლის წამოწყება თუ დაფუძნებაც ამცნეს საზოგადოებას 6 თებერვალს. ერთ-ერთმა ინიციატორმა, იურისტმა თინა ხიდაშელმა აღნიშნა [ხიდაშელის ხმა]: "სამწუხაროდ, ყოველგვარ აზრს კარგავს დიალოგი ხელისუფლებასთან, აზრს კარგავს ყველა პოზიტიური მცდელობა, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით ჰქონდათ არასამთავრობო ორგანიზაციებს. დღეს სწორედ ის მომენტია, როცა მოძრაობა სწორედ ამ სახელით უნდა შეიქმნას, რადგან "კმარა" ყველაზე ადკვატურად გამოხატავს რეაქციას მოვლენებსა თუ პროცესებზე ამ ქვეყანაში".

ჩვენ ვაპირებთ უფრო აქტიურები ვიყოთ და მეტი დისკომფორტი შევუქმნათ ხელისუფლებას თავისი ძალადობრივი ქმედებების განხორციელებისას, დასძინა თინა ხიდაშელმა. არ ვაპირებთ, დავანებოთ შემდეგი არჩევნების გაყალბება, რადგან ასეთ შემთხვევაში ადამიანები, უბრალოდ, აღარ მივლენ არჩევნებზე. ჩვენ შევეცდებით, რომ ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად მობილიზებულები შეხვდნენ არჩევნებს, რაც შეიძლება აიმაღლონ საარჩევნო კულტურა საშემოდგომო არჩევნებისათვის, რათა არ მისცენ ხელისუფლებას ნება, ძველი მეთოდებით იმოქმედოს. ხელისუფლებასთან ჩვენი თანამშრომლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ დავინახავთ ძალადობის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ გადადგმულ რეალურ ნაბიჯებს და კონკრეტულ სვლებს, რომლებიც შეცვლიან აბსურდულ საარჩევნო ვითარებას, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

უფლებადამცავმა გიგა ბოკერიამ განავრცო თინა ხიდაშელის აზრი და თქვა, რომ ყველაფერს იღონებენ, რათა ხელისუფლებამ მოსახლეობას აჯანყებისკენ არ უბიძგოს. როცა დემოკრატიული ცვლილებების ყველა გზა იჭრება, ადამიანებს რჩებათ წმიდათაწმიდა უფლება, ძალით დაამხონ ტირანია [ბოკერიას ხმა]: "ეს იქნება ტრაგედია ამ ქვეყნისთვის და მთელი პასუხისმგებლობა ტრაგედიის გამო (თუ ის მოხდა) დაეკისრება ხალხს, რომელიც ძალადობის ესკალაციას ახდენს. ვიღაცას შეიძლება ეგონოს, რომ ჩვენ გვაქვს ილუზია რეჟიმის იძულებისა დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. შეგახსენებთ, ამაზე უარესი რეჟიმების იძულება მოხერხდა (არცთუ შორეულ ქვეყნებში), დემოკრატიული გზით, ყოველ შემთხვევაში, სისხლისღვრის გარეშე, დაეტოვებინათ ხელისუფლება. ჩვენი კოალიცია მოუწოდებს ხალხს, იყვნენ აქტიურები, მოახდინონ ორგანიზება და - განსაკუთრებით, თბილისის გარეთ - მოვიდნენ არჩევნებზე, დააკვირდნენ არჩევნებს, გამოხატონ პროტესტი (თუ საჭიროა, რადიკალური) და აიძულონ ბიუროკრატია, დატოვოს ხელისუფლება, რომელიც მას არ ეკუთვნის".

ფიზიკური ძალადობის მაგალითების გარდა, რომლებიც კარგად არის ცნობილი საზოგადოებისათვის, სამართლებრივი განათლების ასოციაციის დირექტორმა გიგი უგულავამ სამართლებრივ ძალადობაზეც ილაპარაკა. ამის ნიმუშად გიგი უგულავას მიაჩნია ცოტა ხნის წინ პარლამენტის ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის მიერ მოწონებული კანონპროექტი, რომელიც პარტიის ხელმძღვანელებს უფლებას ანიჭებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან გამოიწვიონ თავიანთთვის არასასურველი, მაგრამ ხალხის მიერ არჩეული დეპუტატები [უგულავას ხმა]: "თუ ანალოგიური ცვლილება საპარლამენტო დონეზე განხორციელდა, პარლამენტი, ისევე როგორც საკრებულო, ამ ინიციატივის შედეგად, გადაიქცევა იმ ორი-სამი ადამიანის ორგანოდ, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას და ყველამ მხარი უნდა დაუჭიროს, თორემ დამსჯელი მექანიზმი ამუშავდება. თქვენთვის ცნობილია, რომ პოლიტიკური სპექტრი დიდი ინტელექტითა და სახელმწიფოებრივი აზროვნებით არ გამოირჩევა. ამის შემდეგ პოლიტიკური სპექტრი, საერთოდ, ბალასტად გადაიქცევა, რადგან არავითარი აზრი არ ექნება იქ ნორმალური ადამიანის ყოლას. ერთადერთი კრიტერიუმი იქნება, იყოს ადამიანი მორჩილი, მონა... წარმოდგენილი კანონპროექტი პრაქტიკულად გააუქმებს საქართველოში არჩევითობას და ყოველგვარი არჩევნები აზრს დაკარგავს".

შესაძლოა, გახსოვდეთ, რომ ასეთი კანონპროექტი რუსეთის დუმაშიც შევიდა, მაგრამ იქ ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის წინააღმდეგობამ, ასევე, საკითხის ფართო სამსჯავროზე გამოტანამ, მისი განხილვა გაურკვეველი ვადით გადადო.
XS
SM
MD
LG