Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ხიფათს წარმოადგენს რუსეთის მასობრივი განადგურების იარაღი მსოფლიოსთვის


გაეროს ინსპექტორები განაგრძობენ ერაყში იმის

დამადასტურებელი ფაქტების ძებნას, რომ ბაღდადს მასობრივი განადგურების იარაღი აქვს. როგორც მათი ხელმძღვანელი ჰანს ბლიქსი ამბობს, ჯერჯერობით ფაქტზე ერაყელებს ვერ წაასწრეს, მაგრამ ამ სახელმწიფოს დასჯა- არდასჯის თაობაზე მძაფრი დავა მიდის. ამავე დროს, არის სახელმწიფო, სადაც დიდი რაოდენობით მასობრივი განადგურების იარაღია, ხშირ შემთხვევაში - ძალიან ცუდად შენახული, რაზედაც მასმედია არ ლაპარაკობს. ეს ქვეყანა რუსეთია. და მისი ეს იარაღი რომ არასაიმედო ხელში მოხვდეს, ბევრად უფრო საშიში იქნება, ვიდრე, რასაც ერაყისგან მოელიან.

ის, რომ ერაყს ფაქტზე ინსპექტორებმა ვერ წაასწრეს, შეიძლება ორ რამეს ნიშნავდეს: ან ერაყს უკვე აღარ მოეპოვება ამგვარი იარაღი, როგორც თავად ამტკიცებს, ან კიდევ, როგორც ამერიკის მთავრობა ფიქრობს, ისე კარგად აქვს დამალული, რომ ინსპექტორებმა საგულდაგულოდ უნდა ეძებონ.

საქმე ის არის, რომ ერაყი დღეს, როგორც ამას არაერთი ექსპერტი ამტკიცებს, ნაკლებად სახიფათოა, ვიდრე რუსეთი თუ სხვა რომელიმე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა. ცივი ომიდან ათ წელზე მეტი გავიდა. რუსეთს დღესაც პირველი ადგილი უჭირავს მსოფლიოში, ქიმიური იარაღის მარაგის მხრივ. ეს არსენალი, მოსკოვის მონაცემებით, 40 ათას ტონას უდრის. ამასთან, ათასი ტონის ოდენობის ბირთვული იარაღია გაფანტული მთელ ქვეყანაში. ყურადღებამისაქცევია ისიც, რომ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მათი ადგილსამყოფელი გაიგოს ინტერნეტის მეშვეობით. შენახული კი ეს იარაღი, როგორც ითქვა, ერთობ ცუდად არის. ეს ფაქტი რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის სერგეი მიტროხინის მიერ იქნა გახმაურებული, როცა ის ბუნების დაცვის ავანგარდის, "გრინპისის" გაერთიანების, ორი წარმომადგენლისა და სამი ტელეოპერატორის თანხლებით, ციმბირში ერთ-ერთ ბირთვული საწვავის გადამმუშავებელ საწარმოს ეწვია.

ვაშინგტონში მუშაობს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ცენტრი, რომელმაც გამოაქვეყნა ანგარიში იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ბრძოლა ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გავრცელების წინააღმდეგ. მასში ლაპარაკია იმ დახმარებაზე, რომელიც უნდა გაეწიოს რუსეთს მასობრივი განადგურების იარაღის შესამცირებლად. ანგარიშის ავტორებს მიაჩნიათ, რომ, ამ მხრივ, ძალიან ცოტა გაკეთდა და კვლავაც უზარმაზარი სამუშაოა ჩასატარებელი იმისათვის, რომ ეს იარაღი არასასურველ ძალას არ ჩაუვარდეს ხელში. ამ გამოკვლევაში ნახავთ რუსეთის ტერიტორიაზე არსებული ცხელი ადგილების სიას. მაშინ, როცა ინსპექტორები ერაყს ქიმიური იარაღის გასატყორცნად გამოსაყენებელი ერთი ცარიელი ქობინის გამო ედავებიან, ყაზახეთის ჩრდილოეთში ერთობ საშიში ნივთიერება, 5400 ტონის ოდენობით, უკვე ათასობით საარტილერიო ჭურვშია მოთავსებული და ტერორისტების სურვილსღა ელის, გატანილი იქნეს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებში და ზემოხსენებული გამოკვლევის თანაგამომცემელმა რობერტ ეინჰორნმა უთხრა ჩვენს რადიოს, რომ ასე, გამზადებულ მდგომარეობაში, რუსეთში უამრავი იარაღია, რომელიც, წესით, სასწრაფოდ უნდა განეიტრალდეს. რუსეთმა ბორის ელცინის პრეზიდენტობის დროს მოაწერა ხელი ქიმიური იარაღის კონვენციას, რომლის თანახმად, 2007 წლისთვის მას იარაღის ეს მარაგი უნდა გაენადგურებინა. მოსკოვს დღემდე ამ სამუშაოს მხოლოდ ერთი პროცენტი აქვს ჩატარებული. შეერთებულ შტატებს, რომელიც, ქიმიური იარაღის მხრივ, რუსეთს ჩამოუვარდება, - მისი მარაგი 31 ათას 400 ტონაა, - უფრო აქტიურად შეუდგა მის განადგურებას და მეოთხედი მოსპო კიდეც. შეერთებულმა შტატებმა 7 მილიარდი დოლარი გაიღო იმისთვის, რომ თავის ყოფილ მტერს, რუსეთს - ასევე, ბელორუსიას, უკრაინას და ყაზახეთს - დახმარებოდა იარაღის განადგურებაში. 11 სექტემბრის თავდასხმების შემდგომ შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთმა, მთლიანად, გადაწყვიტა, რომ მეტი ყურადღება დაუთმოს იარაღის განადგურებისა და საიმედოდ შენახვის საქმეს, განსაკუთრებით რუსეთში. კანადაში შეხვედრისას სამრეწველო თვალსაზრისით მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა 20 მილიარდი დოლარი გამოყვეს ამ საქმისთვის. კვლავ ეინჰორნს მოუსმინეთ:
[ეინჰორნის ხმა] "დიდი რაოდენობის მასალასთან გვაქვს საქმე და მისი განადგურება ძალიან ნელა დაიწყო. სიძნელეს ის ქმნიდა, რომ რუსეთს არ ჰქონდა საკუთარი რესურსები. ახლა ვითარება შეიცვალა: რუსეთმა თავისი სახსრებიც გამოყო ამ საქმისთვის და აშშ და ევროპაც დაეხმარება. ასე რომ, მათ ნელა დაიწყეს, მაგრამ დაიწყეს, და ეს პროცესი ათ წელიწადში უნდა დასრულდეს."
თუ რა საშიშროებას წარმოადგენს რუსეთის ეს იარაღი, დავის საკითხია. დონ ელდრიჯი ავტორია ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის შესახებ ყოველწლიურად გამომავალი ცნობარისა. ელდრიჯის აზრით, რუსეთის მარაგი დიდ საშიშროებას წარმოადგენს. მისივე თქმით, არანაკლები ხიფათი იმალება საბჭოთა ტიპის ბირთვულ რეაქტორებში, რომლებიც არაერთია ყოფილ სოციალისტურ სივრცეში. [ელდრიჯის ხმა]
"ეს რა ხიფათს წარმოადგენს, ჩერნობილმა გვიჩვენა. მაგრამ ქიმური იარაღის და რადიოლოგიური იარაღის შესახებ ცოდნის საზღვარგარეთ გადინება, განსაკუთრებით რუსეთის სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან, დიდი პრობლემაა. საკითხავი ის კი არ არის, ჩაუვარდება თუ არა ის ტერორისტებს, არამედ ის, თუ როდის. ამასთან გამკლავება უნდა შეგვეძლოს".

მომავალ კვირაში უკვე იმ საბჭოთა მეცნიერებზე გვექნება საუბარი, რომლებიც შეიძლება უსახსრობამ აიძულოს, ტერორისტებს შესთავაზონ თავიანთი ცოდნა მასობრივი განადგურების იარაღის წარმოების სფეროში.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG