Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციები ძალადობის წინააღმდეგ


ნაციონალურ-დემოკრატიული ინსტიტუტის ინიციატივით, 6 თებერვალს თბილისში არასამთავრობო ორგანიზაციათა კიდევ ერთი საკოორდინაციო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფში, ქალთა პრობლემებით

დაკავებული არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ქალებიც შედიან. პოლიტიკა, ძალადობის გარეშე! - ასეთია მოწოდება, რომელიც ამ ჯგუფის შეკავშირების საბაბი და პირველი დისკუსიის თემა გახდა. ამ დისკუსიაზევე გამოიკვეთა ჯგუფის საქმიანობის პირველი პრიორიტეტი: საარჩევნო კოდექსი და არადემოკრატიული საარჩევნო კანონის დამტკიცების საფრთხე, რომელიც საზოგადოებამ თავიდან უნდა აიცილოს პოლიტიკოსებთან უკომპრომისო ჭიდილით. რა ფუნქცია ეკისრებათ ამ ჭიდილში ქართველ ქალებს?

[ლიკა ნადარაიას ხმა]"არის სრული პოლიტსტაგნაცია: ერთი და იგივე ფიგურები ხან მარჯვნივ გადმოდიან, ხან მარცხნივ და ერთმანეთში იხარშებიან. ანუ სიტუაცია არის მკვდარი. - აი, სწორედ ამ სიტუაციის გაცოცხლება, ალტერნატიული შესაძლებლობების გახსნა, შემოქმედებითი შესაძლებლობების გახსნა ქვეყანაში."
ასე მოიაზრებს ქალის როლს თანამედროვე საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში ფსიქოლოგი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალთა პოლიტიკურ რესურს-ცენტრის" ხელმძღვანელი ლიკა ნადარაია. რაც მთავარია, იგი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ქალები ამისთვის მზად არიან. ეს მათ იმით დაამტკიცეს, რომ წარმატებით დაძლიეს უკანასკნელი 12 წლის საომარი თუ საყოფაცხოვრებო ბატალიები.
ენდიაის მიერ შექმნილი ქალთა საინიციატივო ჯგუფის მიზანიც განსაზღვრულია, მაგრამ საზოგადოებაში დაგროვილ პოზიტიურ ენერგიას, როგორც წესი, სახელმწიფო ჩონოვნიკები ეღობებიან ხოლმე.შედეგად, სტაგნაციის გარდა, სრულ გაურკვევლობასაც ვიმკით. სწორედ ამ ვითარების კარნახით, დისკუსიაზე, რომელიც პოლიტიკაში ძალადობისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე გაიმართა, დეპუტატმა ელენე თევდორაძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ ქალბატონებმა თავიანთი ენერგია ქვეყანაში ფესვგადგმული დაუსჯელობის ტენდენციის დასაძლევად უნდა გამოიყენონ. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, გამოსაძებნია არასამთავრობო სექტორის სახელმწიფოზე ზემოქმედების ახალი ფორმები, რადგან ძველი, როგორც ჩანს, თითქმის ვეღარ მუშაობს. ეს არასამთავრობო ორგანიზაციათა საკოორდინაციო საბჭოსა და სახელმწიფო მინისტრის უკანასკნელი შეხვედრის შედეგმაც ნათელყო. ვგულისხმობთ შეხვედრას საარჩევნო კანონმდებლობის თემაზე. ამ შეხვედრას ესწრებოდა ლიდერი არასამთავრობო ორგანიზაციისა "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის", ნანა კაკაბაძე, რომელიც, ამავე დროს, ახლად შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრიცაა.
[ნანა კაკაბაძის ხმა]"შეჩერებულია ახლა ეს შეხვედრები ამ სტადიაში, როცა შექმნილია ორი ჯგუფი, ერთი პოლიტიკური ჯგუფი და მეორე ტექნიკური ჯგუფი. ფაქტობრივად, ეს პრიორიტეტები ჩვენ განვსაზღვრეთ და საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთ ჯგუფზე, ანუ ტექნიკურ ჯგუფზე, ხელი უნდა მოეწერა ბატონ ავთო ჯორბენაძეს, მეორეზე, პოლიტიკურ ჯგუფზე - პრეზიდენტს. დღემდე არც ერთ და არც მეორე ჯგუფზე ხელი მოწერილი არ არის."[სტილი დაცულია]
საარჩევნო კანონმდებლობაზე მონიტორინგის პროცესში ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების საინიციატივო ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციასთან კოორდინირებას სწორედ ქალბატონ ნანა კაკაბაძისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის თინათინ ხიდაშელის დახმარებით აპირებს. საინიციატივო ჯგუფის მორიგი შეხვედრა თვის ბოლოსთვის დაიგეგმა.
XS
SM
MD
LG