Accessibility links

logo-print

ერაყის საკითხი, როგორც ევროპის ერთიანობის ხელისშემშლელი ფაქტორი


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის ოთხშაბათის გამოსვლა გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე არ აღმოჩნდა საკმარისი ერაყში ომის დაწყების მოწინააღმდეგე ქვეყნების აზრის შესაცვლელად.

ამის მიუხედავად, ერაყზე თავდასხმის მხარდამჭერთა რიცხვი, ანუ ბუშის მიერ წოდებული "მოსურნეთა კოალიცია", პოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვნად გაიზარდა. ოთხშაბათსვე აღმოსავლეთი ევროპის ათმა ქვეყანამ, რომლებიც ნატოს კანდიდატი ქვეყნების ე.წ. "ვილნიუსის ჯგუფს" შეადგენენ, შეერთებულ შტატებს ერაყის საკითხში მხარდაჭერა გამოუცხადა.

ნატოს წევრობის კანდიდატი აღმოსავლეთ ევროპის ათი ქვეყნის მიერ მოცემულ კრიტიკულ მომენტში ერაყზე შეიარაღებული თავდასხმის "მოსურნეთა კოალიციასთან" მიერთებით ამ პირობითი ჯგუფის წევრთა ევროპული ნაწილი 18-მდე გაიზარდა.

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოლომონ პასიმ კოლინ პაუელის გამოსვლის შემდეგ უშიშროების საბჭოს, ფაქტობრივად, "ვილნიუსის ჯგუფის" პოზიცია გააცნო, როცა განუცხადა:

[პასის ხმა] "თუ ახლო მომავალში ინსპექტორები არ განუცხადებენ უშიშროების საბჭოს, რომ ერაყმა შეიცვალა პოზიცია გაეროს მიერ წაყენებული ვალდებულებების შესრულების საკითხში, უშიშროების საბჭო ვალდებული იქნება 1990 წლიდან ერაყის შესახებ მიღებული რეზოლუციების შესასრულებლად შესაბამის მოქმედებაზე გადავიდეს."

"ვილნიუსის ჯგუფის" წევრებს უშიშროების საბჭოსგან ერაყის წინააღმდეგ სამხედრო აქციის დაწყებამდე ახალი რეზოლუციის მიღება არ მოუთხოვიათ, როგორც ეს სხვა ქვეყნებმა, იმავე შეერთებული შტატების მოკავშირე ბრიტანეთმა გააკეთა.

ევროპის ორი უძლიერესი სახელმწიფო - გერმანია და საფრანგეთი - უშიშროების საბჭოს 6 თებერვლის სხდომის შემდეგაც ვერ ხედავენ ერაყში ომის დაწყების აუცილებლობას და თვლიან, რომ გაეროს ინსპექტორების საშუალებით იქ კიდევ ბევრის გაკეთება შეიძლება. ეს მაშინ, როცა დასავლეთი ევროპის 8 ქვეყანამ გასულ კვირაში "ვილნიუსის ჯგუფის" მსგავსი სამხედრო აქციის მხარდამჭერი პოზიცია გამოხატა. დღეს კი საგარეო და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ განაცხადა, რომ ევროკავშირი კვლავაც წინააღმდეგია გაეროს გადაწყვეტილების გარეშე ერაყში სამხედრო მოქმედების დაწყებისა.

შეიძლება ითქვას, რომ კოლინ პაუელის გამოსვლას არ შეუცვლია მსოფლიოს ლიდერთა პოზიცია: პირიქით, მან უფრო გაამყარა როგორც მხარდამჭერთა, ისე ოპონენტთა განწყობა. პაუელის გამოსვლის შესახებ სტოკჰოლმის მშვიდობის საერთაშორისო კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენელი ჟან პასკალ ზანდერსი დასძენს:

[ზანდერსის ხმა] "თავის გამოსვლაში კოლინ პაუელი შეეცადა წარმოედგინა ერაყში სამხედრო მოქმედების დაწყების გამამართლებელი არგუმენტი. მაგრამ მის მიერ შემოთავაზებული ინფორმაცია, სურვილის შემთხვევაში, იმის დასამტკიცებლადაც გამოდგება, რომ ერაყში ინსპექტორიების მიერ მუშაობის გაგრძელება აუცილებელია."

ჯერ კიდევ ბუნდოვანია, რა ფორმას მიიღებს ე.წ. "მოსურნეთა კოალიცია". ერაყის საკითხში შეერთებული შტატების მხარდამჭერი 18 ქვეყნიდან უმეტესობას მოუწევს, პრაქტიკული მხარდაჭერა აღმოუჩინოს შტატებს ერაყთან ომის წარმოებაში. თუმცა, ექსპერტების აზრით, ბუშის ადმინისტრაციისთვის უფრო მნიშვნელოვანი ამ ქვეყნების სოლიდარობის პოლიტიკური მხარეა.

რაც შეეხება ერაყის საკითხში ევროპული სოლიდარობის სხვა ასპექტს - ევროპის ერთიანობას: ევროპის დაყოფა "ძველად" და "ახლად" უსაფუძვლოდ მიაჩნია ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის - საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გეორგ პაპანდრეუს. მისი განცხადებით, ევროკავშირის როგორც წევრ, ისე კანდიდატ ქვეყნებს ერთიანი პოზიცია აქვთ. რაც, ამერიკელ მიმოხილველთა აზრით, არც ისეთი აქტიური ერთიანობაა, რომ ბუშის მიერ "მოსურნეთა კოალიციად" წოდებულ ჯგუფში მათი გაერთიანებით გამოიხატოს.
XS
SM
MD
LG